ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციაზე არაერთი კვლევის ახალი შედეგები გახმიანდა

თარიღი: 2026-05-03 18:22:04

მასშტაბური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციითაც აღინიშნა ივანე ჯავახიშვილის იუბილე, რომელმაც უნივერსიტეტის თითქმის ყველა ფაკულტეტი და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი გააერთიანა. კონფერენციაში – ,,ივანე ჯავახიშვილი – 150“ – 170-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

„კვირეულის პირველ დღეს სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ივანე ჯავახიშვილის თემატიკაზე ესეები, ვიდეორგოლები და ასევე ჩანახატები. დღეს კი სრულდება იუბილისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიებები და გადავწყვიტეთ, რომ ის სწორედ სტუდენტური კონფერენციით დაგვესრულებინა, რადგან სტუდენტობიდან იწყება ის გზა, რომელიც დიდი მეცნიერებისკენ მიდის“, – აღნიშნა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კონფერენციის გახსნისას, რომელიც ხაზს უსვამდა უნივერსიტეტის საერთო უპირველეს მიზანს – საიუბილეო ღონისძიებებში ახალგაზრდებისა და სტუდენტების ჩართულობას.

„ეს კონფერენცია არის თქვენი და თქვენთვის. თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც მომავალს უნდა გადასცეს ივანე ჯავახიშვილის სახელი და გააგრძელოს მისი დიდი საქმე. ბევრისთვის ეს შეიძლება პირველი სამეცნიერო კონფერენციაა, მაგრამ მერწმუნეთ, თქვენს სამეცნიერო კარიერაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ნაბიჯი იქნება“, – ასე მიმართა სიტყვით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციაზე თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის და სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის (მათ შორის ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის) სტუდენტების მონაწილეობით არაერთი ახალი საკვლევი თემა და კვლევის შედეგები გახმიანდა მოხსენებებით. პირველ რიგში გამოვყოფთ ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობისადმი მიძღვნილ კვლევებს, რომლებშიც სტუდენტების სხვაგვარი ხედვა და მეცნიერული დასაბუთებაა წარმოდგენილი.

როგორ მოახდინა  ჯავახიშვილმა ქართული სამართლის წყაროების ფილტრაცია, რათა აღედგინა ტექსტების პირვანდელი სახე? რა როლი შეასრულა მისმა სამართლებრივმა კვლევებმა სახელმწიფოებრივი  ცნობიერების  აღდგენაში რუსეთის იმპერიის  მიერ ანექსირებულ გარემოში? რამდენად პასუხობდა  მისი „მეთოდოლოგიური რევოლუცია“ იმდროინდელი  ევროპული   მეცნიერების   სტანდარტებს   და  როგორ   დაეხმარა  ეს  ქართული  კულტურის  საერთაშორისო აკადემიურ  სივრცეში  ინტეგრაციას? – ამ საკითხებზე მუშაობდნენ სტუდენტები ანა ბილანიშვილი და მარიამ პეტრიაშვილი, რომლებიც კვლევის საკითხის ძირითად მიგნებად ასახელებენ შემდეგს: ,,ივანე  ჯავახიშვილმა განახორციელა „მეთოდოლოგიური რევოლუცია“, რომლითაც მანამდე არსებული რომანტიზებული თხრობა მკაცრი მეცნიერული  ობიექტურობითა  და წყაროთმცოდნეობითი კრიტიკით  ჩაანაცვლა. ამ  მიდგომით  ჯავახიშვილმა ქართული  ისტორიოგრაფია   ევროპულ   აკადემიურ  სტანდარტებთან გააიგივა  და  უზრუნველყო ეროვნული ინტერესებისა  და მეცნიერული  სიზუსტის ბალანსი“.

