მედიცინის ფაკულტეტმა სასწავლო წელი ორი მნიშვნელოვანი კონფერენციით დაასრულა
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტმა სასწავლო წელი ორი მნიშვნელოვანი კონფერენციით დაასრულა. 28 ივნისს პირველი სტუდენტური სტომატოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით – ,,თანამედროვე სტომატოლოგიის აქტუალური საკითხები”. 5 ივლისს კი, დეკანატის ორგანიზებით, მედიცინის ფაკულტეტის ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის მოეწყო კონფერენცია.
28 ივნისს ჩატარებული ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი თსუ-ს ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი მანანა კალანდაძე იყო. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ჩატარების იდეით პროფესორს თავად სტომატოლოოგიის მიმართულების სტუდენტებმა მიმართეს.
,,ძალიან მრავლისმომცველი იყო ის ერთი კვირა მედიცინის ფაკულტეტისათვის და განსაკუთრებით სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის. თავად სტუდენტების იდეითა და თხოვნით კონფერენციის ორგანიზებაში პროფესორი მანანა კალანდაძე ჩაერთო. მან ყველა კათედრის გამგეს გვთხოვა, რომ ხელმძღვანელობა გაგვეწია ჩვენი სტუდენტებისთვის, რათა მოხსენებები ხარისხიანად მოემზადებინათ. ხელშეწყობა და თანადგომა გვქონდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანატიდან და თვითონ დეკანისგან, ქალბატონი მაია ბიწკინაშვილისგან, ასევე სტუდენტური თვითმმართველობისგან”, – აღნიშნა თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა მამუკა მარგველაშვილმა ჩვენთან საუბარში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ თსუ-ს სტომატოლოგიის როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კურსებიდან. ფართო დამსწრე აუდიტორიამ 12 მოხსენება მოისმინა სტომატოლოგიის სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ. ღონისძიების ბოლოს მომხსენებლებს ,,აზადენტის” ხელმძღვანელ, ქალბატონ თამუნა ნინიაშვილისგან საჩუქრები გადაეცათ, შემდეგ კი კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს.
,,მოხსენებები ყველა იმ აქტუალურ საკითხს ეხებოდა, რომელში გარკვევაც სტუდენტებს თავიანთი ცოდნითა და ინფორმაციის მოძიებით შეეძლოთ. მთავარი მიზანი იყო, რომ თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით და სანდო, სამეცნიერო წყაროების საფუძველზე მათ უნდა გადაეცათ ცოდნა კოლეგებისთვის. იყო დისკუსიები, მსჯელობა, განხილვა – ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს და აფასებდნენ. მიხარია, რომ ამ შინაარსიან ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო“, – აცხადებს პროფესორი მამუკა მარგველაშვილი.
5 ივლისს ფაკულტეტზე გაიმართა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელსაც თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანატმა გაუწია ორგანიზება, კერძოდ, დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამუნა რუხაძემ. აქ უკვე მთელი მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების 20-მა სტუდენტმა წარადგინა მოხსენებები. ღონისძიება პარალელურ რეჟიმში ორ სექციად წარიმართა.
,,ეს კონფერენციები სტუდენტებისგან წამოსული მუხტის შედეგია. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს. მომავალ წელს უკვე საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური სტომატოლოგიური კონფერენციის ჩატარებას ვგეგმავთ“, – ამბობს პროფესორი მამუკა მარგველაშვილი.
