თსუ-ს სტუდენტების სტუდენტური ცხოვრება ნიცაში

თარიღი: 2023-06-26 18:04:53

ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის კოტ დ’აზურის  უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 4 სტუდენტი ასრულებს. 

კოტ დ’აზურის  უნივერსიტეტში თსუ-ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ფრანგულ სწავლის მეთოდებს და გაიარონ ის სასწავლო კურსები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება მათი პროფესიული განვითარებისთვის და დაეხმარებათ მათ ფრანგული კანონმდებლობის გაანალიზებაში“, – ამბობს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, რომელიც  კოტ დ’აზურის  უნივერსიტეტს საერთაშორისო Digital Week-ის ფარგლებში ეწვია და  გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა – „ასევე, ჩვენი ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაზაფხულის სემესტრში ფრანგი პროფესორების ხელმძღვანელობით სადისერტაციო კვლევაზე იმუშაონ, ისარგებლონ იქ არსებული სამეცნიერო რესურსით და მოახდინონ მათი საკვლევი თემის მიმოხილვა შედარებით-სამართლებრივ ჭრილში“.

პიროვნული ზრდა, უცხო კულტურული გარემოს გაცნობა და ადაპტირება, პროფესიული ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებელი ცხოვრება, მრავალფეროვან კვლევით რესურსებზე წვდომა  – ასე აფასებენ თსუ-ს სტუდენტები კოტ დ’აზურის  უნივერსიტეტში მიღებულ გამოცდილებას. საუბრობენ სირთულეებზეც: ფრანგული სამართალი და ფრანგული სამართლებრივი ლიტერატურის ათვისება, გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებისას…. და კოტ დ’აზურის  უნივერსიტეტისა და თსუ-ს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს უზიარებენ რჩევებსაც…

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი ნიკა ტეფნაძე: „საფრანგეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში – კოტ დ’აზურის სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლამ მაზიარა სწავლა-სწავლების სრულიად განსხვავებულ სისტემას. მთავარ გამოწვევად ფრანგული სამართლებრივი ლიტერატურა რჩებოდა, თუმცა შესაბამისი ძალისხმევითა და მოტივაციით ეს გამოწვევაც დაძლევადია.

ჩემთვის პროფესიულად ძალზე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, სამართლებრივი პრაქტიკისა და ფრანგი პროფესორების გამოცდილების გაზიარება. აქტიურად ვადარებდი ამა თუ იმ სამართლებრივი პრობლემის ქართულ და ფრანგულ გადაჭრის გზებს.  ყოველივე ეს  სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს ხდიდა. აღნიშნულმა სემესტრმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ საფრანგეთი სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ვისურვებდი მაგისტრატურისა და სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას.

მთავარ სირთულედ მაინც ევროპულ ბიუროკრატიას დავასახელებდი. ფრანგული ადმინისტრირება კიდევ უფრო მეტად ჩახლართულია. ერთ-ერთი ფრანგი პროფესორის სიტყვებს გავიხსენებ, აქ სწორედ იმისთვის ვარ, რომ ვებრძოლო ფრანგულ უზარმაზარ ბიუროკრატიას. ხშირად დროში იწელებოდა სტიპენდიის დარიცხვა, თუმცა ეს გაცვლითი პროგრამების ჩვეული პრობლემაა. ამასაც აქვს დადებითი მხარე, ვისწავლე, როგორ ვმართო დამოუკიდებლად პირადი ბიუჯეტი.

ერთ-ერთი გამოწვევა ენობრივი ბარიერი გახლდათ. დროთა განმავლობაში ეს გამოწვევაც წარმატებით გადავლახე და დღეს დანამდვილებით ვგრძნობ თავს ფრანკოფონად. თუმცა ერთი რამ ცხადია – კიდევ ბევრი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ სრულყოფილად გავითავისო ფრანგული ენა. აღნიშნულმა გამოწვევებმა კიდევ ერთხელ დამანახა, თუ როგორ მსურს წარვმართო ჩემი ცხოვრება – ცხადია, როგორც კარიერული, ასევე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით“.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი სალომე პაქსაძე: „საფრანგეთში გატარებულმა თითოეულმა დღემ მოახდინა გავლენა ჩემს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ ასპექტებზე. თითოეული სირთულე, რომელსაც ვაწყდებოდი უცხო ქვეყანაში განსხვავებული კულტურის ხალხის გარემოცვაში, უფრო მაძლიერებდა და მარწმუნებდა საკუთარ შესაძლებლობაში. ჩემთვის სასიხარულო აღმოჩნდა ფრანგების მიმართ არსებული სერიოზული და პირქუში პიროვნებების სტერეოტიპის სიცრუე. მათთან ყოველდღიურ ურთიერთობაში ვგრძნობდი, თუ როგორ აფასებდნენ იმ ძალისხმევას, რაც ფრანგული ენის სწავლაში ჩავდე, პატივისცემას ჩემი ქვეყნის მიმართ, რომელიც ასე მედგრად, ყველანაირი სირთულის მიუხედავად ცდილობს გახდეს ნამდვილი ევროპული ქვეყანა. ახლაც ემოციურია ჩემთვის ჩვენი ერთ-ერთი ლექტორის სიტყვით გამოსვლა ლექციის დაწყებისას, რომ ეამაყებოდა ქართველი ევროპული ღირებულებების მატარებელი სტუდენტები და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. 

