სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – ,,თსუ 107″
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – ,,თსუ 107″ გაიმართა.
კონფერენციის გახსნაზე ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის ისტორიულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-წლიანი ისტორიის მნიშვნელობას, მის როლს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების განვითარებაში და სტუდენტური კვლევების წახალისების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც დეკანმა აღნიშნა, უნივერსიტეტისადმი მიძღვნილი კონფერენცია უკვე მესამედ ტარდება და მოიაზრებს როგორც პროფესორ-მასწავლებელთა, ისე სტუდენტთა კონფერენციას.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნინო პოპიაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე მოხსენებით 98 სტუდენტი წარსდგა. საყურადღებოა, რომ მათი სასწავლო მიმართულება მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტით არ შემოიფარგლებოდა და მონაწილე სტუდენტებს შორის იყვნენ, ასევე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული თუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან.
,,ძალიან მიხარია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი კონფერენცია შედგა. კონფერენცია იყო ინტერდისციპლინური ხასიათისა. ეს არის სხვადასხვა დარგიდან, სხვადასხვა პერსპექტივიდან აზრთა გაცვლა-გამოცვლის, ერთმანეთში შეხედულებების გაზიარების კარგი შესაძლებლობა”, – განმარტავს პროფესორი ნინო პოპიაშვილი.
კონფერენციის თემატიკა და ორდღიანი პროგრამა ფართო იყო. პირველი სექცია უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას ეძღვნებოდა, შემდგომ კი პარალელურ რეჟიმში ჩატარდა სხდომები საქართველოს ისტორიის, მსოფლიო ისტორიის, ფილოლოგიის, ფილოსოფიისა და ხელოვნებათმცოდნეობის სექციებისა.


,,ვფიქრობთ, რომ ასეთი კონფერენციები ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი სტუდენტების, ჩვენი დამწყები მეცნიერების გამოცდილების დაგროვებას. ამიტომაც ფაკულტეტი მუდმივად ხელს უწყობს მათ – წარმოადგინონ თავიანთი შეხედულებები და მიიღონ მონაწილეობა კონფერენციებში”, – აღნიშნა პროფესორმა ნინო პოპიაშვილმა, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს.
