ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს თსუ-ში სტუდენტური სამეცნირო კონფერენცია მიეძღვნა
თსუ-ში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია – „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“ – გაიმართა, რომელიც განსაკუთრებულ თარიღს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინა 30-მდე სტუდენტმა, რომელთაც სხვადასხვა ეპოქის აქტუალური ისტორიული, კულტურული და სტრატეგიული საკითხები ახლებური მეცნიერული ხედვით გააანალიზეს.
ღონისძიება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სტუდენტებსა და დამსწრე აუდიტორიას მიმართა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელიც, ამავდროულად, ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახლავთ. მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში სწორედ ქართული ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდნენ იმ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო და კულტურულ კერებს, სადაც გაჩაღებული მწიგნობრული საქმიანობა ძლიერი საქართველოს არსებობის საყრდენი ხდებოდა. რექტორმა ხაზი გაუსვა სტუდენტების მიერ წარმოდგენილი თეზისების მრავალფეროვნებას და ახალგაზრდა მკვლევრებს მოუწოდა – ეს მასალები სრულყოფილ სამეცნიერო სტატიებად გარდაქმნან. აღინიშნა, რომ კონფერენციის მასალები უახლოეს მომავალში ცალკე კრებულად გამოიცემა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის სამეცნიერო მნიშვნელობას და სტუდენტთა ნაშრომებს ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის.
ანტიკური ხანიდან შუა საუკუნეებამდე: სტუდენტური კვლევების ძირითადი მიგნებები
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები, რომლებშიც მშრალი ისტორიული ფაქტების მიღმა მკაფიოდ გამოიკვეთა ახალი სამეცნიერო აქცენტები.
როგორ აისახა რომის იმპერიასთან მრავალმხრივი ურთიერთობები იბერიისა და კოლხეთის რელიგიურ ყოფაზე ქრისტიანობის წინა პერიოდში? რამდენად განსაზღვრავდა ანტიკური სამყაროდან შემოსული პანთეონი ადგილობრივი საზოგადოების მორალურ და კულტურულ ფასეულობებს? – ამ საკითხებზე მუშაობდა სტუდენტი კესო ღონღაძე თავის კვლევაში „ანტიკური ქალღვთაებები ქართლისა და კოლხეთის ტერიტორიაზე ახ. წ. I-IV საუკუნეებში“. „I-IV საუკუნეები საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდია, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია დასავლეთისკენ იყო მიმართული. არტეფაქტების შესწავლით დგინდება, რომ ამ დროს რომაული სამყაროდან შემოსული ქალღვთაებები – ტიხე-ფორტუნა და ქარიტები – ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი ქართულ სივრცეში. ეს თემა აქტუალურია, რადგან იგი ნათლად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ანტიკური სამყაროს ორგანულ ნაწილს, ხოლო ეს ძველი რელიგიური ასპექტები ირიბად დღემდე აისახება ჩვენი კულტურის ფორმირებაში“, – აღნიშნავს მომხსენებელი.
ეკლესიისა და საერო ხელისუფლების კავშირებს რთულ ისტორიულ რეალობაში მიეძღვნა გიორგი დათუაშვილის მოხსენება – „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVII საუკუნის II ნახევრის დასავლეთ საქართველო)“. სტუდენტმა კვლევისას გამოიყენა როგორც ქართული ნარატიული და ეპიგრაფიკული ძეგლები, ისე უცხოელი კათოლიკე მისიონერების, რუსი ელჩებისა და ოსმალური საარქივო მასალების კომპლექსური ანალიზი. „ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ კონკრეტული პერიოდის საერო-სასულიერო ურთიერთობებზე ბევრი ნაშრომი არ მოიპოვება. ჩვენი კვლევით დასტურდება, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ხშირად მხარს უჭერდა საერო გადაწყვეტილებებს. თუმცა, მეფეებსა და მთავრებს შორის გამუდმებული ფეოდალური ომების სინამდვილეში თავად ეკლესიაც არ იყო ყოველთვის კონსოლიდირებული, რაც საკითხს კიდევ უფრო დრამატულს ხდის“, – განმარტავს ავტორი.
ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით საინტერესო ნაშრომი წარმოადგინა ბარბარე ლოლაძემ თემაზე: „მხატვარ დამიანეს შემოქმედებითი ხელწერა უბისის წმინდა გიორგის ტაძრის მოხატულობაში“. ახალგაზრდა მკვლევარმა სცადა – ეჩვენებინა, თუ როგორ გასცდა XIV საუკუნის დიდი ოსტატი მკაცრ დოგმებს. „დამიანე არის ხელოვანი, რომელმაც შუა საუკუნეების შეზღუდულ საეკლესიო კანონებს ინდივიდუალური ხელწერა შესძინა. მის მიერ დახატული წმინდანები ერთდროულად ჰაეროვანი და მედიდურნი არიან (რბილი გადასვლებითა და დინამიკური ფორმებით), რაც მოგვიანებით „პალეოლოგოსურ რენესანსად“ შეფასდა. დამიანე გასაოცარი, თითქმის იუველირული სიზუსტით გადმოსცემს სამეფო სამოსის ორნამენტებს, ქსოვილის ფაქტურასა და ძვირფასი თვლების ბრწყინვალებას, რითაც ამტკიცებს, რომ საერო ესთეტიკასაც ბრწყინვალედ ფლობდა. უბისის მხატვრობა სწორედ ის ღერძია, რომელზეც დგას XIV საუკუნის ქართული ფერწერის თვითმყოფადობა“, – ნათქვამია მოხსენებაში.
უცხოური წყაროების კრიტიკულ ანალიზს ეფუძნებოდა სტუდენტ ნიკოლოზ მაისურაძის კვლევა – „სერ ენტონი შერლის ცნობები შაჰ აბასისა და ქართველების შესახებ“. ნაშრომი აანალიზებს 1613 წელს ინგლისში გამოცემულ უნიკალურ ჩანაწერებს და მათ სანდოობას ოფიციალურ ისტორიულ დოკუმენტებთან შედარებით. „სეფიანთა ირანში გადასახლებული კავკასიელები სამხედრო და ადმინისტრაციულ საქმეებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. 1598 წელს სპარსეთში ჩასული ინგლისელი ბედისმაძიებელი სერ ენტონი შერლი საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ალავერდი ხან უნდილაძეზე, სიმონ I-სა და კონსტანტინე მირზაზე. თუმცა, მოგზაურები ხშირად უშვებენ შეცდომებს ზედაპირული ცოდნის გამო. ჩვენი კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ შაჰ აბასის კარზე მყოფ წარჩინებულ ქართველებს რეალურად გადამწყვეტი როლი ჰქონდათ თავად ამ ინგლისელი მოგზაურის მისიის წარმატებასა და ბედის განსაზღვრაში“, – აღნიშნავს მომხსენებელი.
ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ დებატს გამოეხმაურა სტუდენტი ლაშა სულაქველიძე მოხსენებით „გადმოსახლებულ ყივჩაღთა რაოდენობის საკითხისათვის (XII სს.)“. ავტორმა შეაჯერა ქართული და სომხური (მათეოს ურჰაეცი, სმბატ სპარაპეტი) წერილობითი წყაროები. „ყივჩაღთა ზუსტ რაოდენობაზე დავა დღემდე გრძელდება. მკვლევართა ნაწილი ბრმად ენდობა დავითის ისტორიკოსს, ნაწილი კი სრულად უარყოფს მას. ნაშრომში განვიხილავთ იმ ეპოქის სახელმწიფოებრივ მდგომარეობასა და მომთაბარე ხალხის ინტერესებს. მიგვაჩნია, რომ დავითის ისტორიკოსის ცნობის გაზიარება აუცილებელია, რადგან მისი გადაჭრით უარყოფა ღრმა კრიტიკული ანალიზისა და არგუმენტაციის გარეშე მეცნიერულად მართებული ვერ იქნება“, – ასკვნის ახალგაზრდა მკვლევარი.
სტუდენტმა სალომე გიორგაძემ კი თავის ნაშრომში – „კალიპოსის მონასტერი შავ მთაზე – ქართული სულიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერა“ – ყურადღება გაამახვილა საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ კულტურულ კერებზე. „ანტიოქიის რეგიონში მწიგნობრობა XI საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ კალიპოსის ზუსტი მდებარეობა დღემდე კამათის საგანია, უტყუარია მისი კულტურული მისია. სწორედ აქ მოღვაწეობდნენ გიორგი ათონელი, არსენ კალიპოსელი და სხვები; აქ 1040 წელს გადაიწერა გრიგოლ ნაზიანზელისა და გრიგოლ ნოსელის თხზულებათა კრებული, ხოლო 1054 წელს დამზადდა ცნობილი ალავერდის ოთხთავი. ეს მონასტერი იყო უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლი საქართველოსა და ბიზანტიურ სამყაროს შორის“, – აღნიშნავს ავტორი.



ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტთა სამხედრო-სტრატეგიული ანალიზი
კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების სტუდენტებმა, რომლებმაც ისტორიულ პროცესებს სამხედრო სტრატეგიის ჭრილში შეხედეს.
