კარლის უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრი
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტს სტეფან დუმოიანს ბევრი ოცნება და ამბიციური სურვილი აქვს, რასაც ეტაპობრივად, დიდი შრომისა და კარგი სწავლის ფასად აღწევს. მისი აზრით, თსუ-ში მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მიზნის მიღწევა შესაძლებელია, როდესაც შენ მიერ არჩეული პროფესია გიყვარს და საკუთარი განვითარებისთვის ძალას არ იშურებ.
„უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი ყოველთვის მქონდა. საბედნიეროდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ კუთხით მრავალი შესაძლებლობა არსებობს და მეც სწორედ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მომეცა საშუალება – ერთი სემესტრით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროპის ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში – კარლის უნივერსიტეტში – მესწავლა. ჩემი არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ ერთი სემესტრის მანძილზე არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა ავიმაღლე, არამედ შევიძინე ბევრი მეგობარი, რომელთა დახმარებით სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებულ კულტურასა და ტრადიციებს გავეცანი, ასევე, საშუალება მომეცა, შემედარებინა ისინი ჩვენი კულტურისთვის და ტრადიებისთვის. სწორედ ამ ურთიერთობების შედეგად კიდევ უფრო მეტად დავაფასე ჩვენი ფასეულობები“, – ამბობს სტეფანი.
სტეფან დუმოიანისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული ყოველი დღე ძალიან ძვირფასია, რადგან, როგორც ამბობს, სწორედ აქ ჩამოყალიბდა მისი მსოფლმხედველობა, მიიღო სათანადო ცოდნა და უფრო თავდაჯერებული გახდა. „ახლა უფრო მეტად შემიძლია თამამად ჩავერთო ნებისმიერ დისკუსიაში და დამაჯერებელი არგუმენტებით გავამყარო ჩემი მოსაზრებები. თსუ-ში მიღებული ფუნდამენტური ცოდნა ევროპაში თავის წარსადგენად დამეხმარა. ვთვლი, რომ ჩემი პრინციპულობისა და დისციპლინის შედეგია, რომ შემიძლია დასახულ მიზანს მივაღწიო“, – ამბობს სტეფანი. მას დიდი იმედი აქვს, რომ პრაღაში სწავლისას დაგროვილი გამოცდილება მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება, რასაც მალე ჩვენს გაზეთსაც გაუმხელს.