ქართული  სამართლის   ისტორიაში ივანე ჯავახიშვილის ღვაწლს ეხებიან სტუდენტები – თინათინ გოგოძე და ლუკა გოგოძე თავიანთ მოხსენებაში – ,,სასჯელის მიზნები ველ  ქართულ  სამართალში და დღეს. აღნიშნული ნაშრომის  დანიშნულებაა  – ძველი  და ახალი  სამართლის  სისტემების  შედარება. ,,ისტორიულად ცნობილია,  რომ ქართული  სამართალი, განსაკუთრებით მე-12/მე-13 საუკუნეებში, განვითარების ზენიტში იმყოფებოდა,   მეტიც,  ფეოდალური   ტიპის  საზოგადოებაში,  ფაქტობრივად, გაუქმებული   იყო  სიკვდილით  დასჯა   და  ტკივილის მომტანი სასჯელები,  რაც ჰუმანურობის პირდაპირი გამოვლინება იყო. ივანე  ჯავახიშვილმა თავის ნაშრომებში  ნათლად დაგვანახა სახელმწიფოს პოლიტიკა სასჯელის  მიზნებთან დაკავშირებით. იგი ასახელებს სასჯელის 4 მიზანს, რომელიც  ეტაპობრივად უნდა აღსრულებულიყო  დამნაშავის რეციდივისტული  მისწრაფებების შემთხვევაში. სასჯელის  უპირველესი მიზანი იყო დამნაშავის გამოსწორება, მისი ,,გაწურთვნა“, ანუ მსუბუქი და  დამრიგებლური  სანქციებით  დამნაშავის სწორ გზაზე დაყენების  პრაქტიკა, რომელიც სათავეს, რა თქმა უნდა, ქრისტიანული  იდეოლოგიიდან იღებს. მე-2 მიზანი იყო დამნაშავე პირთათვის  ხორციელი  და ფიზიკური ვნების  მიყენება, რაც სუბსიდიარულ ხასიათს ატარებდა, ანუ გამოიყენებოდა მხოლოდ მაშინ, როცა  სასჯელის  პირველი  მიზანი ვერ  ასრულებდა   თავის  დანიშნულებას. მე-3 მიზანი გახლდათ  საზოგადოებრივი წესრიგის  დაცვა  დამნაშავის გაძევებით ან ექსორიით.  საბოლოო,  მე-4 მიზანი იყო ეფრემ მცირეს დამკვიდრებული მოძღვრება – კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვა“, – აღნიშნავენ მომხსენებლები.

სტუდენტის – მანანა გიგაურის – კვლევის საფუძველს  წარმოადგენდა ივანე  ჯავახიშვილის ძირითადი ნაშრომები,  კერძოდ,  „საქართველოს ეკონომიური ისტორია“ და „ქართული სამართლის  ისტორია“. აღნიშნული გაანალიზებულია ახალი ინსტიტუციური ეკონომიკის ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით. კვლევის მიზანია ჯავახიშვილის ნაშრომებში ინსტიტუციური სტრუქტურების დადგენა და მისი ანალიტიკური მიდგომის  შესაბამისობის შეფასება  ახალი ინსტიტუციური ეკონომიკის წარმომადგენელთა დუგლას  ნორთის, დარონ  აცემოღლუს  და ჯეიმს ა. რობინსონის თეორიულ ხედვებთან.

,,ვაზის  კულტურა, როგორც ქართული ცივილიზაციის ავტოქტონური საწყისი ივანე ჯავახიშვილის შრომებში“ – ასე ჰქვია მოხსენებას, რომელიც სტუდენტებმა – ანანო ჩიხლაძემ და ქეთევან კახიშვილმა – წარმოადგინეს. ,,ჯავახიშვილი ქართული ვაზის ავტოქტონურობის  დასასაბუთებლად რამდენიმე  მნიშვნელოვან  არგუმენტს   განიხილავს.  მათგან   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლინგვისტური  ანალიზი.  მის ნაშრომებში შეხვდებით ვაზის, ღვინისა  და მარნის  იარაღებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის დეტალურ განხილვას. მეცნიერის აზრით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ისეთი ტერმინები,  როგორებიცაა: „ვენახი“,  „მტევანი“,  „საწნახელი“ და „ქვევრი“, უძველესი  ქართველური ძირისაა  და არ მოეპოვებათ ნასესხობის კვალი. ჯავახიშვილის ხედვით,   ენობრივი   ანუ  ლინგვისტური   მასალა  ის უტყუარი ისტორიული წყაროა,  რომელიც ადასტურებს, რომ ქართველები უხსოვარი  დროიდან  ფლობდნენ ვაზის მოვლის რთულ ტექნოლოგიას. მატერიალური  კულტურის  ძეგლები  მეორე  მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც  მეტყველებს  ვაზზე, როგორც  ქართული  ცივილიზაციის  ავტოქტონურობის საწყისზე. ამ თვალსაზრისით,  ჯავახიშვილი აღწერს  მევენახეობის სპეციფიკურ იარაღებს (სასხლავი, ხელჩანგალი, თოხი). იარაღთა მრავალფეროვნება და დახვეწილი დიზაინი მიუთითებს ხანგრძლივ ევოლუციურ პროცესზე. ჯავახიშვილი  საქართველოს  ტერიტორიაზე   არსებულ   ველურ ვაზს – კრიკინას – განიხილავს კულტურული  ვაზის წინაპრად. მკვლევრის აზრით, საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის არსებობა  მხოლოდ სტაციონარული, მიწათმოქმედი ცივილიზაციის  პირობებში იყო შესაძლებელი“, – აღნიშნულია მოხსენებაში.

