ფლორიდის შტატის მოსამართლე სპაიზერი თსუ-ს ეწვია
მარკ სპაიზერი: „ჩემი უპირველესი გზავნილი არის ის, რომ სასამართლო სისტემა საზოგადოებისთვის ღია, გახსნილი და გამჭვირვალე უნდა იყოს“
აშშ-ის ფლორიდის შტატის მოსამართლე მარკ სპაიზერი და სისხლის სამართლის დარგში ადვოკატი რობერტ თრახმანი თსუ-ში პირველი ვიზიტით 2022 წლის დეკემბერში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები თსუ-ს რექტორს აკადემიკოს ჯაბა სამუშიას შეხვდნენ, სადაც მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. იმავე ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს, თემაზე: „აშშ-ის სამართლებრივი სისტემის მიმოხილვა“. მარკ სპაიზერი და რობერტ თრახმანი თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტსაც ეწვივნენ. ინსტიტუტის საქმიანობის გაცნობისას მარკ სპაიზერი და რობერტ თარხმანი პროფესორ ირინე ქურდაძესთან და ასისტენტ-პროფესორ მარიამ კევლიშვილთან, ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაზაფხულის სემესტრში, საჯარო ლექციებისა და სალექციო კურსის წაკითხვის შესახებ შეთანხმდნენ.
შეთანხმებისამებრ, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა მოსამართლე მარკ სპაიზერსა და ადვოკატ რობერტ თრახმანს, მოწვეული ლექტორების სტატუსით, 2023 წლის მაისში უმასპინძლა. ინტენსიური კურსი თემაზე – „სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი აშშ-ში“ ჩატარდა. სალექციო პროცესი 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამერიკელმა იურისტებმა ქართველ სტუდენტებს ამერიკის სისხლის სამართლის კონცეფცია და სისხლის სამართლის პროცესის ძირითადი ასპექტები გააცნეს. მოწვეულ ლექტორებს ასისტენტობა საერთაშორისო სამართლის მიმართულების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა ომარ მთივლიშვილმა გაუწია.
სტუმრებმა, ჟან მონეს კათედრის (Jean Monnet Chair, “Understanding EU Policy for Equality”) ფარგლებში, ამავე კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ირინე ქურდაძის შეთავაზების საფუძველზე 2 საჯარო ლექციაც გამართეს:
- „აშშ-ს კონსტიტუციის შესწორებები ადამიანის უფლებების შესახებ“ – საჯარო ლექციის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს აშშ-ს კონსტიტუციის შესწორებების მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს განვითარებაში და მათ გამოყენებაზე პრაქტიკაში.
- „სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის სახე, აშშ-ში“ – საჯარო ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა სიკვდილით დასჯაზე, როგორც სასჯელის სახეზე აშშ-ში, მისი გამოყენების ფარგლებსა და მნიშვნელობაზე.
საჯარო ლექციებს როგორც თსუ-ს, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდნენ.
მარკ სპაიზერი:
ფლორიდის შტატის მოსამართლე;
იურიდიული განათლების პირველი ხარისხი მიიღო ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში;
1976 წელს მოიპოვა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი;
მოსამართლედ განწესებამდე მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში: აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასა და სახელმწიფო პროკურორის ოფისში;
აქტიურად კითხულობს ლექციებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში,
მათ შორის არის: ჩეხეთის რესპუბლიკის მასარიკის უნივერსიტეტი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, დნეპროპეტროვსკის შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტი, მინსკის უნივერსიტეტი, ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და ა.შ.
„საქართველოში ეს ჩემი მეორე ვიზიტია და, შემიძლია გითხრათ, ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა“, – ამბობს სპაიზერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საუბრისას – „აღფრთოვანებული ვარ აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციით, სტუდენტების განათლებით სამართლის დარგში და ასევე ინგლისური ენის ცოდნის დონით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ლექციაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერაქცია და აუდიტორიის მხრიდან უკუკავშირია, რაც ნამდვილად საინტერესო და აქტუალური კითხვების დასმით გამოიხატა. თანაც, ერთია, როდესაც ქართული სამართლის შესახებ ინფორმაციას ვიღებ წიგნებითა და სხვადასხვა წყაროებით და მეორე – როდესაც ქართველი კოლეგები და სტუდენტები გიყვებიან.
