სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენცია

თარიღი: 2024-05-27 16:28:04

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და თსუ-ს კავკასიოლოგიური საზოგადოების ორგანიზებით 10-11 მაისს გაიმართა სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენცია. კონფერენციის მიზანია ჰუმანიტარული და მომიჯნავე მეცნიერებების წარმომადგენელი სტუდენტების კვლევათა წარმოჩენა და მათი მოტივირება, ასევე კავკასიოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენცია საერთაშორისოა და წარმოადგენს იმ ხედვის პრაქტიკულ განხორციელებას, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იბერიულ-კავკასიური საენათმეცნიერო სკოლის ფუძემდებელს, ენათმეცნიერს, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ჰქონდა კავკასიელი მკვლევრების ერთ სამეცნიერო ფორუმზე გაერთიანებასთან დაკავშირებით. დღეს რეგიონის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ თსუ-ს კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში, მათი მოწაფეები კი წარდგებიან სტუდენტთა კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე.

სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ კონფერენციის იდეის ავტორი, თსუ-ს კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ჩუხუა და თსუ-ს კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ჯონი კვიციანი.

კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ თსუ-ს კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

სტუდენტთა III კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩეჩნეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები. წაკითხული იყო სულ 18 მოხსენება.

კონფერენციაზე მოხსენებათა ფართო თემატური სპექტრი იყო წარმოდგენილი. წარმატებულად იმუშავა სამმა მიმართულებამ: 1. ლიტერატურათმცოდნეობა და ფოლკლორისტიკა; 2. ისტორია და წყაროთმცოდნეობა; 3. ენათმეცნიერება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების დაინტერესება აქტუალური სამეცნიერო საკითხებით სწავლების ყველა საფეხურზე.

კონფერენცია გაიხსნა ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის სექციის მუშაობით (თავმჯდომარე: დავით (დანიელ) ოქროპირიძე). სექციაზე წარმოდგენილი იყო ოთხი მოხსენება: 1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების – ეკატერინე მებაღიშვილისა და ელგუჯა ცინცაძის მოხსნება – „თურქი მეომრები დაღესტანში: ინტერვენტები თუ განმანთავისუფლებლები?“ (ხელმძღვანელი: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი იური სულაბერიძე); 2. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის დავით (დანიელ) ოქროპირიძის მოხსნება – „პოლიტიკური თეოლოგია და ნაციონალური კულტის ფორმირება შუა საუკუნეების ქართულ ნარატიულ წყაროებში“ (ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან მათეშვილი); 3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ნია ლომიძის მოხსენება  – „სამი აღმოსავლელი ავტორი (ჰასან რუმლუ, ისქანდერ მუნში და ევლია ჩელები) საქართველოს „ტყვეთა სყიდვის“ შესახებ“ (ხელმძღვანელი: დოქტორანტი ნინო სალია); 4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ლიზა ქავთარაძის მოხსენება – „ვახტანგ VI-ის ურთიერთობები ევროპასთან“ (ხელმძღვანელი: დოქტორანტი ნინო კაკალაშვილი).

ლიტერატურათმცოდნეობისა და ფოლკლორისტიკის სექციაზე (თავმჯდომარე: მარიამ სულიკაშვილი) წარდგა ხუთი მომხსენებლი: 1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ სულიკაშვილი მოხსენებით „ისტორიული მოვლენების ასახვის თავისებურება იოანე ბაგრატიონის „კალმასობაში“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი); 2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინა ზიგერი მოხსენებით „არტურ ლაისტი ოსური დამწერლობისა და ოსური ფოლკლორის შესახებ“ (ხელმძღვანელი: ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბრეგაძე);  3. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკა ხანიშვილი მოხსენებით „ოთარ ჩხეიძის „არტისტული გადატრიალების“ პუნქტუაციური თავისებურებანი“ (ხელმძღვანელი: პროფესორი თამილა ზვიადაძე);  4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა კუპრეიშვილი მოხსენებით „ჩეჩნური სიმღერა „იმ ღამეს ვიშვით“ და ქართული საგმირო პოეზია“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი); 5. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო გაბელია მოხსენებით „როგორია და რას ეყრდნობა ქართველთა და ოსთა წარმოდგენები წმინდა გიორგიზე“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი).

ყველაზე მეტი მოხსენება ენათმეცნიერების მიმართულებით იყო. მოხსენებები გადანაწილდა ორ სექციად, რომელთაც ერთი დღის განმავლობაში წარმატებით იმუშავა.

ენათმეცნიერების პირველ სექციაზე (ხელმძღვანელი: ნათია თავაძე) წარდგნენ: 1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი ნათია თავაძე მოხსენებით „ტემპერატურის აღმნიშვნელ ტერმინთა ზოგადი კატეგორიზაცია ქართულ ენაში“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბარათაშვილი); 2. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მუბარიქ ჰაჯიმურადოვა მოხსენებით „დიფთონგი wo ჩეჩნური ენის სახელებისა და ზმნების სტრუქტურაში“ (ხელმძღვანელი: დოცენტი საიდ-ჰამზათ ირეზიევი); 3. დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალინა იბრაჰიმოვა მოხსენებით „აღმოსავლურ ენათა გავლენა რუსული ენის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე“ (ხელმძღვანელი: დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბული ენის კათედრის გამგე, უფროსი პედაგოგი აზარცუნ მაჰომედოვი); 4. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამინა სოსაევა მოხსენებით „სუფიქსი -ზა ჩეჩნურ ენაში“ (ხელმძღვანელი: დოცენტი საიდ-ჰამზათ ირეზიევი); 5. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლინდა ვისაითოვა მოხსენებით „ხმოვანი ბგერების დაკარგვა ჩეჩნურ ენაში“ (ხელმძღვანელი: დოცენტი საიდ-ჰამზათ ირეზიევი).

ენათმეცნიერების მეორე სექციაზე (ხელმძღვანელი: ალექსანდრე ლაბარტყავა) წარმოდგენილი იყო ექვსი მოხსენება: 1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ალექსანდრე ლაბარტყავას „XVII-XVIII საუკუნეების ხუნძური ტექსტების რამდენიმე ენობრივი თავისებურების შესახებ“ (ხელმძღვანელი: ფილოლოგიის დოქტორი ლევან აზმაიფარაშვილი); 2. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის აჰმედ ადამოვის „მისალმებისა და დამშვიდობების ლინგვოპრაგმატული ანალიზი ჩეჩნურ ლინგვისტურ კულტურაში“; 3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის თეა გიგიტაშვილის „ბაცბური (წოვა-თუშური) ენა (სოციოლინგვისტური ანალიზი)“; 4. ჩეჩნეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტის ვისხან ბექსულთანოვის „ნასესხებ სიტყვათა ადაპტაცია ჩეჩნურ ენაში“ (ხელმძღვანელი: ჩეჩნური ენის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი აიშათ ბადაევა); 5. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის ქეთევან საყევარაშვილის „პროექტი „ხუნძური ენის ელექტრონული ბიბლიოთეკა“ (მიმდინარე ანგარიში)“; 6. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის აიშათ ნაგომერზაევას „ზოგიერთი ორთოეპიკური შეუსაბამობა ჩეჩნურ ენაში“ (ხელმძღვანელი: დოცენტი საიდ-ჰამზათ ირეზიევი). 

მისასალმებელია, რომ ზოგი მომხსენებელი პირველად არ იღებს მონაწილეობას სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენციის მუშაობაში.

Facebook
Twitter
LinkedIn