თსუ-ს სტუდენტთა საახალწლო სურვილები, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება

თარიღი: 2023-12-16 18:54:42

სტუდენტს, რომელსაც აჩერებ და ეკითხები – რა სურვილის შესრულებას ინატრებდა საუნივერსიტეტო სივრცეში, ისიც, პირველ რიგში, აქტიურად კითხულობს – ,,ვინ წაიკითხავს ჩვენს პასუხებს და ვინ იქნება ჩვენი სურვილების შემსრულებელი“? გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ მოვალეობაა – სტუდენტთა სათქმელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამდე მიიტანოს და, როგორც სტუდენტები ამბობენ, ახალი რექტორის პირობებში ახალმა რეალობამ მათ ისეთი განწყობა შეუქმნათ, რომ სტუდენტების ხმას ,,ზევით“ პატივს სცემენ…  რა სურვილები ახდება, ამის თაობაზე ახალ, 2024 წელს, გაზეთი კვლავ დაწერს და სტუდენტებს, იმედია, გაახარებს.

მერაბ სალიაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშაობის მიმართულების IVკურსის სტუდენტი:

  • ძალიან მინდა, რომ მომავალი წლიდან სრულიად აღმოიფხვრას სტუდენტურ საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ჩემი სურვილია – შესაძლებელი იყოს სწავლის დაფინანსება ყოველ სემესტრში, რაც სტუდენტთა მაღალი აკადემიური მოსწრებით განისაზღვრება.

ლანა ფროდიაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების III კურსის სტუდენტი:

  • ვისურვებდი, კურსელებთან/სტუდენტებთან დაახლოების მიზნით შეიქმნას სხვადასხვა ტიპის კლუბი, მაგალითად ლიტერატურის, სადაც, ლექციების გარდა, საინტერესო ლიტერატურის განხილვას დავუთმობთ დროს.

ეკატერინე ლობჟანიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების III კურსის სტუდენტი:

  • თსუ სტუდენტებს განვითარების მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. ჩემთვის უზომოდ სასიამოვნოა სწავლა იმ უნივერსიტეტში, რომელშიც ლექტორები მთელი ძალისხმევით ცდილობენ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარებას. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში ვხვდებით პრობლემებს, რომელთა გამოსწორებასაც 2024 წლიდან ვისურვებდი… პირველ რიგში, ვფიქრობ, მართებული იქნებოდა, თუ შუალედური გამოცდები, ერთი კვირის მაგივრად, ორ კვირაზე იქნებოდა გადანაწილებული. ვინაიდან, 1 კვირაში საკმაოდ რთულია თითოეული გამოცდისთვის სრულყოფილად მომზადება, გვიწევს დიდი მოცულობის მასალის დამუშავება/გადამეორება ერთ დღეში, ამის გამო გვერღვევა ძილის რეჟიმიც, რაც ჯანმრთელობაზე აისახება. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ყოველი სემესტრის დასაწყისში საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში მაგდებს ის ფაქტი, რომ დამატებითი სპეციალობის საგნებზე ადგილი არასდროს არის. მაინორ პროფესიად ისტორია მაქვს არჩეული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან და დღემდე ვერცერთი სავალდებულო საგანი ვერ გავიარე. ადმინისტრაციის კარებთან კი ამ პრობლემის გამო მუდამ მრავალი სტუდენტი მხვდება… ის, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დამატებითი სპეციალობის გავლისა, უბრალოდ თეორიაა და პრაქტიკაში ვერ ხორციელდება.

ლიზა მოდებაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების II კურსის სტუდენტი:

  • პირველ რიგში, მინდა სამადლობელი წინადადებით დავიწყო, რომელიც თსუ-ს აქტიურ ახალგაზრდებს ეძღვნება. მადლობა ასეთი მონდომებისთვის და კრეატიული იდეებისთვის, რომელითაც სტუდენტური ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას უბიძგებთ! რაც შეეხება უშუალოდ ჩემს საახალწლო სურვილს… როდესაც ამ რუბრიკის შესახებ გავიგე, დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია. მყისვე, თავში გამიელვა მაღლივისკენ მიმავალმა გზამ, რომელიც უამრავი დაბრკოლებით არის სავსე, ისედაც დაბნეული და ანერვიულებული სტუდენტებისთვის. ჩემი აზრით, შესაძლებელი უნდა გავხადოთ, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს (და არა მარტო) ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ გამოცდები თავიანთ კორპუსებში დაწერონ.  ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში მალე დადგება და შესაბამისი გამოსწორების ზომებიც იქნება შემუშავებული.

ნინი ჯაჭვაძე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მესამე კურსის სტუდენტი:

  • ვისურვებდი მეტ კულტურულ ღონისძიებასა და შემეცნებით აქტივობებს ცნობილი სახეებითა და მრავალფეროვანი პროგრამით, ვინაიდან მსგავსი ტიპის აქტივობები სტუდენტებს შემოქმედებითი, კოგნიტური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

ანა მიჩილაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი:

  • ჩემი სურვილიაგანახლებული საგნების არჩევის სისტემა, ვინაიდან სტუდენტებს მრავალჯერ შექმნიათ პრობლემა ამ საკითხთან დაკავშრებით.  ბევრჯერ ვერ მოვახერხე სასურველი საგნის არჩევა, ეს კი დიდი დისკომფორტია სტუდენტებისათვის. ასევე, მომავალი წლისთვის კარგი იქნებოდა თსუ-ს XI კორპუსში (და არა მარტო) სასადილოების მოწყობა, რათა მეტად კომფორტული გარემო შეიქმნას სტუდენტთათვის.

სოფო ბურძენიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების  მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი:

  • ვფიქრობ, პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტები ყველაზე მეტად რის დანაკლისსაც განვიცდით, არის პრაქტიკული საგნები და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. სტუდენტებისათვის მეტად პროდუქტიული იქნება, თუ მიღებული ინფორმაციისა და ნასწავლი თეორიების პრაქტიკაში გამოყენებას მოახერხებს. პოლიტიკის მეცნიერება სწრაფად ცვალებადი სფეროა, მოძველებული სახელმძღვანელოები კი სწავლის პროცესს აფერხებს.                                        

დავით ჭყოიძე,  იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი:

  • სტუდენტებს, რომლებსაც ლექცია/სემინარებს შორის შუალედი ძალიან ცოტა აქვთ, სასადილო მათ შესაძლებლობას მისცემს  – ხელმისაწვდომ ფასში, სწრაფად და ხარისხიანად მიირთვან.სასადილოსათვის  შესაფერის ადგილად პირველ და მეორე კორპუს შორის სივრცეს მივიჩნევ. სასიამოვნო იქნებოდა მარტივად მისადგომი დახურული სივრცის მოწყობა თავისი სკამებითა და მაგიდებით…

ალექსანდრე ფასიეშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი:

  • ვისურვებდი მეტად დამოუკიდებელ სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც წინა პლანზე სტუდენტთა ინტერესებს კიდევ უფრო წინ დააყენებს. ასევე, ვისურვებდი პოლარიზაციის შემცირებას ამ ორგანიზაციაში და თანამშრომლობაზე, ურთიერთშეთანხმების პრინციპზე დაფუძნებულ მუშაობის პრაქტიკას.

არიამ ნათენაძე,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

  • როგორც ყველას სტუდენტს, მათ შორის მეც მაქვს რამდენიმე სურვილი თსუ-ში, რომელთა შესრულება, ვფიქრობ, უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის თსუ-ს სტუდენტებს. ჩემი სურვილი ეხება საგამოცდო პერიოდსა და სივრცეს. უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ გამოცდები ისედაც დიდ სტრესთან და ნერვიულობასთან ასოცირდება. ნებითა თუ უნებლით, წინასაგამოცდო პერიოდში ყველა ღელავს. მივიჩნევ, რომ უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს არა ამ სტრესის ზრდა, არამედ შემცირება. საგამოცდო პერიოდის ზრდა ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. შუალედური გამოცდის პერიოდი აუცილებლად უნდა იყოს ერთ კვირაზე მეტ ხანს, რაც იქნება გამოცდებს შორის გარკვეული შუალედის წინაპირობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩემს ფაკულტეტზე (და არა მარტო) შუალედური გამოცდების პერიოდი ერთ კვირას მოიცავს და ხშირად ხდება ისე, რომ ერთ დღეს ორი გამოცდაც გვაქვს, რაც, ჩემი აზრით, ყოველად დაუშვებელია, რადგან სტუდენტი იღლება, როგორც ფიზიკურად, ასევე, გონებრივად. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს გამოცდის შედეგებზე. აგრეთვე, უმჯობესია შეიცვალოს საგამოცდო სივრცეც. ვგულისხმობ, გამოცდის ჩატარებას იმ კორპუსში, რომელშიც სწავლობს სტუდენტი, რადგან უკვე ადაპტირებულ გარემოში გამოცდის წერა მეტად მოსახერხებელი და კომფორტულია.

არიამ მამასახლისი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი:

  • მეხუთე კორპუსის მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა, მაგრამ სტუდენტისთვის პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების მიღება კომფორტულ გარემოში, ამიტომ კარგი იქნება, თუ მეხუთე კორპუსი გარემონტდება. ვისურვებდი, რომ ქსეროქსის აპარატი დაემატოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რადგან ჩემთვის ძალიან მოსაწყენი ხდება დაუსრულებელ რიგში დგომა და ფიქრი იმაზე, თუ როდის მოვა ჩემი დრო, რომ ამოვაქსეროქსო სასემინარო მასალა.

გვანცა შერმანაზაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი:

  • ჩემი საახალწლო სურვილი უკავშირდება ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დაწესებულებას თსუ-ში ,,კარიერული განვითარების ცენტრს”. უნივერსიტეტში შემობიჯებისთანავე თბილად და მშობლიურად მიმიღეს, მაშინვე მივხვდი, რომ მათი მთავარი მიზანი და საზრუნავი სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობა იყო. ისინი დამეხმარნენ სტუდენტური ცხოვრების განვითარებასა და გამრავალფეროვნებაში, მათი წყალობით გამოვიმუშავე დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. იმის მიუხედავად, რომ ცენტრი გადამწყვეტ როლს თამაშობს სტუდენტის მომავლის ფორმირებაში, ხშირად ისე ხდება, რომ ჩრდილქვეშ ექცევა… ვფიქრობ, იმსახურებენ ახალ წელს გარემონტებულ ოფისს, რადგან მინდა აღვნიშნო, რომ არც ისეთი სახარბიელო მდგომარეობაა. ეს მათთვის იქნება სტიმული, რომ მეტი ხალისითა და ენთუზიაზმით შეუდგნენ ახალი იდეების გენერირებას და მომავალი სტუდენტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანას.

ნა კურტანიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი:

  • საახალწლო სურვილების ჩაფიქრება ყოველთვის სასიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასრულების პერსპექტივა აქვს. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილია, რომ ადმინისტრაციის წევრებმა უფრო მეტი თანადგომა გამოიჩინონ სტუდენტების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პირველკურსელებს ეხებათ.

არიამ ესებუა,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი:

  • ახალი წელი ჩემთვის განსაკუთრებული და გამორჩეული დღესასწაულია, რადგან სრულდება ყველა სურვილი, რასაც კი გულით ინატრებ. ამ დღესასწაულთან ასოცირდება ბედნიერება, ღიმილი, გართობა და ყოველივე ის, რაც გვაბედნიერებს. ახალი წელი ჩვენს უნივერსიტეტში განსაკუთრებულად ლამაზია! შესაფერისი გარემო, ლამაზად მორთული დერეფნები, სიმყუდროვე, მეგობრებთან ერთად ყოფნა განწყობის შექმნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში არის ისეთი წვრილმანი დეტალები, რომელთა გამოსწორებითაც ბოლომდე ჰარმონიული, სტუდენტებზე მორგებული გარემო შეიქმნებოდა. პირველ რიგში, მინდა, უნივერსიტეტის დერეფნებში იყოს მოწყობილი მეტი ისეთი კუთხე, სადაც თავისუფალ დროს შესაძლებელი იქნება მეცადინეობა, წიგნების კითხვა.

ჟენიკ მკრტიჩიანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი:

  • მინდა, რომ საახალწლოდ თსუ მოირთოს განსაკუთრებულად, შეიქმნას ნამდვილი საახალწლო განწყობა…

სტატიაზე იმუშავეს თსუ-ს გაზეთის სტაჟიორმა სტუდენტებმა:

ანი მამისაშვილი, ია ნადირაშვილი, ნატა ჩობანიძე, მარიამ ხაზალია, თორნიკე ელაშვილი, ნინო ჯანჯალაშვილი, ანი როსტიაშვილი, მარიამ ბალხამიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn