თსუ-ს მაგისტრატის კვლევის საგნად ქცეული სვანური ტრადიცია, რომელიც X-XI საუკუნეების  მთავარანგელოზის სახელობის ტაძართანაა დაკავშირებული

თარიღი: 2026-04-13 13:38:21

სვანეთში – ბეჩოს თემში – დღემდე არსებულ კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობის ძეგლს მიეძღვნა ანამარია ფანგანის მოხსენება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის  – ,,თსუ-108” – ფარგლებში (ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი). აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ ამ კუთხის საინტერესო ტრადიციების შესახებ გვეამბა მკითხველისთვის.

ანამარია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ამჟამად სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტია. ახალგაზრდა მკვლევარი გვესაუბრა სვანეთში, სოფელ გულში მდებარე გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაზე, რომელიც  X-XI საუკუნეებით თარიღდება. ბაზილიკური ტიპის ეს ტაძარი ადგილობრივებისთვის გამორჩეული სალოცავია – ის არაერთ სასწაულთან და სნეულთა განკურნების ძალასთან ასოცირდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი სახელწოდებით – ,,გულათახშ“ – აქ სწორედ სააღდგომო დღეებში სრულდება. კერძოდ, როგორც ანამარია გვიყვება, ლოცვა აღდგომის შემდგომ სამშაბათს (მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ნებისმიერ ერთ დღეს) იმართება: „ამ დღეს ადგილობრივებს ტაძარში მიჰყავთ შესაწირი ცხვარი, მიაქვთ „ლემზირები“ (საღვთო პურები), ზედაშე და ევედრებიან გაბრიელ მთავარანგელოზს, რომ მათ ოჯახებს აარიდოს ავადმყოფობა და დაიცვას ისინი ყოველივე ავისგან“.

ასევე, გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან ასოცირდება განსაკუთრებული და სიმბოლური დატვირთვის მქონე რიტუალი – მომლოცველი ოჯახების ვაჟებისთვის მძივის ტარების ტრადიცია. როგორც ანამარია ფანგანი გვიხსნის, ლოცვისა და შესაწირავის შეწირვის შემდეგ მლოცველები („მემზირები“) ხის ფესვებიდან იღებენ მძივებს, რომელიც შეიძლება იყოს გიშრის, მინის ან სხვა მასალისგან დამზადებული.

,,მძივის ტარებით ოჯახი დიდ მოწიწებას გამოხატავს გაბრიელ მთავარანგელოზის მიმართ და თვლიან, რომ მძივის ტარებით ვაჟები გაბრიელ მთავარანგელოზის „ყმა-მრევლი“ ხდებიან. მძივის აღებას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. ასევე, არ არის განსაზღვრული მისი ტარების დრო და ეს ყოველივე ოჯახის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. თუ მძივის აღებისას ერთი შესაწირავით რამდენიმე ძმას შეეძლო მძივის მიღება, დაბრუნებისას აუცილებელია – რამდენი დამბრუნებელიც არის, იმდენი შესაწირავი მიიყვანონ. თანაც, სასურველია, რომ სალოცავ ადგილას ერთის ნაცვლად ორი მძივი დაუბრუნდეს”, –  გვიამბობს ანამარია.

საინტერესოა, რომ, თავდაპირველად, ეს ტრადიცია უშუალოდ ეკლესიის ტერიტორიაზე – ,,ლადბაშში” სრულდებოდა, მაგრამ მკაცრი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობას უჭირდა ბავშვების აყვანა ტაძრამდე და ტრადიციის შესრულების ადგილი გადმოიტანეს ეკლესიის ტერიტორიის შედარებით დაბლობ ადგილზე – „ჯვარგუგბართან“. ისტორიულად და დღესაც ამ ტრადიციას ასრულებს ბეჩოს თემის სამი უძველესი გვარი: ფანგანები (ინუშერები), კვიციანები (გარდა ბულათარისა) და უშხვანები. ისინი ღირსეულად ემსახურებიან წინაპართა დანატოვარს.

ანამარია ფანგანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიცია უძველესია, ის სამეცნიერო ლიტერატურაში სათანადოდ აღწერილი აქამდე არ ყოფილა და მხოლოდ ადგილობრივების მეხსიერებაში ცოცხლობდა. „ჩემს მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამ ზეპირსიტყვიერი ისტორიების შესწავლა. ეთნოლოგიური მეთოდების გამოყენებით ვეცადე – აღმეწერა ის ფასეული ინფორმაცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და უცვლელი ფორმით გადმოგვეცა. კვლევა საშუალებას მოგვცემს, გადავარჩინოთ ეს ტრადიციები და მომავალ მკვლევრებს გადავცეთ არა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, არამედ წერილობითი და ვიზუალური მასალებიც. ვფიქრობ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაუმარტივებს შემდგომ თაობებს ტრადიციების შესწავლისკენ მიმავალ გზას და გააღვივებს მათში ამ ინტერესს“, –  აღნიშნავს ახალგაზრდა მკვლევარი.

Facebook
Twitter
LinkedIn