სტუდენტურ პროექტში გამარჯვებულმა სტუდენტებმა ჩაჟაშის მთავარ ფასეულობებს მიაკვლიეს

თარიღი: 2022-09-15 21:56:05

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ტურიზმის სკოლის სტუდენტების მიერ მომზადებულმა პროექტმა – ,,შეიცან ჩაჟაშის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ტურისტული ლოკაციის უცნობი ფასეულობები“ – მიმდინარე წლის სტუდენტური გრანტების მეორე  ეტაპზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. 

პროექტის განხორციელებისას  სტუდენტებს კონსულტაციას უწევდნენ  ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი სიმონ გელაშვილი და ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე, როგორც სასწავლო დისციპლინის ,,ტურიზმის სტატისტიკის“ ლექტორი. 

„მისასალმებელია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და ინოვაციური იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს. სტუდენტური პროექტების დაფინანსება სწორედ ამის დადასტურებაა. პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის ფონზე სტუდენტების ასეთი ჯგუფური აქტივობა ტურისტულად აქტიურ რეგიონში უთუოდ საჭირო და აქტუალური იყო, რასაც, შეიძლება ითქვას, სამმაგი ეფექტი ჰქონდა: ჯერ ერთი, სტუდენტებმა  ჩაჟაშის კულტურული ღირებულებები წარმოაჩინეს ტურისტული მიმზიდველობის ზრდის კუთხით, აგრეთვე, მოახდინეს იქ არსებული პრობლემების იდენტიფიცირება; მეორე – პროექტმა ხელი შეუწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარიზაციას და, მესამე – სტუდენტების ცხოვრება  ნამდვილი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრების ჩარჩოში მოაქცია. პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და იმედია, ყველაფერი წარმატებით დასრულდება“,- განაცხადა  პროფესორმა ნინო აბესაძემ, რომელმაც  ხაზი გაუსვა  პროექტში მონაწილე სტუდენტების მონდომებას, რამაც პროექტის წარმატებით განხორციელება უზრუნველყო.

„უნდა ითქვას, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. საკითხი ეხება ახალგაზრდების განწყობის შესწავლას მათთვის მიმზიდველი ლოკაციის შესახებ. ახალგაზრდების უშგულით დაინტერესება ბოლო წლების ტენდენციად იქცა და ეს დადასტურდა კიდეც სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით.   დიდი სიამოვნება იყო სტუდენტთა  ამ ჯგუფთან ერთად მუშაობა. საამაყოა, რომ ასეთი მოტივირებული, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ანალიტიკური აზროვნების მქონე და  ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდები გვყავს. სტუდენტები მომავალ წელსაც გეგმავენ ტურისტულად საინტერესო ლოკაციებზე პროექტების განხორციელებას. მისაბაძია მათი პატრიოტიზმი და კულტურული ძეგლებისადმი  დიდი  ინტერესი“, – აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ნინო აბესაძემ, რომელმაც  მადლობა  გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისათვის თსუ-ის ხელმძღვანელობას  და პროექტში ყველა მონაწილე სტუდენტს წარმატებები უსურვა.

 პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები: ანა აბესაძე (პროექტის ხელმძღვანელი), ნინო გოგიაშვილი, სესილი ხაზარაძე, გიორგი ფარმანიანი, ბექა როსებიშვილი, სესილი ფაცაცია, ლიკა ოქროპირიძე, ოთარ ფსუტური, ლუკა წივილაშვილი და ჯაბა ანანიძე.

პროექტის მიზანი უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის ტურისტული ლოკაციის ფასეულობების შესწავლა, აქ არსებული პრობლემების გამოკვეთა, მათი გადაჭრის გზების ძიება იყო. ამ მიზნის მისაღწევად სტუდენტებმა გამოკითხეს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ის რეზიდენტები, რომლებიც მიმდინარე წელს  ვიზიტით იმყოფებოდნენ უშგულში, მოინახულეს ჩაჟაში. კვლევა მოიცავდა, ასევე, უშგულელი მოსახლეობის გამოკითხვასაც, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას უშგულის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, აქ არსებული ეკლესიებისა და მუზეუმების უცნობი ფასეულობების, ღირსშესანიშნაობების, ხალხში გავრცელებული მითებისა და ლეგენდების თაობაზე. სტუდენტებმა, პროექტის ფარგლებში, პირდაპირი ინტერვიუირება განახორციელეს ჩაჟაშის ღია სივრცეში, სასტუმროებსა და კაფე-რესტორნებში სამ ენაზე შედგენილი ანკეტებით.

