2026 წლის მოლოდინში: რა სურვილები აქვთ თსუ-ს სტუდენტებს?

თარიღი: 2025-12-17 12:36:22

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს ვკითხეთ – რას უსურვებდნენ საკუთარ უნივერსიტეტს. მათი გზავნილები განსხვავებულია: ზოგიერთი ყურადღებას ამახვილებს თსუ-ს აკადემიურ წარმატებებზე, ზოგს კი ინფრასტრუქტურის მეტად განვითარება სურს. გაეცანით თსუ-ელების საახალწლო სურვილებს…

ბარბარა ხაჭაპურიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV  კურსი:

,,თსუ-ს ვუსურვებ ჯანსაღად და სწორად მოაზროვნე სტუდენტებით სავსე აუდიტორიებს; ასევე, მინდა, სტუდენტისთვის უნივერსიტეტში განვლილი თითოეული დღე გახდეს მოტივაცია უკეთესობისკენ სწრაფვისა, და არა მოვალეობა, რომელსაც უმიზნოდ შევასრულებთ. ვისურვებ მეტ აქტივობებს, სტუდენტზე მორგებულ გარემოს და მრავალფეროვნებას”.

ნანკა კოპალიანი, იურიდიული ფაკულტეტი, II კურსი:

,,ახალ 2026 წელს ვისურვებ, რომ დაპატიმრებული სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნებულიყვნენ.”

ნიკ სიარგი, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი, Front End დეველოპმენტის პროფესიული პროგრამა:

,,თსუ-ს კიდევ უფრო მეტ აკადემიურ წარმატებას, საერთაშორისო აღიარებასა და განვითარებას ვუსურვებ. დაე, უნივერსიტეტი დარჩეს თავისუფალი აზროვნების, მეცნიერების და ინოვაციის წამყვან ცენტრად საქართველოში. პროფესორ-მასწავლებლებს ვუსურვებ ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას, ხოლო სტუდენტებს – ცოდნით, მიზანდასახულობითა და წარმატებით სავსე მომავალს”.

თეკლა სიხარულიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტი, თურქოლოგია, IV კურსი:

,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბევრი სტუდენტისთვის ცოდნის მიღების უშრეტი წყაროა. უნივერსიტეტს ვუსურვებ პროგრესს ახალი პროექტების განხორციელებაში, წარმატებულ სტუდენტებსა და მუდამ მზარდ აკადემიურ სტანდარტებს”.

ანი მიქელთაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი:

,,2026 წელს თსუ-ს ვუსურვებ, რომ ლექტორებისა და სტუდენტების ურთიერთობა კიდევ უფრო ადამიანური გახდეს, იგრძნობოდეს ერთმანეთისადმი პატივისცემა და ამა თუ იმ საკითხში მხარდაჭერა”.

ლაშა გუნთაიშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, I კურსი:

,,უპირველეს ყოვლისა, სიმშვიდე, წარმატება და ბედნიერება უნივერსიტეტს, ხოლო შემდგომ კი მეტი ყურადღების გამახვილება სხვა კორპუსებზეც. ვფიქრობ, ,,განივს“ მიხედვა სჭირდება”.

თეკლე კაცაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამა, III კურსი:

,,მსურს, რომ ჩვენს უნივერსიტეტს საუკეთესო 2026 წელი დაუდგეს! დიდი სურვილი მაქვს, რომ ის ყოველთვის ასოცირდებოდეს ხარისხთან, ტრადიციებთან და მომავლისადმი რწმენასთან. რაც შეეხება ცვლილებებს, ვფიქრობ, რომ ახალ წელს უნდა შევხვდეთ ახალი იდეებით: კორპუსების განახლებითა და მოდერნიზაციით (და არა გაყიდვით), სტიპენდიატთა რაოდენობის გაზრდით, აკადემიური და კულტურული აქტივობების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით”.

მარიამ ცინცაძე, ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, I კურსი:

,,ვისურვებდი, რომ ,,განივი“ და ,,მაღლივი“ კორპუსები თსუ-ს მფლობელობაში დარჩეს და არ გაიყიდოს. ასევე, ყურადღება მიექცეს განსაკუთრებით ,,განივის“ ინფრასტრუქტურას”.

ნინი ლებანიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგია, II კურსი:

,,ჩემი უდიდესი სურვილია შეიცვალოს ზოგიერთი ლექტორის დამოკიდებულება ჩვენ (სტუდენტების) მიმართ და მორჩეს მათგან დამამცირებელი საუბრები”.

Facebook
Twitter
LinkedIn