სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა“

თარიღი: 2025-07-23 13:45:30

15 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა“.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების იდეა თავდაპირველად დაიბადა, როგორც ინდივიდუალური ინიციატივა, რომლის მიზანი იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემდა აქტიურად ჩართულიყვნენ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპოქის – 1918-1921 წლების – კვლევაში.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების იდეა თავდაპირველად დაიბადა, როგორც ინდივიდუალური ინიციატივა, რომლის მიზანი იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემდა აქტიურად ჩართულიყვნენ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპოქის – 1918-1921 წლების – კვლევაში.

„სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების იდეა ჯერ კიდევ სტუდენტური გაერთიანება ,,სხივის” ჩამოყალიბებამდე გამიჩნდა. ერთი შეხედვით რთული იდეის განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ, რომელმაც თავიდანვე არ დაიშურა ენერგია და მოგვცა რჩევა, თუ როგორ შეგვეძლო კონფერენციის ორგანიზება. იდეის მეგობრებთან გაზიარების შემდეგ „სხივის” შექმნასა და პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარა უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რომელმაც გვიმასპინძლა კიდეც, როგორც ახლადშექმნილ გაერთიანებას, რამაც კიდევ მეტი სტიმული მოგვცა. ფინანსური საკითხები, დეტალურად გაწერილი გეგმა თუ სხვა წვრილმანები, ალბათ, ვერ იქნებოდა სრულყოფილი ელენე გელაშვილის დახმარების გარეშე, რომელიც პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე თანადგომით გვანებივრებდა. საბოლოოდ, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა- პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა” – აკადემიკოს ნიკოლოზ ჯავახიშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელობით წარმატებით ჩატარდა“, – გვითხრა იდეის ავტორმა დათა გერანტიამ.

კონფერენცია გაიხსნა თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშის მისასალმებელი სიტყვით. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული კვლევების წახალისებას და მადლობა გადაუხადა სტუდენტურ გაერთიანება „სხივს“ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებისთვის. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ეროვნული მეხსიერების გაძლიერებისა და თაობათაშორისი დიალოგის შენარჩუნებისათვის აკადემიურ სივრცეში.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა აკადემიური პერსონალის მხრიდან მნიშვნელოვანია: „კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, შედიოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პროფესორები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები: ზაალ გოგენია, თინათინ მაჭარაშვილი, ირმა ჩხეიძე, მარიამ მაჭარაშვილი, მაია კოტრიკაძე და სხვები. სამეცნიერო კომიტეტმა 80-მდე წარმოდგენილი აბსტრაქტიდან შეარჩია 15 მოხსენება, რომლებიც გამოირჩეოდნენ როგორც აკადემიური ხარისხით, ასევე თემატური ორიგინალობით. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თემები, რომლებშიც განხილული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის აქტუალური საკითხები: სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, გენდერული თანასწორობა, მედიის როლი, კულტურული იდენტობის ფორმირება, უნივერსიტეტის განვითარება და საერთაშორისო ურთიერთობები. ამ მოხსენებიდან რამდენიმეს მეც ვხელმძღვანელობდი“, –  აღნიშნა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების ნაშრომები შეეხებოდა ისეთ თემებს, რომლებიც დღემდე ნაკლებადაა შესწავლილი. კონფერენციამ აჩვენა სტუდენტების მზაობა კვლევისადმი პასუხისმგებლობით მიდგომის, არგუმენტირებული ანალიზის წარმოჩენისა და ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებაზე ზრუნვის თვალსაზრისით.

ღონისძიების დასრულებისას ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. კონფერენციის წარმატებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სტუდენტური სამეცნიერო აქტივობა არა მხოლოდ საგანმანათლებლო გამოცდილებაა, არამედ კულტურულ-პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილიც.

* * *

კონფერენციის მონაწილეები იყვნენ: საბა ქართველიშვილი, დიმიტრი ხალათაშვილი („საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სეკულარიზმის პოლიტიკა და მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობა“ ხელმძღვანელი: თსუ-ს მოწვეული ლექტორი ვლადიმერ გრძელიშვილი);  იაკობ ორმოცაძე („საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობები გერმანიის იმპერიასთან და ამის ასახვა სდრ-ის საერთაშორისო პრესტიჟზე (1918 წ.)“; ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი); ვერიკო ჩილაჩავა  („ქალთა პოლიტიკურ-სოციალური აქტიურობა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918-1921 წლები)“ ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი); მარიამ სხულუხია („საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები“,  ხელმძღვანელი: თსუ-ს მოწვეული ლექტორი ირმა ჩხეიძე); დემეტრე ტეტელაშვილი, რატი გობეჯიშვილი („დამოუკიდებლობის შენარჩუნების წარუმატებელი მცდელობა: საშინაო და საგარეო ფაქტორები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობაში“, ხელმძღვანელი: თსუ-ს მოწვეული ლექტორი ნათია ზედგინიძე); ელენე ქავზინაძე, თამარ ატაშვილი („თსუ-ის დაარსება და განათლების კულტურული როლი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921); ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი მიხეილ ქართველიშვილი); ნათია შუკაკიძე, ლიკა შუბითიძე („საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ზრუნვა თბილისის უნივერსიტეტზე (1918-1921 წწ.) ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი); ანა ქოქაშვილი, ნინი პარფენოვი („სპორტული საზოგადოება „შევარდენი“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამსახურში“; ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ბონდო კუპატაძე); ნინო სესიტაშვილი, მარიამ კაპანაძე („სოციალური სახელმწიფოს იდეა და მისი ინსტიტუციონალიზაცია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918–1921); ხელმძღვანელი: მოწვეული ლექტორი ნინო ქაშაკაშვილი); მარიამ მეტრეველი („ადამიანის უფლებები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)“, ხელმძღვანელი: მოწვეული ლექტორი ნინო ქაშაკაშვილი); გელა ზარქუა („26 მაისი – თავისუფლების სიმბოლო (1918-1921 წლების პრესის მიხედვით)“, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნანა ტალახაძე); ნინი აფხაძე, თამთა ნაკუდაიძე („სატირა, როგორც პოლიტიკური კომუნიკაციის ფორმა ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“ (1919 და 1921 წლის მასალათა მიხედვით)“, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მარი წერეთელი); მარიამ ვერულაშვილი, ლაშა აბშილავა („დემოკრატიული იდეების გამტარი მედია 1918-1921 წლებში“; ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თინათინ მაჭარაშვილი); მარიამ ბაღდუაშვილი, ელენე ჯოხაძე („კატო მიქელაძე – ჟურნალისტი და რედაქტორი“ – ქალთა უფლებების ასახვა კატო მიქელაძის პუბლიცისტიკაში (1918-1921 წლების პრესის მიხედვით)“, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნანა ტალახაძე); მარიამ ტყემალაძე, ქეთა გველესიანი („ქალთა ემანსიპაციის საკითხი 1918-1921 წლების ქართულ პრესაში“; ხელმძღვანელი: პროფესორი მანანა შამილიშვილი).

Facebook
Twitter
LinkedIn