დავით ჯიმშიტაშვილმა მოხსენებაში – „ქართველთა ლაშქრობა ირანში – სამხედრო ძალის დემონსტრაცია თუ პოლიტიკური კრახი?“ – ეჭვქვეშ დააყენა 1210 წლის ცნობილი ექსპედიციის შორსმჭვრეტელობა. „თამარის დროინდელმა ლაშქარმა თავრიზიდან მოყოლებული ყაზვინამდე ყველაფერი დაიმორჩილა, რაც კავკასიაში ქართული ჰეგემონიის პიკი იყო. თუმცა ისტორიის ირონიაა, რომ სულ რაღაც 15 წლის შემდეგ ხვარაზმშაჰმა ჯალალ ად-დინმა სწორედ ამ რეგიონის ანტიქართული ძალები გააერთიანა და ბაგრატიონთა სამეფოს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: იყო ეს ექსპედიცია სტრატეგიული ნაბიჯი თუ უბრალო ძალის დემონსტრაცია, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას მტრების კოალიცია შეუქმნა?“ – აცხადებს მომხსენებელი.
კლდეში ნაკვეთი ქალაქის თავდაცვით პოტენციალსა და მის ევოლუციაზე ისაუბრა ოთო შიშინაშვილმა ნაშრომში -„უფლისციხის კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობა“. სტუდენტმა ყურადღება გაამახვილა ძეგლის მრავალფენიანობაზე ძვ.წ. I ათასწლეულიდან შუა საუკუნეებამდე. „უფლისციხის ბუნებრივი კლდოვანი რელიეფი და ხელოვნური საინჟინრო-თავდაცვითი ელემენტები ქალაქს პრაქტიკულად მიუდგომელ ციტადელად აქცევდა, რომელიც სრულად აკონტროლებდა შიდა ქართლზე გამავალ სავაჭრო-ეკონომიკურ ნაკადებს. განსაკუთრებით საინტერესოა წარმართული საკულტო ობიექტების ტრანსფორმაცია ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, რაც ნათლად აჩვენებს ქართველი ხალხის ურბანული კულტურისა და სოციალური განვითარების უწყვეტობას“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
. . .
გარდა ზემოთ განხილული ნაშრომებისა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: ,,ისტორიული მეხსიერება და იდენტობის საკითხები გრიგოლ რობაქიძის რომანში „გველის პერანგი“ (თამარ ყვავაძე); ,,შუა საუკუნეების ქართული ფეოდალური ჯარის ლოჯისტიკა საგარეო ლაშქრობების დროს” (ლუკა ნებიერიძე); ,,ქართული კულტურისა და სულიერების კერები კვიპროსზე” (მარიამ ბარბაქაძე); ,,რომის ექსპანსიის მიზეზები ძვ. წ I საუკუნის 60-იანი წლების საქართველოში” (ნინი ჯაფარიძე); ,,ქართლის გაქრისტიანების თარიღის შესახებ” (შუშანიკ მანწკავა); ,,აფხაზეთის სამთავარო: სოციალური სტრუქტურა და ფეოდალური ურთიერთობები“ (მარიამ ჯალაღონია); ,,ძამას ციხე” (გიორგი თედიაშვილი); ,,პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის საკითხისათვის” (სალომე სამხარაძე); ,,კვირიკე III დიდის მემკვიდრეთა საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი” (გიორგი სალთხუციშვილი); ,,დედოფალ მართა-მარიამის პორტრეტისათვის” (ნინო ბოჭორიშვილი); ,,გიორგი II-ის ტახტიდან გადადგომის საკითხის შესახებ” (თემურ მეზურნიშვილი); ,,დავით სოსლანი და ქართულ-ოსური ურთიერთობები XII საუკუნეში” (მარიამ ვალიშვილი); ,,კახეთის საერისთავო XIII საუკუნეში” (მარიამ ბაიდარაშვილი-ფარულავა); ,,უფლისწულ სელიმის ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში (1509 წწ.) – ჯიჰადი თუ ღაზავათი” (ლაშა სამხარაძე); ,,ჩიქვანების საგვარეულოს გაძლიერება და დინასტიური ბრძოლა ოდიშის სამთავროში” (სესილი სამხარაძე); ,,ზოგი რამ სოფელ ჩოჩხათის ისტორიული გეოგრაფიიდან” (ნიკოლოზ ძიმისტარაშვილი); ,,შუა საუკუნეებისა და თანამედროვეობის სინთეზი ვასილ ბარნოვის რომანში „ისნის ცისკარი“ (ქრისტინე გოშხეთელიანი); ,,შუა საუკუნის ისტორიული და რელიგიური ასპექტები კონსტანტინე გამსახურდიას რომანში „დიდოსტატის მარჯვენა“ (ციცინო რუსია); ,,წმინდა გიორგის სახე ქართულ ზეპირსიტყვიერებაში” (ქრისტინე კუპატაძე) და ,,ხახულის კარედი ხატი – შუა საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლის ისტორია შექმნიდან დღემდე“ (ნოდარ იაშვილი).