ზოგადად, საქართველო და ყველა ის ქვეყანა, სადაც ნამყოფი ვარ, განათლების სისტემის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძალიან განსხვავებულია. ბოლონიის პროცესის სისტემა სტუდენტებს საშუალებას აძლევს პრაქტიკული პროფესიული საქმიანობა გაცილებით ადრე დაიწყონ, ვიდრე ეს ამერიკაში ხდება. ჩვენთან განათლების სისტემა მომავალ იურისტებს საშუალებას აძლევს ცხოვრებისეული გამოცდილებაც მიიღონ, ანუ პროცესი გაცილებით ხანგრძლივია, რაც, მიმაჩნია, რომ კარგი იურისტის ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ვიმედოვნებ, რომ კიდევ ვეწვევი საქართველოს და საშუალება მომეცემა სტუდენტებს ჩემი ცოდნა და გამოცდილება კიდევ ერთხელ გავუზიარო“.
მარკ სპაიზერი უკვე ათწლეულებია მოსამართლეებისთვის, პროკურორებისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პროფესიულ ტრენინგებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ატარებს. მოსამართლის რანგში არასრულწლოვანთა, სამემკვიდრეო დავის, სისხლის სამართლის ძირითადი დანაშაულების, სამოქალაქო სამართლის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა საქმეებს განიხილავდა.
თუ რა არის მისი, როგორც მოსამართლის, მთავარი პრინციპები, რის გაზიარებასაც ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები კოლეგებისა და სამართლის სპეციალობის სტუდენტებისთვის ცდილობს, ფლორიდის შტატის მოსამართლე სპაიზერი ინტერვიუში განმარტავს.
თქვენი, როგორც მოსამართლის საქმიანობა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, გკითხავთ თქვენი კვლევითი ინტერესების შესახებ – რა საკითხებს მოიცავს?
მარკ სპაიზერი: „მოგეხსენებათ, ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს შესაბამისი საკვალიფიკაციო ეტაპები, დააგროვოს კრედიტები, მოსამართლეობის პარალელურად ჩემი საქმიანობა მათ სწავლებას უკავშირდება, რაც ძალიან მომწონს და დიდი ინტერესით ვაკეთებ. ჩემთვის საინტერესოა იმ ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, რასაც წლებია ვეწევი: ჩემი პრაქტიკიდან ორი წელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებით ვიყავი დაკავებული, 18 წელი გახლდით სისხლის სამართლის ძირითადი დანაშაულების მოსამართლე და მათ შორის განხილული მაქვს საქმეები სიკვდილით დასჯის შესახებ. 15 წელი სამემკვიდრეო სამართლის მიმართულებით ვსაქმიანობდი, მაგალითად, ქონების გაყოფის შესახებ საქმეები, როდესაც მხარეს წარმოადგენენ შშმ პირები, მოხუცები… ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი მათი ინტერესები დამეცვა. ბოლო სამი წელია სამოქალაქო სამართლის საქმეებს განვიხილავ, რაც საკმაოდ მრავალფეროვანია. ასევე, როგორც მედიატორი ვერთვები მომრიგებლობით პროცესში სხვადასხვა კომპანიებს შორის, ან სამედიცინო დავებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ხშირად დანაშაულებს განმეორებით სჩადიან მენტალური ჯანმრთელობის მქონე პირები, რომლებიც ვერ იღებენ სათანადო ფსიქოლოგიურ დახმარებას. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ჩემი ინიციატივით, დაინერგა ე.წ. თერაპიული მართლმსაჯულება, რაც მენტალური ჯანმრთელობის სასამართლოს შექმნაში გამოიხატა, სადაც აღნიშნული დიაგნოზის მქონე პირებს შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ასეთი სასამართლოების რიცხვი ამერიკაში უკვე 850-ს აღწევს. ჩემი, როგორც მოსამართლის, მიზანი არ არის ადამიანების დასჯა, ჩემი მთავარი მოტივატორია ადამიანების დახმარება და არა – მათი დაკავება-დაპატიმრება.
მე ვგრძნობ, რომ მაქვს ძალაუფლება, ვხედავ ინტერესს საზოგადოების მხრიდან, ვიცი, რომ შემიძლია საზოგადოებაში რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ჩემი გადაწყვეტილება სარგებლის მომტანი იყოს.
შესაბამისად, ჩემი კვლევების უმეტესობა ეხება დაგროვილი ცოდნა-გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარების საგანმანათლებლო ასპექტს“.
რამ განაპირობა თქვენი ინტერესი პოსტ საბჭოთა ქვეყნების მიმართ და რისი შეცვლა გსურთ ამ საქმიანობით?
მარკ სპაიზერი: „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ამერიკელი მოსამართლეები რუსეთში გაგვაგზავნეს. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო რუსი მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის ტრენინგების ჩატარება, რათა მათი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი, პროდასავლური გამხდარიყო. ვიზიტები 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში ისინი უფრო დამოუკიდებლები იყვნენ, თუმცა პრეზიდენტად პუტინის არჩევის შემდეგ ხელისუფლების სამ შტოს შორის ზღვარი წაიშალა და ვითარება გაუარესდა. ამერიკაში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმეს მოსამართლეზე გავლენა მოეხდინოს. ჩვენთან ვერ დარეკავენ და ვერ გეტყვიან – „მოსამართლე სპაიზერ, გვსურს ესა და ეს განაჩენი გამოიტანოთ“. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ავსტრიაში სპეციალური ტრენინგი გავიარე, რამაც სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობა მომცა, მათ შორის არის უკრაინა, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ჩეხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი. აღნიშნული ვიზიტები ორმხრივად სარგებლის მომტანია, რადგან მეც საკმაოდ ბევრს ვსწავლობ მათი გამოცდილების გაცნობის შემდეგ“.
შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის ის საერთო მახასიათებელი, რაც აქვთ პოსტ საბჭოთა ქვეყნებს სამართლიანი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, არსებობს კიდევ ამ ქვეყნებში საბჭოთა მენტალობის ნიშნები?
მარკ სპაიზერი: „თან – კი და თან – არა. მაგალითად, ბელორუსიაში ბევრად დიდია კომუნიზმის გავლენები, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
უკრაინას ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი გამართული სასამართლო სისტემის ჩამოსაყალიბებლად, ხოლო რაც შეეხება ლიტვა, ლატვია, ესტონეთსა და საქართველოს – ამ ქვეყნებს დიდი პროგრესი აქვთ და არაერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს, ჰქონდეთ შესაძლებლობა დაინახონ, თუ როგორ მუშაობს სასამართლო.
მე ყველა ქვეყანას პატივს ვცემ, სადაც ტრენინგები ჩამიტარებია, ბუნებრივია, ყველა ვერ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი და ვერ ჩამოყალიბდება ანალოგიური სისტემა, მაგრამ აუცილებელია, განსაკუთრებით სისხლის სამართლის მიმართულებით, რომ სასამართლო არ იყოს მიკერძოებული და მიმაგრებული ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს.“
ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯის სასჯელის ფორმა ჯერ კიდევ არსებობს, ამ საკითხზე თქვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციაც წაიკითხეთ. მე ხშირად მსმენია, რომ ჩვენს საზოგადოებაში აღნიშნული სასჯელის სახეს აფასებენ როგორც ამერიკის მართლმსაჯულების ნეგატიურ მახასიათებელს. რას გვეტყვით ამ საკითხის შესახებ?
