თსუ-ს სტუდენტები, რომლებმაც პარკინსონზე ნიკოტინის დადებითად ზემოქმედების ანტიოქსიდანტური მექანიზმები ახსნეს

თარიღი: 2024-05-02 15:45:07

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტების – ნიკოლოზ ჟღენტისა და ოთარ ბიბილაშვილის სტატია  („Exploring the Neuroprotective Effects of Nicotine Against MPTP-Induced Neuronal Damage in Mice: Insights into Antioxidant System“) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში – „International Journal of Biochemistry and Biophysics“ – დაიბეჭდა.

ნიკოლოზ ჟღენტი და ოთარ ბიბილაშვილი თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოქიმიის კათედრაზე პროფესორ ნანა კოშორიძის ხელმძღვანელობით მუშაობენ. მათი კვლევის ზოგადი მიმართულება პარკინსონის დაავადების გამომწვევი და სამკურნალო მექანიზმების იდენტიფიცირებაა. სტატიაში გამოქვეყნებული მიგნებები სამწლიანი კვლევის შედეგებია, რომელიც პარკინსონის დაავადებაზე ნიკოტინის ზემოქმედების მექანიზმების დადგენას მოლეკულურ დონეზე ითვალისწინებდა.  სტატიის თანაავტორები ასევე არიან:  პროფესორი ნანა კოშორიძე, ასისტენტ-პროფესორი გიორგი ბურჯანაძე და  მარიამ შენგელია.

 „ამჟამად ჩვენი კვლევის ორ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: ნიკოტინის პროტექტორული ეფექტების შესწავლა პარკინსონის დაავადების მოდელზე და სხვადასხვა საკვებ მცენარეში შემავალი ლექტინების გავლენის შესწავლა მღრღნელებზე“, – ამბობენ სტუდენტები.

სტატია, რომელიც სტუდენტებმა 2023 წელს გამოაქვეყნეს, პირველად ხსნის და განმარტავს პარკინსონზე ნიკოტინის დადებითად ზემოქმედების ანტიოქსიდანტურ მექანიზმებს. 

ნიკოლოზ ჟღენტი: „კვლევების მიმდინარეობისას ვნახეთ, რომ ნიკოტინმა სარწმუნოდ გააუმჯობესა თავის ტვინის მდგომარეობა ოქსიდაციური სტრესის კონტექსტში. ოქსიდაციური, იგივე – ჟანგვითი სტრესი – არის პროცესი, რომლის დროს უჯრედის მეტაბოლიზმი ირღვევა და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანელაში – მიტოქონდრიაში ჟანგბადის პათოლოგიურად აქტიური ფორმების ჭარბი წარმოქმნა იწყება, რაც უჯრედის დაზიანებას და შემდგომ კვდომას იწვევს. ლაბორატორიულ თაგვებზე განხორციელებული ცდების შედეგად ვნახეთ, რომ ნიკოტინის პერ ორალურად მიცემის შემდეგ იმ ფერმენტების აქტივობა გაიზარდა, რომლებიც ამ მავნე პროცესს ხელს უშლიან, ანუ ჩვენ დავადასტურეთ, რომ ოქსიდაციურ სტრესზე ნიკოტინს დადებითი გავლენა აქვს“.

მეორე სამეცნიერო კვლევითი ქვემიმართულება, რაზეც სტუდენტები მუშაობენ, მცენარეების, კონკრეტულად ლობიოს ღივისა და რეჰანის შემადგენელი სპეციფიკური ცილების – ლექტინების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების განსაზღვრაა.

ნიკოლოზ ჟღენტი: „ლექტინები ცილათა ჯგუფია, რომლებიც გამოირჩევიან როგორც ტოქსიკური, ასევე თერაპიული მოქმედებით. ჩვენ უკვე დავიწყეთ ლექტინების კვლევა, ამ ეტაპზე გამოვყავით, განვსაზღვრეთ მისი ფიზიკო-ქიმიური თვისებები – რა სტრუქტურისაა, როგორ ზემოქმედებს სხვა მოლეკულებთან და დავიწყეთ In Vitro ცდები, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ცხოველურ ორგანიზმზე“.

ოთარ ბიბილაშვილი: „სულ რამდენიმე სამეცნიერო სტატიაა გამოქვეყნებული, სადაც მკვლევრები ამბობენ, რომ მას აქვს ნეგატიური გავლენა და შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება, მაგალითად, პარკინსონიზმი. ჩვენი საბოლოო მიზანი აღნიშნული ჰიპოთეზის გადამოწმებაც არის, მაგრამ მანამდე ლექტინების ორგანიზმზე გავლენის ზოგადი სურათი უნდა შევისწავლოთ“.

ნიკოლოზ ჟღენტი:„ამ ეტაპზე უკვე შესწავლილი გვაქვს აღნიშნული ლექტინების ზოგადი მახასიათებლები და მიმდინარეობს ცხოველებისთვის პერორალური მიწოდების ფაზა. პირველი, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ ლექტინების მიღებას ცხოველების ღვიძლზე ტოქსიკური გავლენა აქვს, რისი დიაგნოსტიკაც ღვიძლის ფუნქციური მარკერებით ხდება“.

ნიკოლოზ ჟღენტი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ფსიქიატრიაში გეგმავს, ოთარ ბიბილაშვილი კი ნევროლოგიის შესწავლას აპირებს. სტუდენტები ერთობლივი კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, რასაც, ამ ეტაპზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების ფარგლებში ახერხებენ. პარალელურად, ნიკოლოზ ჟღენტი და ოთარ ბიბილაშვილი მოლეკულურ ფსიქიატრიაში სახელმძღვანელოს შექმნაზეც მუშაობენ.

სტატია „Exploring the Neuroprotective Effects of Nicotine Against MPTP-Induced Neuronal Damage in Mice: Insights into Antioxidant System“ იხილეთ ბმულზე: https://www.hrpub.org/journals/article_info.php?aid=13900

Facebook
Twitter
LinkedIn