„შემუშავდა დიზაინი ორივე კვლევისთვის და მომზადდა ანკეტა, რომელიც თითოეული კვლევისათვის  22 შეკითხვას მოიცავდა. კვლევამ აჩვენა, რომ უშგული და მისი ცენტრი – ჩაჟაში – ვიზიტორებისთვის მოთხოვნად ლოკაციას წარმოადგენს. ვხედავდით მოზღვავებულ ტურისტულ ნაკადებს, უშგულით აღფრთოვანებულ და კმაყოფილ ვიზიტორებს, თუმცა გამოვავლინეთ პრობლემებიც. კვლევის პროცესში დავინახეთ უშგულელი მოსახლეობის გულისტკივილი. ისინი  წუხდნენ  – თუ როგორ ნადგურდება და ინგრევა კულტურული ღირებულების მქონე დარბაზები, კოშკები; რომ სავალალო მდგომარეობაშია  უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები, დარღვეულია მათი შენახვის პირობები, მოსაწესრიგებელია გზები, აღსადგენია ეკლესიები… ასე რომ, რაც წინაპრებმა შემოგვინახეს, იმას უნდა დაცვა და შველა. ჩვენი მიზანია სტუდენტების ეს გულისტკივილი მივიდეს შესაბამის სტრუქტურებამდე, რათა დროულად მოხდეს რეაგირება“, – აღნიშნა ანა აბესაძემ, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელობამ უდიდესი გამოცდილება შესძინა.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტმა  გიორგი ფარმანიანმა განაცხადა, სტუდენტები უკვე მეორე წელია ახორციელებენ პროექტს,  რომლის მთავარი მიზანია იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლის მოგვარება აუცილებელია კონკრეტული ლოკაციისთვის.

„ინტერვიუირების საფუძველზე შევისწავლეთ ტურისტების მოსაზრებები და გამოვკვეთეთ უშგულის ის პრობლემები, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. მთავარი და ყველასთვის ცხადი პრობლემა გახლავთ გზა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება რეკონსტრუქცია, რადგან სწორედ მისი მეშვეობით შეგვიძლია ტურისტების ნაკადის გაზრდა. ამით კიდევ უფრო მეტად შეეწყობა ხელი თავად ადგილის განვითარებასაც“, – განაცხადა გიორგი ფარმანიანმა.

სტუდენტებმა  პროექტზე მუშაობისას ყურადღება გაამახვილეს იმ პრობლემებზეც, რაც ხელს უშლის ჩაჟაშში ტურიზმის განვითარებას.

„ასეთ უნიკალურ ადგილს ნამდვილად სჭირდება ერთი კარგი მუზეუმი, სადაც ექსპონატების დაცვისა და შენახვის ბევრად უკეთესი პირობები იქნება. თავად ვნახეთ უშგულში ეთნოგრაფიული მუზეუმის სავალალო მდგომარეობა. ნადგურდება ბევრი ისტორიული  ექსპონატი,  ვნახეთ დაზიანებული ხატები, მათ სჭირდებათ სწორ ადგილზე და ტემპერატურაზე შენახვა, მაგრამ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს არ ხდება. ვფიქრობ,  ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად გაართვა ამ მისიას თავი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს პროექტი საზოგადოებას დააინტერესებს და უშგულიც ჰპოვებს იმ განვითარების გზას, რომელსაც იმსახურებს“, – აღნიშნა გიორგი ფარმანიანმა, რომელმაც თავისი გუნდის სახელით დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოხატა  პროფესორ ნინო აბესაძის მიმართ, რომელიც მხარში ედგა პროექტის  მონაწილეებს.  

,,პირველ რიგში გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია.  პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების იმ ადრესატამდე მიტანაა, რომელიც მათ აღმოფხვრას უზრუნველყოფს“, -აღნიშნა პროექტის მონაწილე ნინო გოგიაშვილმა, რომელიც თავის გუნდთან ერთად ეცდება  – ეს საკითხები კულტურის სამინისტრომდე მიიტანოს.  

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა მოამზადეს სარეკლამო ბუკლეტი და ვიდეორგოლი, სადაც ასახულია უშგულის  და მისი ცენტრის – ჩაჟაშის მთავარი ღირსებები, გამოკვეთილია ძირითადი პრობლემები და კვლევის შედეგების საფუძველზე გამოვლენილია უშგულის განვითარების ძირითადი ტენდენციები.

Facebook
Twitter
LinkedIn