მარკ სპაიზერი: „ძალიან კარგი კითხვაა… დავაზუსტებ – სიკვდილით დასჯა 27 შტატშია. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ამერიკაში ძალიან ბევრი სასტიკი დანაშაულები ხდება. კრიმინალური აქტივობა ძალიან მაღალია, ეს ერთგვარი ქვაბია, რომელიც მუდმივად დუღილის რეჟიმშია. ჩვენი ქვეყანა განსხვავდება საქართველოსგან, რომელიც პატარა ქვეყანაა. სამი წლის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში და ვეწვიე კაცთა, ქალთა და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს… მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა ამ დაწესებულებებში, ფლორიდისგან განსხვავებით ბევრად სიმშვიდეა.
ამასთანავე, მოსამართლეები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც სამართლის ნორმებს ადგენენ, ისინი მათ ინტერპრეტაციას ახდენენ. კანონმდებლობას ქმნის ცალკეული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლებიც ამერიკის მოქალაქეებს წარმოადგენენ და თუ მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ყველაზე სასტიკ დანაშაულებზე უნდა იყოს სიკვდილით დასჯა, ეს მათი უფლებაა. ხაზს ვუსვამ, სიკვდილით დასჯის განაჩენი მხოლოდ ყველაზე სასტიკ დანაშაულებზე – წამების, განზრახ მკვლელობის და ა.შ. გამოგვაქვს. ამერიკაში ხშირად ხდება სკოლებში შევარდნა და იქ მყოფი მოსწავლეებისა და სხვა ადამიანების დაცხრილვა, სწორედ ასეთ დანაშაულებს ვგულისხმობ. სიკვდილის დასჯის ბევრი საქმე განმიხილავს, თუმცა მოსამართლე გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებს, საქმეს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულებიც და, გარდა ამისა, ბრალდებულს შეუძლია მიღებული გადაწყვეტილება ზედა ინსტანციებშიც გაასაჩივროს…
სხვადასხვა ქვეყანაში ტრენინგებისა თუ ლექციების ჩატარებისას რა არის ის მთავარი გზავნილი, რასაც თქვენ, როგორც მოსამართლე, ცდილობთ გაავრცელოთ?
მარკ სპაიზერი: „ჩემი პირველი გზავნილი არის ის, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს ღია, გახსნილი, გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, რადგან რაც უფრო მეტად იქნება საზოგადოება ინფორმირებული, მით უფრო გაუმარტივდებათ იმ პროცესების გაგება, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ პრესა აქტიურად იყოს ჩართული პროცესების გაშუქებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. ჩემი მეორე გზავნილი თავად მოსამართლეებს ეხებათ, მოსამართლე საზოგადოებასთან დაახლოებული და გახსნილი უნდა იყოს, შედეგად საზოგადოებას უკეთესი წარმოდგენა შეექმნება – თუ რას ნიშნავს იურისტობა, მოსამართლეობა და, ზოგადად, იურისპრუდენცია…“
თქვენი შთაბეჭდილებები ქართველ სტუდენტებსა და უნივერსიტეტზე…
მარკ სპაიზერი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მეორე ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც მომიწვია. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და სამართლის პროგრამის სტუდენტებმა. ვთვლი, რომ ისინი ძალიან გამორჩეულები არიან, ასევე, ძალიან კარგი მსმენელები გახლავან, აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, აქტუალურ კითხვებს სვამენ და სიღრმისეულად მსჯელობენ. ჩვენი ლექციებით მიღებული გამოცდილება ორივე მხარისთვის სასარგებლოა, მე სტუდენტებისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მე და ბატონი რობერტი მოხარულები ვართ, როდესაც ასეთ ინტერესს ვხედავთ ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებისადმი. ასევე, ძალიან მომწონს უნივერსიტეტის კეთილმოწყობა და ვიმედოვნებ, რომ კვლავ ვიქნები მოწვეული ლექციების ჩასატარებლად.