როგორ იყენებენ სტუდენტები ,,თავისუფალ დროს“?
რას ნიშნავს თავისუფალი დრო საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც საკმაოდ დატვირთული ცხოვრების წესით გამოირჩევა?
სტუდენტების თავისუფალ დროზე მინდა მოგიყვეთ, რომელთა შემადგენელი ნაწილი მეც ვარ და მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, გამეგო – რას ნიშნავს სტუდენტის დატვირთულ ცხოვრებაში ეს დრო – უმრავლესობის პასუხი მოსალოდნელი და იუმორისტულიც შეიძლება იყოს: ,,სად მაქვს თავისუფალი დრო?”
,,სტუდენტების თავისუფალი დრო მთლიანად დამოკიდებულია დროის მენეჯმენტის უნარზე. ძირითადად ყველაფერს დედლაინის უკანასკნელ დღეებში ვაკეთებ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი და თან სტრესულია, თუმცა თავისუფალ დროს მაინც ვიყენებ, ასე თუ ისე, პროდუქტიულად და ონლაინ გამოცემა ,,თორმეტში” გავდივარ სტაჟირებას, სტატიებს ვწერ”,- გვიყვება თსუ-ის სტუდენტი ნინი ნიკოლეიშვილი.
სტუდენტების უმრავლესობა სწავლის პარალელურად მუშაობს კიდეც და შესაბამისად განტვირთვა ყოველმხრივ მნიშვნელოვან როლს იკავებს მათ ცხოვრებაში, თუმცა ცდილობენ, რომ მათი განტვირთვა და თავისუფალი დრო მხოლოდ გართობას არ დაუკავშირონ: ,,პოლიტიკის მიმართულების სტუდენტი ვარ და თავისუფალ დროს გართობასთან ერთად ხშირად ვესწრები ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ტრენინგებს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ვკითხულობ სამეცნიერო სტატიებს პოლიტიკაზე”, -ამბობს მარიამ გამზარდია.
წიგნები და კითხვა ის ძალიან აქტუალური პასუხებია, რომელსაც მოისმენთ შეკითხვაზე – რას აკეთებთ თავისუფალ დროს? ,,წიგნების კითხვა ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, აუცილებელია და რაწამს თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ვიწყებ ჩემი საყვარელი ლიტერატურის კითხვას. ამავდროულად ვცდილობ, არ მოვწყდე სიახლეებს და წავიკითხო ჟურნალისტური მასალებიც”, – ასე აღწერს მისთვის თავისუფალ დროს სტუდენტი ნინი ღონღაძე და დასძენს: „აუცილებლად ყველამ უნდა გამონახოს თავისუფალი დრო, რათა აკეთოს საყვარელი საქმე სურვილისა და გემოვნების მიხედვით”.
მოგზაურობა ადამიანებისთვის ენერგიის აღდგენის და ემოციური საზრდოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სტუდენტები ამბობენ, რომ ხშირად, როდესაც მათთვის უქმე დღეებია, ერთვებიან ქვეყნის მასშტაბით გამართულ სამოგზაურო ტურებში. ამასთან, თუ სტუდენტი რეგიონიდანაა და დედაქალაქში მხოლოდ განათლების მისაღებად ცხოვრობს, დროს, რომელიც მათთვის საქმისაგან თავისუფალია, მშობლიური კუთხეებისა და ოჯახების მონახულებას უთმობს. ,,როცა ჩემს მშობლიურ ქობულეთში ვარ, ხშრად დავდივარ ზღვაზე. რა თქმა უნდა, წელიწადის არასეზონურ დროს არ ვბანაობ, მაგრამ წყლის პირას ყოფნა და ფიქრი ძალიან მამშვიდებს. ხშირად ვარ მეგობრებთან ერთად”, – ეს სტუდენტი გვანცა რომანაძის სიტყვებია.
სტუდენტურ გართობებს შორის ყველაზე ,,ბანალური” ალბათ სერიალებისა თუ ფილმების ყურებაა, რომელსაც ყველა უთმობს ცხოვრებისა და თავისუფალი დროის გარკვეულ ნაწილს, თუმცა ფილმებისა და სერიალების საიტების წაშლამ ყველას დიდი ,,ტკივილი” მიაყენა: ,,რაც Adjaranet-მა ჩვენი გულები და ვებბრაუზერები დატოვა, ფილმებსა და სერიალებს იშვიათად ვუყურებ. გამოსავალს უცხოურ საიტებზე მივაგენი”, – ასე აღწერს ამ ,,დანაკარგს” თეკლა ხარაზიშვილი. თეკლა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია და ამბობს, რომ მისი ფაკულტეტის სტუდენტებს დიდი რაოდენობით აქვთ წასაკითხი მასალა, პასუხისმგებლიან სტუდენტებს კი – სასწავლი. ამიტომ თუ სკოლის პერიოდში მისი თავისუფალი დროის ,,მეგობრები“ წიგნები იყვნენ, ახლა გართობის მთავარი ,,შემოქმედნი“ წიგნები აღარ არის და ცდილობს სხვა რამით გაერთოს.
სახლში ყოფნა და თავისუფალი დროის კედლებში გატარება ყველას ,,სტიქია” არ არის. სპორტი, აქტიური ცხოვრების წესი ბევრი სტუდენტის ცხოვრების ნაწილია. ,,თუ არ ჩავთვლით სწავლასა და სამსახურს, დარჩენილი დროის განმავლობაში ძალიან ხშირად ვთამაშობ ფეხბურთს, მათ შორის, თსუ-ის შეჯიბრებებზეც. დავდივარ მეგობრებთან ერთად გასართობ ცენტრში ბილიარდისა თუ ტენისის სათამაშოდ. ჩემი ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ნადირობა და თევზაობა, რასაც ხშირად ვახერხებ”, – თქვა ლაშა მჭედელაძემ. მისთვის გართობის მიმზიდველ ნაწილს კლუბებსა და ბარებში სიარულიც წარმოადგენს.
სტუდენტები ერთხმად იზიარებენ აზრს, რომ სააუდიტორიო სწავლება იძლევა საშუალებას ადამიანური ურთიერთობების გაღრმავების, მეგობრების გაჩენის და ონლაინსწავლების დროს ,,დაკარგული” დროის ანაზღაურებისთვის. მაგალითად, სტუდენტი დიტო ბელქანია გვიყვება: ,,ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ კურსელ-მეგობრებთან გატარებული დრო სტუდენტობის ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ამით ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი მოგონების დაგროვებას და ამიტომაც ვქმნი ყოველი ასეთი შეკრების შემდეგ სამახსოვრო ვიდეოკოლაჟს.”
ჩემი თანამედროვეების შემდგომ კი მეც გაგიზიარებთ აზრს, რომ მიუხედავად ჩემი დატვირთული სასწავლო პროცესისა, ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს დრო, რომელსაც განტვირთვისა და გართობისთვის გამოვიყენებ. პირიქით, მგონია კიდეც, რომ ადამიანებმა უნდა შევძლოთ და თავად გამოვნახოთ პერიოდები, რომლებსაც ისეთი ემოციებით გავამდიდრებთ, რომ აღარ დადგეს საჭიროება მოვექცეთ ამ ორი სიტყვის – ,,თავისუფალი დრო“ – ჩარჩოებში.
ნინო ჯანჯალაშვილი
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებთა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი