„სტუდენტური საისტორიო ძიებანის“ პირველი ტომის პრეზენტაცია
„სტუდენტური საისტორიო ძიებანის“ პირველი ტომი, რომლის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, მრავალფეროვანი თემატიკით იპყრობს ისტორიით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღებას. როგორც გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრები აღნიშნავენ, დღეს ქართული სამეცნიერო სივრცე ამგვარი გამოცემების დეფიციტს განიცდის. მათი აზრით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია სტუდენტთა მეტი ჩართულობა სამეცნიერო საქმიანობაში.
„ამ არცთუ სახარბიელო ფონზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ – დაგვეფუძნებინა ჟურნალი „სტუდენტური საისტორიო ძიებანი“, სადაც სტუდენტური კვლევების, აკადემიური თარგმანების, წყაროთა და საარქივო მასალების გამოქვეყნება შეეძლებათ სამივე საფეხურის სტუდენტებს. ჟურნალის დამფუძნებლების უმთავრესი მიზანია, რომ შევავსოთ ის ვაკუუმი, რომელიც სამეცნიერო-პერიოდული გამოცემების ნაკლებობით არსებობს და რაც ყველაზე მძაფრ პრობლემად სწორედ სტუდენტებს უდგათ. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია ვიმედოვნებთ, რომ ეს წამოწყება ხელს შეუწყობს ჩვენს დარგში სამეცნიერო ხარისხის გაუმჯობესებასა და ისტორიული თემატიკით მკითხველთა ფართო წრის დაინტერესებას. სასიამოვნო მოვალეობად მიგვაჩნია დიდი მადლობა მოვახსენოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც გამოდის 6 ჟურნალის პირველი ნომერი. დიდ მადლობას მოვახსენებთ რეცენზენტებს, რომელთაც დაწვრილებით განიხილეს დასაბეჭდად გამოგზავნილი ყოველი სტატია. ცხადია, ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნით ავტორებს, რომლებმაც პირველსავე ნომერში გამოგვიგზავნეს თავიანთი სტატიები, რამაც ჟურნალის პირველი ნომერი თემატურად უხვი, ხოლო შინაარსობრივად საინტერესო გახადა. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი აკრედიტებული სასწავლებლების სამივე საფეხურის სტუდენტებთან. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი გამოცემა ფართო დაინტერესებას გამოიწვევს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალი თაობების პროფესიული დაოსტატების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში“, – აღნიშნა ჟურნალის ერთ-ერთმა რედაქტორმა, თსუ-ის მოწვეულმა ლექტორმა მიხეილ ქართველიშვილმა.
ახლადგამოცემული ჟურნალის მთავარი რედაქტორები არიან ისტორიის დოქტორი, თსუ-ის მოწვეული ლექტორი მიხეილ ქართველიშვილი და ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ სარაჯიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალში გამოქვეყნებამდე გამოგზავნილი სტატია გადის ანონიმურ რეცენზირებას, რადგან სხვა ფაქტორებთან ერთად ესეც აკადემიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. „სტუდენტური საისტორიო ძიებანის“ პირველი ტომი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი თემების განხილვას დაეთმო: ზაზა ქარჩავა (თავისუფალი ადამიანისა და „მონის“ გატაცება-გაქცევის შემთხვევები ხეთური კანონების მიხედვით); ლალი მექერიშვილი (ლეონ სპათარიოსის ბიზანტიური მისია საქართველოში); ჯონდი ხუხია (ჯოვანი ტომაზო მინადოისა და ანონიმი ავტორის ცნობები სიმონ I-ის ოსმალებთან ბრძოლის შესახებ); სერგი ადამია (ვალენშტაინის მკვლელობის მიზეზების შეფასების საკითხისათვის); მარიამ ხამიცაშვილი, თამარ სამარგულიანი (აბორიგენი ინდიელების მდგომარეობა კანადაში – კულტურული გენოციდი თუ დისკრიმინაცია); ნიკოლოზ სარაჯიშვილი (ახალი მასალები 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების შესახებ); გოგა ცხვედიაშვილი (რიჩარდ ნიქსონი და ახალი ეტაპი აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში); გიორგი ბუცხრიკიძე (1991 წლის „აგვისტოს პუტჩი“ მოსკოვში და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება მისდამი (ბრიტანული და ირლანდიული პრესის მასალების მიხედვით); იაკობ ლაჩაშვილი (ქართულ-ოსური კონფლიქტის გადაჭრის მცდელობები და მათი წარუმატებლობის მიზეზები 1991-2003 წლებში); ივეტა ცერცვაძე (ინდივიდუალური და კოლექტიური შემოქმედების ურთიერთმიმართება შიოლა ღუდუშაურის ციკლის ტექსტებში); ელენე ნამორაძე, თათია გურგენიძე (საჩუქართან დაკავშირებული რიტუალები და მატერიალური „შეწირულობანი“ ქართული ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით).