თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა
5 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-9 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. როგორც სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი დროებითი საარჩევნო კომისიის წევრმა გიორგი ოქიტაშვილმა გვითხრა, წელს ხმის მიცემაში ამომრჩეველთა 14.3% ჩაერთო, რაც, მისი თქმით, სხვა წლებთან შედარებით მაღალი აქტივობის დონე და საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
არჩევნების ჩატარების თარიღი ამა წლის 2 მაისის ბრძანებით ჩაინიშნა და, შესაბამისად, სტუდენტური თვითმართველობის არჩევნებისთვის დროებითი საარჩევნო კომისიაც შეიქმნა. საარჩევნო კანდიდატად წარდგენის სურვილი კი 162-მა სტუდენტმა გამოთქვა და რეგისტრაციაც გაიარა.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტისა და სამივე საფეხურის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. გიორგი ოქიტაშვილის ინფორმაციით, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი ამომრჩევლები იყვნენ ეკონომიკისა და ბიზნესის, ასევე იურიდიული ფაკულტეტიდან.
არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და პრობლემები არ გამოვლენილა. „დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა – არც ერთ საარჩევნო უბანზე არ ყოფილა საჩივარი ან ხარვეზი“, – აღნიშნა კომისიის წევრმა.
სტუდენტური თვითმართველობის არჩევნების შედეგად 140 დელეგატი აირჩიეს, რომლებმაც 11 ივნისს გამართულ სხდომაზე სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტიც აირჩიეს.
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სტუდენტური თვითმართველობის არჩეულმა პრეზიდენტმა ლუკა ტაბიძემ. იგი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტია. ,,ჩემი მიზნებია – თსუ-ს სტუდენტების უფლებათა დაცვა, არსებული პრობლემების მოძიება და მოგვარება, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, რაც ითვალისწინებს მაქსიმალურად ბევრი საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული თუ გასვლითი ღონისძიების განხორციელებას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებაა, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა გამოავლინონ პრაქტიკაში. ჩემთვის აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვება დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს როგორც სტუდენტების, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე”, – ამბობს ლუკა.
ცნობისთვის: სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წინასაარჩევნოდ კანდიდატები აქტიურ კამპანიას აწარმოებდნენ – ათეულობით კანდიდატმა სტუდენტებთან შეხვედრები გამართა და სამოქმედო გეგმებს გაეცნო.
