„სხვენი“ – ოაზისი სტუდენტთა თეატრალურ ცხოვრებაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს, გარდა აკადემიური საქმიანობისა, საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და განვითარდნენ სხვადასხვა სფეროში. მაგალითისთვის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ბაზაზე არსებობს საფეხბურთო, საკალათბურთო და სარაგბო კლუბები, ფუნქციონირებს სტუდენტთა კაპელა, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი და სტუდენტური თეატრი „სხვენი“ , რომელსაც მალე არსებობის 100 წელი შეუსრულდება.
„სხვენის“ ისტორია მას შემდეგ იწყება, რაც 1928 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი დრამატული წრე გიორგი ლომაიას თაოსნობით ჩამოყალიბდა. ერთ დროს მოუწესრიგებელი სცენა და მწირი რესურსები ხელშემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდა იმდროინდელი თაობისთვის. დღეს კი „სხვენი“ არაერთი კონკურსის გამარჯვებულია საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს წელიწადში ორჯერ ეძლევა შანსი – კონკურსის საფუძველზე გახდეს დასის წევრი. „სხვენის“ რეჟისორი გოგი გომურაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კანდიდატებს ძირითადად ორ საკითხში: პლასტიკასა და მეტყველებაში ამოწმებენ და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.
„ხშირად წელიწადში ორჯერაც ცხადდება კონკურსი და უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა – მიიღოს მონაწილეობა. ძირითადად, რასაც ვაქცევთ ყურადღებას, არის მეტყველება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ჩემთან მოსულ სტუდენტთა დიდ ნაწილს გამართულად მეტყველება უჭირს, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ ეს მონდომება დავუფასოთ“, – ამბობს რეჟისორი.
უნივერსიტეტში არსებული თეატრი „სხვენი“ პროფესიონალი არტისტებისგან არ არის დაკომპლექტებული. ამჟამინდელი დასი ძირითადად შედგება მაღალკურსელი სტუდენტებისგან, რომლებიც თეატრის სიყვარულმა გააერთიანა. რეჟისორის თქმით, კონკურსებში მიღწეული შედეგები და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მოწმობს იმას, რომ „სხვენი“ პროფესიონალურ დასებს არაფრით ჩამოუვარდება.
„მოგეხსნებათ, ეს არ არის თეატრალური უნივერსიტეტი, მაგრამ არის მათთვის, ვისაც თეატრი უყვარს, ვინც შემოქმედებითად ცხოვრობს. ჩვენთან ბევრია ისეთი, ვინც თეატრალურში ვერ ჩააბარა სხვადასხვა მიზეზის გამო. ბევრიც წასულა ჩვენგან დიდ სცენაზე. თამამად ვიტყვი, რომ სტუდენტების მონდომება და საშემსრულებლო ხარისხი, ჩვენი რესურსების ფონზე, ძალზე მაღალია“, – ამბობს გოგი გომურაშვილი.
„სხვენის“ სივრცე საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ სტუდენტმა საკუთარი თავი განსხვავებულ ამპლუაში აღმოაჩინოს. კითხვაზე, თუ რა შესაძლებლობებს აძლევს „სხვენი“ სტუდენტებს, გოგი გომურაშვილი ასე გვპასუხობს:
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ოაზისი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ, რომ განსხვავებული შესაძლებლობები გამოავლინონ. საწყის ეტაპზე ახალგაზრდებს უჭირთ გახსნა, თამაში, პლასტიკა, თუმცა ჩვენ თითოეულ მათგანს ვეხმარებით განვითარებაში. ბევრ სტუდენტს სწორედ აქ აღმოუჩენია, რომ ცეკვავს, მღერის, უკრავს ფანტასტიკურად, თუმცა მანამდე არ უფიქრია ამ კუთხით განვითარებაზე.“
ამის ნათელი მაგალითია დასის ახალი წევრი, ლუკა ოსეფაშვილი, რომელმაც მალევე შეძლო სპექტაკლში ერთ-ერთი როლის მორგება. „ადგილი, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ“, – ასე ფიქრობს „სხვენზე“ ლუკა, რომელიც დასს, მეგობრის რეკომენდაციით, ორი თვის წინ შეუერთდა. როგორც იგი ამბობს, „სხვენის“ ოჯახური გარემო შესაძლებლობას აძლევს სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, იპოვოს და აღმოფხვრას შეცდომები და ამ კუთხით განვითარდეს:
„სხვენი“ არის ჩემი მეორე სახლი, სადაც შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ. ეს ადგილი მაძლევს საშუალებას ვცადო ბედი თეატრალურ ცხოვრებაში და განვვითარდე. გარდა ამისა, ვფიქრობ, აქ შეგიძლია მიხვდე, ვინ ხარ და რისკენ მიიწევ ცხოვრებაში“, – გვითხრა ლუკამ.
