ერთთვიანი სტაჟირება Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში
მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტებმა ნინი შავაძემ, ნინო ხარაიშვილმა და მერაბ ჭანტურიამ გაიარეს ერთთვიანი სტაჟირება Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში (INM-4).
,,ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში ჩატარებულ საგრანტო კონკურსში, სადაც გავხდით გრანტის მფლობელები და გავიარეთ ერთთვიანი სტაჟირება Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში (INM-4). ეს კვლევითი ცენტრი, რომელიც არის გერმანიის კვლევითი ცენტრების ჰელმჰოლცის ასოციაციის წევრი, მთლიანად დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური შტატის მიერ. ამასთან, იგი აღიარებულია, როგორც სპეციალიზებული სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტებისთვის.ჩვენი ვიზიტის განმავლობაში შევისწავლეთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) პრინციპები. შევიძინეთ ახალი უნარები – თუ როგორ გადაიტანება თეორიული ცოდნა მონაცემთა მოპოვების მეთოდებში და როგორ მუშავდება მიღებული MRI სიგნალები სხვადასხვა ქსოვილის შესახებ ინფორმაციის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის“, – აღნიშნავენ სტაჟიორი სტუდენტები.
გერმანიაში მივლინებისთვის საგრანტო კონკურსის შესარჩევ ეტაპზე, სტუდენტებმა თსუ-ს მორფოლოგიის კათედრაზე პროფესორ დიანა ძიძიგურის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების თაობაზე წარადგინეს მოხსენებები.