საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას თსუ გამოეხმაურა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
„გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო! საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა! აღსრულდა ქართველთა მრავალი თაობის სურვილი – მჭიდროდ დავკავშირებოდით ევროპულ ოჯახს. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით განათლებისკენ, განვითარებისკენ, მშვიდობისკენ, წარმატებისკენ! მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, მადლობა ევროპელ მეგობრებს ჩვენი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ ნაბიჯებსაც მალე გადავდგამთ და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით! წინ ევროპისკენ! დიდება საქართველოს!“- ნათქვამია თსუ-ს რექტორის მილოცვაში.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
თსუ ეზოში შეკრებილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსვლელობა მოაწყვეს პირველი კორპუსის ეზოდან რუსთაველის გამზირისკენ და კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავ ზეიმში მიიღეს მონაწილეობა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი