სტუდენტური ზეიმი მე-3 კორპუსის ეზოში
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, მე-3 კორპუსის ეზოში ფაკულტეტის პირველკურსელთა საპატივცემულოდ წვეულება მოეწყო, რომელსაც თსუ-ს სტუდენტები, მოწვეული სტუმრები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. წვეულების ორგანიზატორებმა ეზო გირლიანდებით გაანათეს და ხელნაკეთი დეკორაციებით მორთეს. ისინი პირველკურსელებს გემრიელი ტკბილეულითაც გაუმასპინძლდნენ. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ორი ბენდი: „რაც არის“ და ,,key of soul”.
„ივენთის“ მიზანი პირველკურსელებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა იყო. ისინი თავიდან უცხოდ გრძნობენ თავს უნივერსიტეტის სივრცეში და ეს ლამაზი საღამო მათი მეტი გახსნილობისთვის და ახალი მეგობრების შეძენისთვის მოვაწყვეთ, რაშიც ფაკულტეტის ადმინისტრაციაც დაგვეხმარა და გვერდში ამოგვიდგა. იმედია, ეს საღამო სასიამოვნო და დაუვიწყარი გახდება ბევრი სტუდენტისთვის“, – აღნიშნა წვეულების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანა გვიშიანმა.
პირველკურსელებს მიესალმა და სასიამოვნო საღამოს გატარება უსურვა თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ. „ეს საღამო პირველკურსელების საპატივცემულოდ მოეწყო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ფაკულტეტზე, წარმატებებს და სასიამოვნო სტუდენტობას გისურვებთ! თქვენ უნდა იპოვოთ საკუთარ თავში რესურსი და საზრისი იმაში, რასაც აკეთებთ.
ყველას გისურვებთ სიამოვნების მიღებას სწავლის პროცესისგან, შემეცნებისგან. აქ უნდა ვისწავლოთ გაზიარება და ერთმანეთზე ზრუნვა. მინდა, რომ ეს ზეიმი მთელი ცხოვრება სასიამოვნო მოგონებად გაგყვეთ“, – ასე მიმართა წვეულების მონაწილეებს თამარ გაგოშიძემ და წინსვლა და ბედნიერება უსურვა მათ.
„ეს ზეიმი ჩვენ, პირველკურსელებს, ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებაში გვეხმარება და ასეთი ღონისძიებები რაც უფრო მეტი მოეწყობა, მით უფრო კარგი იქნება“, – აღნიშნა პირველკურსელმა ანი ჯავახიშვილმა, რომელსაც მომავალი ფსიქოლოგი კესო შალამბერიძეც დაეთანხმა და თქვა: „ეს ზეიმი ახალ გარემოსთან ადაპტირების საშუალებას გვაძლევს. პირველკურსელი ვარ და ეს საღამო თანაკურსელებთან დაახლოების შანსია, რადგან უფრო თავისუფალ და მხიარულ გარემოში ვართ. ერთმანეთი გვიხარია და გვიყვარს!“ პირველკურსელი გიორგი ღლონტი თვლის, რომ ასეთი წვეულება სტუდენტთა სოციალიზაციისათვის კარგია. „პოზიტიური განწყობა და კარგი მუსიკა ერთმანეთთან უფრო გვაახლოვებს, ახალი მეგობრების გაჩენის შანს გვაძლევს.“ ნიკოლოზ ხახიაური კი ახალი მეგობრების გაჩენისთვის და თანაკურსელებთან მეტად დაახლოებისთვის მზადაა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, სასწავლო სივრცე ამის საშუალებას ნაკლებად აძლევს, ამიტომ ასეთი ზეიმების მოწყობა მისთვის მნიშვნელოვანია.
დაბოლოს, წვეულების მოწყობაში ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტს დაეხმარნენ კომპანიები: „შალოს მარანი“, „ძმების მარანი“, ,,Caramel-tbilisi“, „Event hug“, „Neon gallery“, „Dessert room“ და სხვები.