თსუ-ს დაარსებიდან 108-ე წლისთავზე გამართული სტუდენტური კონფერენცია

თარიღი: 2026-02-16 18:31:18

თსუ-ს დაარსებიდან 108-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სტუდენტებსაც მიეცათ თავიანთი კვლევებისა და მოხსენებების წარმოდგენის შესაძლებლობა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით უკვე ტრადიციული სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით – ,,თსუ – 108”, რომელშიც მონაწილეობა 250-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო.

ღონისძიების გახსნაზე იმყოფებოდა თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რომელიც სტუდენტებს მიესალმა და წარმატებები უსურვა. „სტუდენტობიდან იწყება ის გზა, რომელიც დიდი მეცნიერებისკენ მიდის. სწორედ ასეთი ღონისძიებები არის ის ფუნდამენტი, საიდანაც უნდა გაიზარდოს დიდი მეცნიერი, ცნობილი მკვლევარი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ყველანი, რომ თსუ მართლაც საოცარ თაობებს ზრდის“, – განაცხადა რექტორმა.

ახალგაზრდა მომხსენებლებს ასევე სიტყვით მიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ: „ძალიან გვახარებს, რომ თითოეულ თქვენგანს აქვს სურვილი, იცოდეს იმაზე მეტი, ვიდრე ეს შეიძლება ჩვეულებრივ სალექციო-სასემინარო მუშაობის დროს გაიგოს სტუდენტმა. ყველაფერი სწორედ კითხვის დასმით იწყება. როცა კითხვას სვამ, იწყებ პასუხის ძიებას და ამ ძიებაში იბადება ის, რასაც ჩვენ სამეცნიერო კვლევას ვეძახით. გისურვებთ, რომ ძიების სურვილი თქვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი იყოს“.

წლევანდელი კონფერენცია გამორჩეული იყო იმით, რომ, თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების გარდა, მასში მონაწილეობდნენ გორისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების, ეროვნული თავდაცვის აკადემიის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები. ორი დღის განმავლობაში 16 პარალელური სექცია მუშაობდა და საკითხთა სპექტრი მრავალფეროვანი იყო: ისტორია, ლიტერატურათმცოდნეობა, ანთროპოლოგია, ფილოლოგია, ფილოსოფია და ხელოვნებათმცოდნეობა.

როგორც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო პოპიაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა უნივერსიტეტის ისტორიის სექციას. „წელს 30-მდე მოხსენება მიეძღვნა უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, მისი დაარსების ისტორიასა და საბჭოთა იდეოლოგიური ზეგავლენის პერიოდში უნივერსიტეტის არსებობის საკითხებს. მთელი კონფერენციის განმავლობაში კი სულ 180-მდე მოხსენება მოვისმინეთ“, – გვითხრა პროფესორმა ნინო პოპიაშვილმა. მისივე თქმით, საწყის ეტაპზე განაცხადების იმდენად დიდი რაოდენობა მიიღეს, რომ საორგანიზაციო საკითხებში სტუდენტი-მოხალისეების ჩართვაც გახდა საჭირო. საბოლოოდ მოხსენებები წარადგინეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმაც.

ნინო პოპიაშვილმა, რომელიც ორგანიზებას უწევს სამეცნიერო კონფერენციებს, ყურადღება თანამედროვე გამოწვევებზეც გაამახვილა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ხელი შევუწყოთ სტუდენტების ჩართულობას სამეცნიერო ცხოვრებაში. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, სტუდენტებს გამოვუმუშაოთ ეთიკური სტანდარტები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რათა თანამედროვე ტექნოლოგიები კვლევისას დამხმარე და არა ჩამანაცვლებელ ინსტრუმენტად გამოიყენონ“.

კონფერენციის ფარგლებში დაჯილდოვდნენ სტუდენტი-მოხალისეები, რომლებიც საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. რაც შეეხება სამეცნიერო შედეგებს, საუკეთესო მოხსენებები, აკადემიური ხელმძღვანელების რეკომენდაციითა და რეცენზირების შემდეგ, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში – „სტუდენტური წელიწდეული“ გამოქვეყნდება.

თსუ-ს დაარსებიდან 108-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუდენტებმა მოხსენებები წარადგინეს შემდეგ თემებზე: ,,თსუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანაში” (ნათია შუკაკიძე, ლიკა შუბითიძე), ,,ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა საბჭოთა რეჟიმის პირობებში” (გიორგი გუგეშაშვილი), ,,თსუ-ს აკადემიური თავისუფლების საზღვრები საბჭოთა კონტროლის პირობებში: 1934 და 1953 წლების საარქივო დოკუმენტაციის საფუძველზე” (სალომე ქავთარაძე, მარიამ ჯეირანაშვილი), ,,პირველი სტუდენტური ჟურნალი ,,მომავალი” (1920-1921)” (თინათინ პორტნაია), ,,მედეა ღამბაშიძის მოღვაწეობის ისტორიიდან” (ნაია ხაჩიშვილი, ოთარ სამუშია), ,,1978 წლის დემონსტრაციები საქართველოში – თბილისი, ბათუმი, სოხუმი” (კახი ახვლედიანი), ,,ეკლესიის როლი პოლიტიკური პროცესების ფორმირებაში შუა საუკუნეების საქართველოში” (მარიამ მიქავა, ლიზი ქავთარაძე), ,,ერეკლე II-ის ევროპული პოლიტიკური ხედვა და ურთიერთობის მცდელობები ევროპის სახელმწიფოებთან” (ქეთი შოშიაშვილი) და სხვ.

Facebook
Twitter
LinkedIn