                        სხვა თემატიკის კვლევები, რომლებზეც სტუდენტებმა იმუშავეს

სტუდენტურ კონფერენციაზე ახალგაზრდებმა განიხილეს სხვა თემატიკაც, გარდა ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებული საკითხებისა. გამოვყოფთ მარიამ სახეიშვილისა და ნინო ნარინდოშვილის მიერ დამუშავებულ თემას – ,,რუსული სამყაროს კონცეფცია პოსტსაბჭოთა სივრცეში: კულტურული იდენტობა, როგორც გეოპოლიტიკური ავლენის ინსტრუმენტი“. ,,ნაშრომის  მიზანია – გააანალიზოს „რუსული სამყაროს“ კონცეფციის ევოლუცია კულტურულ-ჰუმანიტარული იდეიდან  აგრესიულ  გეოპოლიტიკურ  ინსტრუმენტამდე,  ხოლო, საქართველოს (2008) და უკრაინის (2014, 2022) შემთხვევებზე დაყრდნობით, ნაშრომის ძირითადი საკვლევი კითხვა მდგომარეობს შემდეგში:  როგორ  იყენებს  რუსეთი  „რუსული  სამყაროს“ კონცეფციას რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის ნარატივის ქვეშ სუვერენული  სახელმწიფოების შიდა  საქმეებში  ჩარევის  გასამართლებლად? კვლევა ნათლად აჩვენებს ამ კონცეფციის რადიკალიზაციას, როდესაც კულტურულ-ისტორიული  დისკურსი   პირდაპირ  ტრანსფორმირდება ინტერვენციისა  და  რეგიონული  ჰეგემონიის შენარჩუნების  საშუალებად, რაც  კიდევ უფრო ამწვავებს იდენტობისა  და  პოლიტიკური  დაპირისპირების პროცესს პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – აღნიშნავენ ახალგაზრდა მომხსენებლები.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები – ლიზი სხულუხია და ნათია გულუა –  აფხაზეთისა  და ცხინვალის  კონფლიქტების ისტორიული  წინაპირობების ანალიზით დაინტერესდნენ (საბჭოთა  მემკვიდრეობის კონტექსტში). კვლევის ფარგლებში  ნაჩვენებია, რომ აღნიშნული კონფლიქტები არ წარმოადგენდა შემთხვევით ან მოკლევადიან პოლიტიკურ  მოვლენას, არამედ  იყო ხანგრძლივი ისტორიული პროცესების ლოგიკური შედეგი, რომელიც საბჭოთა ეროვნული  პოლიტიკის  სტრუქტურულ სისუსტეებსა  და  პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის  გამოწვევებს უკავშირდება. ,,კვლევა მიზნად ისახავს  კონფლიქტების უფრო სიღრმისეულ  გააზრებას  და მათი ისტორიული მიზეზების ანალიზს, რაც მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური კვლევისთვის, ისე თანამედროვე პოლიტიკური  რეალობის  უკეთ გასაგებად“, – ამბობენ მომხსენებლები.

მოხსენებაში – ,,ეთნოსი და ეთნიკური კულტურა – ფერეიდნელი ქართველების მაგალითიეკა გერლიანი და მარიამ დელიბაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ სამ ძირითად  ასპექტზე: ,,ენობრივი  თვითმყოფადობა – ფერეიდნელები დღემდე ინარჩუნებენ  ქართული  ენის არქაულ  დიალექტს,  რომელსაც  ოჯახურ წრეში კომუნიკაციის ერთადერთ  საშუალებად იყენებენ; ისტორიული მეხსიერება  – ტოპონიმები:  (მაგ:  მარტყოფი),  ქართული  გვარები  და სიმბოლიკა მათთვის სამშობლოსთან დამაკავშირებელი  ცოცხალი  ხიდია;  რეპატრიაციის სურვილი  – ფერეიდნელების სწრაფვა ისტორიული  სამშობლოსკენ: წიგნების ჩატანა,  ფეხით გამოვლილი 1400 კილომეტრი  და  საქართველოში დამკვიდრების მცდელობა  ბიუროკრატიული  ბარიერების  მიუხედავად. მოხსენების მიზანია, წარმოვაჩინოთ, რომ ეთნოსის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს არა  ტერიტორია,  არამედ  შინაგანი კულტურული  კოდი  და წინაპრების დანატოვარი ფასეულობებისადმი ერთგულება“ – ასეთია ახალგაზრდა მკვლევრების დასკვნა, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ფერეიდნელებისთვის „ქართველობა“ არა  მხოლოდ  წარმომავლობაა, არამედ ძლიერი ემოციური კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან.

