კათედრის  – „გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“ – ჯგუფის წევრების მიერ დაწერილი სტატიის ავტორები დაჯილდოვდნენ

თარიღი: 2023-12-14 12:29:18

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ,  თსუ-ს აკადემიური პერსონალის წახალისების მიზნით,  გამოყო ფინანსური ჯილდო, რომელიც მეცნიერს გადაეცემა  მაღალრეიტინგული სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაციისთვის.

მიმდინარე წლის დეკემბერში დაჯილდოვდა მორიგი სტატია, რომლის ავტორები თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები: ნატალია ხარაძე, ნანა კაციტაძე და  ასისტენტ პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი არიან.

პუბლიკაციის მომზადებისა და  მასში განხილული კვლევის შესახებ გვესაუბრება  ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე:

„მოგეხსენებათ, ჩვენი კათედრა  – „გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“ – ახალი შექმნილია. ამდენად, ნებისმიერი წარმატება განსაკუთრებით გვახარებს.  ფაკულტეტზე საკმაოდ ხშირია სხვადასხვა კათედრის წევრების გუნდური მუშაობა. სწორედ გუნდური მუშაობის შედეგია მაღალრეიტინგულ ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება, რომელმაც რეგულაციის მიხედვით ჯილდო დაიმსახურა. სტატია ჟურნალ  ACCESS: Access to science, business, innovation in digital economy“ გამოქვეყნდა. ჩვენი ჯგუფის კვლევის საგანს წარმოადგენდა „დასაქმებულთა კმაყოფილებაზე მოქმედ ფაქტორთა შესწავლა თბილისის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა მაგალითზე. ” STUDY OF THE FACTORS INFLUENCING THE SATISFACTIONOF EMPLOYEES IN THE TERRITORIAL UNITS OF THE TBILISI CITY HALL. კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულების კმაყოფილებაზე, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხელმძღვანელის მართვის სტილი და მისი ქცევა.

ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა  თბილისის მერიის ტერიტორიული ერთეულებიდან კვალიფიციური სამუშაო ძალის გადინების მიზეზების იდენტიფიცირება. კვლევა, ასევე, მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების კმაყოფილების დონის გაზომვას.  ამასთან, მნიშვნელოვანი იყო დაგვედგინა  კორელაცია კმაყოფილებას, მოტივაციას, დისკრიმინაციულ მოპყრობასა და სამუშაო ძალის გადინებას შორის.  კვლევა ფოკუსირებულია საჯარო მოხელეებზე. მნიშვნელოვანია იმის გაგებაც – თუ რა იწვევს თანამშრომლების მიჯაჭვულობას დასაქმებისადმი და რა არის სამუშაოს დატოვების მიზეზი.

კვლევის მონაცემების გასაანალიზებლად გამოყენებულ იქნა SPSS სტატისტიკური პროგრამული პაკეტი. კვლევის პროცესში გამოვლინდა სამუშაოს შეცვლასთან დაკავშირებული მრავალი ფაქტორი. თუმცა, რესპონდენტთა უმრავლესობას სურს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი კონკრეტული ასპექტების გაუმჯობესებით.

კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა დონის მენეჯერებს შორის კმაყოფილების ხარისხს სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ საშუალო და დაბალი დონის მენეჯერები არ გამოხატავენ კმაყოფილებას ანაზღაურებით, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უპირველესი მოტივატორია საჯარო მოხელეებისთვის.

კვლევის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება თბილისის მერიის ტერიტორიულ ერთეულებს ისეთი ცვლილებების განხორციელებაში, რომლებიც გაზრდის პერსონალის პროდუქტიულობას.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის მიგნება, რომ კმაყოფილების ხარისხის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ლიდერის ქცევის სტილი.

სწორედ ამან გამოიწვია კვლევის გაგრძელება. შევისწავლეთ კონკრეტულად ლიდერის რომელი ქცევა ახდენდა გავლენას დაქვემდებარებულთა მოტივაციასა და ქცევაზე.

2023 წელს საფაკულტეტო საგრანტო კონკურსში ჩემი ხელმძღვანელობით წარვადგინეთ განაცხადი: „ლიდერის ქცევის გავლენა დასაქმებულთა მოტივაციასა და ქცევაზე“. პროექტში გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის წევრებთან ერთად ჩართული იყვნენ ტურიზმისა და მასპინძლობის  მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე  და ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორები მაია გიორგობიანი და ლია ძებისაური.  

პროექტის ფარგლებში მომზადებული სტატია (,,The Nexus of Employee Motivation and Leadership: A Study in Georgian Ministries of Economy and Finance” ) ,,თანამშრომლების მოტივაციისა და ლიდერობის კავშირი: საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში დასაქმებულთა მაგალითზე“ გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში ,,Journal of Eastern Europe and Central Asia Research (JEECAR)”  რეიტინგით cite score 2.3. ამ ჟურნალის რეიტინგიც აკმაყოფილებს  რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. (სტატიის ავტორები არიან ნატალია ხარაძე, ნანა კაციტაძე, მაია გიორგობიანი, ლია ძებისაური და დეა ფირცხალაიშვილი).

სამწუხაროა, რომ ფინანსურ  ჯილდოზე  მასში მონაწილე კოლეგების წარდგენა ვერ მოხდა, რადგან რეგულაციით საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადებული სტატია ჯილდოს არ ექვემდებარება.

ვფიქრობთ, მსგავსი მიდგომა გადასახედია, რადგან ახდენს მოტივაციის დაცემას. თუმცა, აღნიშნული სტატიის ავტორებიც მოკრძალებულ წვლილს შეიტანენ უნივერსიტეტის რეიტინგის ზრდაში  და ეს თითოეულისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნატალია ხარაძემ.

გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის წევრი, ასოცირებული პროფესორი  ნატალია ხარაძე და ასისტენტ პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი  ორი წელია თანამშრომლობენ სკოპუსის  ბაზაში არსებულ ჟურნალთან – Journal of Eastern Europe and Central Asia Research (JEECAR). ისინი სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან და მიმდინარე წელს მოახდინეს ჯამში 4 სტატიის რეცენზირება.

როგორც ასისტენტ პროფესორმა დეა ფირცხალაიშვილმა განაცხადა: ,,მაღალრეიტინგული ჟურნალის სტატიების რეცენზენტობა საშუალებას გვაძლევს ახლოს გავეცნოთ უცხოელი კოლეგების ნაშრომებს და სტატიაზე მუშაობის მათ სტილს. 2023 წელს გავიარე  „Web Of Science Academy“  ორი სასერტიფიკატო კურსი ,,An Introduction to Ethical Publishing Behavior“ და  ,,Mentoring  in  Peer Review on“, რომელიც მეხმარება წარმატებით გავართვა თავი სტატიებს რეცენზირებას.

ჩვენი კათედრის მიერ მიმდინარე წელს მოხდა ახალი პროგრამების  შემუშავება და დღეს მათ სრულყოფაზე ვმუშაობთ. აქაც წარმატებით გაუმკლავდება კათედრა გამოწვევებს. ყველა უნივერსიტეტელს და ჩემს კათედრას წარმატებებს ვუსურვებ. იმედი მაქვს 2024 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და კიდევ შევძლებთ მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ  დედა უნივერსიტეტის რეიტინგის ზრდაში“, – აღნიშნა კოლეგების სახელით  დეა ფირცხალაიშვილმა, რომლისთვისაც გასული წელი ნაყოფიერი და  წარმატების მომტანი იყო.

Facebook
Twitter
LinkedIn