რაც შეეხება შემოქმედებას, 2020-2021 წლები, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, შედარებით პასიური იყო დასისთვის. პანდემიის ორი წლის განმავლობაში თეატრს ახალი წევრები არ მიუღია. კოვიდრეგულაციების დაცვით იშვიათად იმართებოდა რეპეტიციები. აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად, დასმა შეძლო და მაყურებელს ონლაინ თეატრი წარუდგინა სპექტაკლით – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. პოსტპანდემიურ პერიოდსა და დასის საქმიანობაზე რეჟისორმა ჩვენთან ისაუბრა:
„პანდემიამ , რა თქმა უნდა, გარკვეული ზეგავლენა ჩვენზეც იქონია, თუმცა აქტიური შეკრებებითა და რეპეტიციებით მოვახერხეთ ჩვეულ ფორმას დავბრუნებოდით. განვაახლეთ წევრების მიღება, დავდგით ახალი სპექტაკლი და რამდენიმე თეატრალურ კონკურსშიც მივიღეთ მონაწილეობა. გაგვიჭირდა, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ აქტიური თეატრალური ცხოვრება გაგვეჩაღებინა“.
პოსტპანდემიური პერიოდი საკმაოდ წარმატებული და სპექტაკლებით დახუნძლული აღმოჩნდა „სხვენისთვის“ 2022 წლის გაზაფხულს, დასმა მაყურებელს სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ წარუდგინა. ასევე საინტერესო აღმოჩნდა ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 24-25 ნოემბერს დაიდგა „ვთამაშობთ სამანიშვილს“, რომელმაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა. სწორედ აღნიშნული სპექტაკლით წარსდგა „სხვენი“ თეატრალურ კონკურსში „ნიღაბი“, სადაც დასის მსახიობებმა რამდენიმე ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.
ლევან შალამბერიძე სწორედ ის ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც დაახლოებით მეხუთე წელია უკვე, რაც დასის რიგებში ირიცხება. მისი მოღვაწეობა „სხვენში“ პირველ კურსზე ქასთინგის წარმატებით გავლით დაიწყოდა და დღეს უკვე რამდენიმე მთავარ როლს ითვლის. „სხვენს“, როგორც საკუთარ ოჯახს, ისე აღიქვამს და ამბობს, რომ დასში გატარებული თითოეული წუთი მასზე პოზიტიურად მოქმედებს.
„როგორი ცუდი დღეც არ უნდა მქონდეს, სხვენში რომ მივდივარ, დადებითი ემოციებით ვივსები“, -ამბობს იგი.
ლევანი საკუთარ გამოცდილებაზე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის თეატრი საკუთარი თავის რეალიზაციაში ძალიან დაეხმარა:
„სხვენს“ და დასს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში. თავდაპირველად ჩაკეტილი და არაკომუნიკაბელური ვიყავი, თეატრმა შედარებით გამიადვილა კომუნიკაცია, უფრო მეტად „გამხსნა“ და მასწავლა ბევრი რამ, რაც საკუთარი თავის განვითარებაში დამეხმარა“, – გვითხრა ლევანმა
„სხვენის“ სამომავლო გეგმები საკმაოდ დიდი და საინტერესოა. როგორც რეჟისორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, 2023 წელს დასი გეგმავს გასვლით ტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, გოგი გომურაშვილმა ჩვენთან საუბარში გაამხილა, რომ აპირებს „ჰამლეტის“ დადგმას:
„დეტალებზე წინასწარ არ მინდა საუბარი, თუმცა მომავალი წელი საკმაოდ დატვირთული იქნება. ვგეგმავთ, რომ დავდგათ „ჰამლეტი“. ჩვენს შემთხვევაში, მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი იქნება ის, რომ მთავარ როლში იქნება ქალი და არა კაცი“.
რეჟისორი უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის როლს გამოყოფს და განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ძალიან დიდია კულტურის დეპარტამენტის დახმარება, თავად სამსახურის უფროსს, ირაკლი ხარჯევანიძეს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ყოველთვის ვგრძნობთ მის თანადგომას.“
წარმატებულ სპექტაკლებთან ერთად იზრდება „სხვენის“ მაყურებელთა და მხარდამჭერთა რიცხვიც. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დასის წევრთა უმრავლესობა სტუდენტია, რომლებიც ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, ენთუზიაზმითა და დიდი მონდომებით ერთვებიან თეატრალურ ცხოვრებაში.
თორნიკე ყრუაშვილი,
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი