კვლევითი პროექტის შედეგად მომზადდა ახალი მონოგრაფია – „საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების ტრადიციული სოციოკულტურული მახასიათებლები და თანამედროვეობა – სვანეთი“
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების ტრადიციული სოციოკულტურული მახასიათებლები და თანამედროვეობა – სვანეთი“ (2025-2026 წწ) – ფარგლებში დიდი სამუშაოები ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავდა სვანეთის, როგორც სასაზღვრო რეგიონის, სოციოკულტურული მახასიათებლებისა და მათზე საზღვრის, როგორც ფიზიკური რეალიის, გავლენის შესწავლას. სვანეთის, როგორც სასაზღვრო რეგიონის, კომპლექსური შესწავლა მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც რეგიონული, ისე საზღვრის კვლევების თვალსაზრისით.
პროექტის ხელმძღვანელი იყო ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი, თსუ-ის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი. პროექტში მონაწილეობდნენ თსუ-ის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი. გამოცდილ მკვლევრებთან ერთად პროექტში ჩართული იყვნენ ახალგაზრდა მეცნიერებიც — თსუ-ის დოქტორანტი ელენე ბერაია და თსუ-ის მაგისტრანტი ანამარია ფანგანი.
,,პროექტის მიმდინარეობისას შემოვლილ იქნა სვანეთის ორივე მუნიციპალიტეტი, როგორც ლენტეხის, ასევე მესტიის. სვანეთის ორივე მხარე (ზემო და ქვემო სვანეთი), ორივე მუნიციპალიტეტი ერთიან კონტექსტში იქნა შესწავლილი და წარმოჩენილი. სიახლეა რეგიონზე ტექნოლოგიური განვითარების გავლენის კვლევა. ახალი ტექნოლოგიები ბოლო წლებში მყარად იკიდებს ფეხს სვანეთში, რაც რეგიონის მოდერნიზაციას უწყობს ხელს. ვითარდება ციფრული ინფრასტრუქტურა, იქმნება ახალი შესაძლებლობები – ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ხელმისაწვდომია. მაღალმთიანი სოფლების ჩართვა ამ ქსელებში გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ყოფაზე. სტაბილური კავშირი ონლაინ ბიზნესის განვითრებას ახალისებს. შესაძლებელი ხდება, მაგალითად, დისტანციურად მუშაობა, საოჯახო სასტუმროები და ადგილობრივი მეწარმეები ერთვებიან საერთაშორისო პლატფორმებზე, რეკლამას უწევენ საკუთარ ბიზნესს და იზიდავენ კლიენტებს. ამავე დროს მეწარმეები გადადიან ბიზნესის მართვის ავტომატიზირებულ სისტემაზე, რაც ონლაინ დაჯავშნასა და გადახდას გულისხმობს. ამასთან, მაღალმთიანი რეგიონისთვის განსაზღვრული შეღავათები (ელექტროენერგიის ტარიფებზე) ხელს უწყობს კრიპტომაინინგის დიდ მასშტაბს, რამაც ბოლო წლებში გარკვეული პრობლემები შექმნა მესტიის მუნიციპალიტეტში. როგორც გარე, ისე შიდა ტურიზმის კვლევა ადასტურებს, რომ სვანეთში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტენდენცია მცირედ, მაგრამ პოზიტიურია. მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა მზარდია ორივე მუნიციპალიტეტში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დაცლილი სოფლების რაოდენობას მიემატა რამდენიმე, არის უფრო მეტი შემთხვევა, რომ მანამდე დაცარიელებულ სოფლებშიც ბრუნდება მოსახლეობა. ამ ვითარებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორს, უნდა აღინიშნოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენა. ცალკეულ თემებში მოსახლეობის ზრდა-დაკლების მაჩვენებლები კონკრეტული პირობებითაა გამოწვეული და ზოგჯერ შიდა მიგრაციულ პროცესებს ასახავს“, – აღნიშნავს პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.
როგორც მკვლევარი აღნიშნავს, პირადი კონტაქტებითა და სოციალური ქსელების მეშვეობით შეიკრიბა საზღვარს გადაღმა მცხოვრებ ბალყარელთა და ყარაჩაელთა საქართველოსადმი და, კერძოდ, სვანეთისადმი დამოკიდებულების ამსახველი ინფორმაციაც. ,,ეთნოგრაფიულმა მასალამ გამოავლინა ქართველთა (ამ შემთხვევაში, სვანთა და ყარაჩაელთა თუ ბალყარელთა) შორის შემონახული ისტორიული მეხსიერების ფაქტებიც და საბჭოთა პერიოდის რეალიებიც, რომელთა შინაარსმა აჩვენა ქართველ (სვან) და ბალყარელ თუ ყარაჩაელ მთიელთა სოციოკულტურული ურთიერთობის სრულიად უნიკალური ფორმა. გამოვლინდა მზაობა სამივე ჯგუფის მხრიდან მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობების აღდგენისა“, – აღნიშნავს პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.
. . .
სვანეთში წარმართული კვლევების შედეგად მომზადდა მონოგრაფია, რომელიც მოიცავს რეგიონის ზოგად დახასიათებას, საისტორიო წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მოკლე მიმოხილვას, დასახლების ტიპების, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, სამეურნეო კულტურისა და მეურნეობის დამხმარე დარგების აღწერასა და ანალიზს. ნაშრომში განხილულია აგრეთვე საოჯახო ყოფა, ქორწინებისა და დაკრძალვის ტრადიციები, სოლიდარობის ფორმები, რელიგიური პრაქტიკა, ყოფის ტრადიციული ფორმები, პოსტსაბჭოთა პერიოდის სირთულეები და ტრადიციული კულტურისა და თანამედროვე ვითარების ურთიერთმიმართება.
,,განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ აქამდე მეცნიერები, ძირითადად, ცალ-ცალკე შეისწავლიდნენ ზემო და ქვემო სვანეთს. არ არსებობდა მონოგრაფია, რომელშიც სვანეთის ორივე ნაწილი, ორივე მუნიციპალიტეტი ერთიან კონტექსტში იქნებოდა შესწავლილი და წარმოჩენილი. ამასთანავე, უაღრესად მწირი იყო ქვემო სვანეთის შესახებ არსებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა. შესაბამისად, აქტუალურად იქნა მიჩნეული ორივე მუნიციპალიტეტში საველე-ეთნოგრაფიული კვლევის განხორციელება. კვლევის პროცესში გამოიკვეთა საბჭოთა პერიოდისა და თანამედროვე ვითარების შედარების აუცილებლობაც. ამგვარმა მიდგომამ საშუალება მოგვცა – გამოგვევლინა ყოფის ტრანსფორმაციული და მდგრადი ელემენტები. პროექტის ძირითადი იდეიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდა სვანეთის, როგორც საზღვრისპირა რეგიონის, წარსულსა და თანამედროვეობაზე. ნაშრომი შექმნილია კოლექტიური შრომის შედეგად“, — აღნიშნა როზეტა გუჯეჯიანმა, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობს.
