სტომატოლოგებისთვის გამოიცა ახალი სახელმძღვანელო – ,,ენდოდონტია“
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიური დეპარტამენტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე კათედრის გამგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ქეთევან გოგილაშვილის ხელმძღვანელობით გამოიცა ახალი სახელმძღვანელო ,,ენდოდონტია“ (ორტომეული).
ენდოდონტია სტომატოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის კბილის არხების ანატომიას, ფიზიოლოგიას, პულპისა და პერიაპიკალური ქსოვილების მორფოლოგიას, პათოლოგიას და მკურნალობის მეთოდებს.

სახელმძღვანელო შექმნილია სტუდენტების განვითარების ხელშესაწყობად, რომ ისინი უკეთ იყვნენ აღჭურვილნი ცოდნითა და გამოცდილებით, რათა წარმატებით უპასუხონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და 21-ე საუკუნის გამოწვევებს. წიგნში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია უზრუნველყოფს მეთოდების თეორიული საფუძვლების და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, რომელიც სრულად არის მორგებული სტუდენტების საჭიროებებზე.
სახელმძღვანელოს ორი ტომი განკუთვნილია როგორც დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის და პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის. მისი მთავარი მიზანია საფუძვლის შექმნა ცოდნის, უნარების და კომპეტენციების განვითარებისთვის.
სახელმძღვანელოს ორტომეული გამოცემულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილებით და დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს მიერ.