ნინო პოპიაშვილი: ,,კონფერენციისთვის მხოლოდ საუკეთესო ნაშრომები შეირჩა“

კონფერენციაზე სტუდენტებმა 110-მდე მოხსენება წარმოადგინეს. როგორც ითქვა, მათი ნაშრომები მაღალი სტანდარტით შეფასდა. „სულ იმუშავა 9 პარალელურმა სექციამ. ერთი სექცია უშუალოდ ივანე ჯავახიშვილსა და უნივერსიტეტის დაარსებას მიეძღვნა, დანარჩენი კი – ისტორიას, ფილოლოგიას, ხელოვნებათმცოდნეობას, ფილოსოფიას, ეკონომიკას, მედიცინასა და სამართალმცოდნეობას“, – გვიხსნის კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო პოპიაშვილი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მოხსენებათა შერჩევის მკაცრ კრიტერიუმებზე: „მივიღეთ ისეთი თეზისებიც, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდა სამეცნიერო მოთხოვნებს. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი თემატურად შეუსაბამო იყო, ნაწილი კი – ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული და სამეცნიერო ღირებულებას მოკლებული. სწორედ ამიტომ, კონფერენციისთვის მხოლოდ საუკეთესო ნაშრომები შეირჩა“.

კონფერენციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო მოხსენებები შემდეგ თემებზე: ,,თანამედროვე გამოწვევები და ქართული ენის განვითარება” (ანი მაჭარაშვილი, დალი ლალიევი); ,,კლასიკური და თანამედროვე მხატვრობა: ტექნიკის მნიშვნელობა და კულტურული აღქმა” (ნარგიზ აზატიანი); ,,1832 წლის შეთქმულება ალექსანდრე ჭავჭავაძის მონაწილეობით” (ლიზი ბაშარული, გვანცა შიუკაშვილი); ,,ისტორიული ფაქტების ტრანსფორმაცია თანამედროვე კინემატოგრაფიაში” (თამარ გიორგაძე, ნანა ბოგველი); ,,ეროვნული მოტივი პაოლო იაშვილის შემოქმედებაში” (სალომე გიორგაძე, ელენე გელაშვილი); ,,მორალი და პოლიტიკა იმანუელ კანტის ფილოსოფიაში: „მარადიული მშვიდობის“ კონცეფციის ანალიზი” (ნინო დეკანოსიძე, ეთუნა ხოსიტაშვილი); ,,აივ (HIV) დიაგნოსტიკის ახალი ერა: დნმ დენდრიმერები და ნანოტექნოლოგია” (სანდრო კუპატაძე, თამარ ბერიძე); ,,სიზმრის იდუმალი პარადოქსი: ფხიზელი ილუზია – მძინარე რეალობა” (ინა მახათაძე, გვანცა ჩადუნელი); ,,ინგლისური და ესპანური ენების არტიკლების გრამატიკული და სემანტიკური თავისებურებების კონტრასტული ანალიზი” (ანანო პერანიძე, მარიამ ბარათელი); ,,პოლიტიკური იდეოლოგიების ევოლუცია საქართველოში XIX–XX საუკუნეებში” (დიმიტრი ხალათაშვილი, ანა გაჩეჩილაძე) და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების გახსნაზე ხაზი გაესვა საორგანიზაციო გუნდის დაუღალავ შრომასაც. კონფერენციის მაღალ დონეზე მომზადებისა და სტუდენტებისთვის გაწეული სამსახურისთვის თსუ-ს რექტორმა გაახმიანა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ინიციატივა, რომ უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცემა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსს, ასოცირებულ პროფესორს ეკატერინე ნავროზაშვილს. უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებები შეირჩევა და წლის ბოლომდე სპეციალურ საიუბილეო კრებულში დაიბეჭდება.

Facebook
Twitter
LinkedIn