თსუ-ს მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგები უცვლელია

თარიღი: 2023-06-09 14:32:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და, ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – ტურიზმის სკოლისა და მედიცინის ფაკულტეტების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა 160 რეგისტრირებული დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტიდან 120 დელეგატი აირჩიეს. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა. საჩივრების წარდგენის ვადა 8 ივნისს 18:00 საათზე ამოიწურა.

„ამომრჩეველთა აქტივობამ 10 %-ზე მეტი შეადგინა, რაც საარჩევნო დებულებით გათვალისწინებულ ზღვარზე ბევრად მეტია. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არ შემოსულა.  დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და კანდიდატების წარმომადგენლებს უარყოფითი შეფასება არ დაუწერიათ. მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა,  მხოლოდ ერთი – პროცედურული ხასიათის დარღვევა დაფიქსირდა, რასაც არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“, – აღნიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ოქიტაშვილმა.  

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს  აკვირდებოდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“, „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ასევე, 2 კანდიდატის წარმომადგენელი. 

„ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ ჭიღლაძის ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ, მეორე და მესამე კორპუსებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მიმდინარე კენჭიყრის პროცესს აკვირდებოდნენ.

„მონიტორინგის პროცესში დარღვევა არ აღმოჩენილა. პროცედურული ნაწილიც ზედმიწევნით იყო დაცული. არჩევნები მშვიდ ვითარებაში გამჭვირვალედ მიმდინარეობდა“, – განმარტა მიხეილ ჭიღლაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი იხილეთ: http://bitly.ws/HPxH  

Facebook
Twitter
LinkedIn