კოტ დ’აზურის უნივერსიტეტში სწავლების სრულიად განსხვავებული სისტემაა. ჩემთვის ახალი იყო საფრანგეთის სამართლის სისტემა, რაც უფრო დიდ ინტერესს აჩენდა ჩემში – გავცნობოდი მას და შემედარებინა თითოეული საკითხის მოქმედება ჩვენი ქვეყნის სამართალთან. მთავარ გამოწვევად ფრანგული სამართლებრივი ლიტერატურა რჩებოდა, თუმცა, შესაბამისი ძალისხმევითა და მოტივაციით, ეს გამოწვევაც დაძლევადია.

აღნიშნულმა პროგრამამ დამარწმუნა, რომ შრომა და ბრძოლა საკუთარი მიზნებისთვის ყოველთვის ფასდება“.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი თამარ ჭალიძე: „ჩემი დისერტაციის თემაა არასრულწლოვანის სუბიექტუნარიანობა სამოქალაქო სამართალში. სამეცნიერო ხელმძღვანელობას მიწევს სამართლის დოქტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ჩიტაშვილი. კოტ დ’აზურის უნივერსიტეტში არასრულწლოვანთა საპროცესო უფლებებზე ვმუშაობ. ფრანგული მხრიდან ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელია კერძო სამართლის პროფესორი, ECPRD-ის დირექტორი გრეგუარ ლერეი (Grégoire Leray). მისი ძალიან მადლიერი ვარ ჩემი გულთბილი მიღებისათვის და ღირებული რჩევებისათვის. ვფიქრობ, მისი დახმარებით მოძიებული ინფორმაცია ჩემი კვლევის ღირებული ნაწილი იქნება. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა და აკადემიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

გამიმართლა, რომ პროფესორი გრეგუარ ლერეი არა მარტო ჩემი კვლევის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდა, არამედ დამეხმარა უნივერსიტეტში ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაშიც. აღსანიშნავია, რომ ფრანგული საქმიანი კომუნიკაციის ეტიკეტს გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს, რაც ჩემთვის ნაკლებად იყო ცნობილი და გარკვეული სირთულეების გავლაც მომიხდა როგორც აკადემიურ, ადმინისტრაციულ, ისე საყოფაცხოვრებო საკითხებში. სტუდენტის სტატუსისა და ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებზე წვდომის მოპოვებას თითქმის ერთი თვე დასჭირდა, რაც გარკვეულწილად ენობრივი ბარიერითაც იყო გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ მე ვმონაწილეობ ინგლისურენოვან გაცვლით პროგრამაში, უამრავი დოკუმენტის შევსება ფრანგულ ენაზე მომიწია, რადგან უნივერსიტეტის მოთხოვნა ასეთი იყო. ძალიან მადლიერი ვარ ქართველი სტუდენტების, რომლებიც აქ ჩემთან ერთად იმყოფებიან თსუ-ს საბაკალავრო პროგრამის მობილობის ფარგლებში და სწავლობენ ფრანგულ ენაზე. მათი დახმარება შეუფასებელია ფრანგულ ენაზე კომუნიკაციის მხრივ. მათ ასევე გამიზიარეს ყველა მიგნება და გამოცდილება, რაც ნიცაში ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებას უკავშირდება.

ჩემი რჩევა მკვლევრებისთვის, ვინც მომავალში აქ ჩამოსვლას გეგმავს, იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიონ წინასწარ და აუცილებლად გაესაუბრონ სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება უკვე აქვთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო კვლევის ფარგლებში ლექციებზე დასწრება არ არის სავალდებულო, მაინც უმჯობესია კვლევის წარმოების პერიოდი უნივერსიტეტში სალექციო პერიოდს დაემთხვეს, რათა უფრო მარტივი იყოს უნივერსიტეტის როგორც აკადემიურ ისე ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრა“.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გვანცა ხასია: „ჩემი სადისერტაციო კვლევა მოგზაურობის მომწყობის პასუხისმგებლობის ფარგლებს ეხება, როდესაც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად ტურისტი ვერ იღებს შეთანხმებულ მომსახურებას. აღნიშნული საკითხი ქვეყნისთვის მეტად აქტუალურია, ვინაიდან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ტურისტის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ვალდებულება გააჩნია. ჩემ სადისერტაციო კვლევას საქართველოში ვახორციელებ ასოცირებულ პროფესორ თამარ ზარანდიას ხელმძღვანელობით, რომლის რეკომენდაციები და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია კვლევის პროცესში.

საფრანგეთის კანონმდებლობაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა რიგი ცვლილებები მომხმარებელთა, კერძოდ კი ტურისტის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის კანონმდებლობის დონეზე გაიწერა ის პრევენციული მექანიზმები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილება და დაიცვას ის მოსალოდნელი იმედგაცრუებისგან/ზიანისგან. განსაკუთრებით საინტერესოა საფრანგეთის გამოცდილება ტურისტისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასთან, ასევე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არამატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან და მისი ოდენობის დაანგარიშებასთან დაკავშირებით, როდესაც მოგზაურობის ხარვეზი გამოწვეულია მოგზაურობის მომწყობის ბრალით.

გაცვლითი პროგრამის დახმარებით შესაძლებლობა მომეცა წვდომა მქონოდა ჩემი კვლევისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო რესურსებზე. ამასთან, კოტ დ’აზურის  უნივერსიტეტის პროფესორების გამოცდილების გაზიარება ჩემ საკვლევ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს სადისერტაციო ნაშრომისთვის.

მობილობის განმავლობაში არსებობდა რიგი სირთულეები, მათ შორის რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი დახმარება აღმოგვიჩინეს ჩვენი უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტისა და იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომელთაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუდმივი მხარდაჭერისთვის“.

Facebook
Twitter
LinkedIn