წინა სახელმძღვანელოებისგან პრინციპულად განსხავებული ახალი სახელმძღვანელო სოციოლოგიის შესავალში

თარიღი: 2025-09-26 17:26:33

ახლახან თსუ-ს გამომცემლობამ გამოსცა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორის კახა ქეცბაიას განახლებული სახელმძღვანელო – „სოციოლოგიის შესავალი“. წიგნი შეიცავს ავტორის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციოლოგიის შესავალში წაკითხულ ლექციებს. სალექციო თემატიკას ერთვის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ხასიათის კითხვები და დავალებები, საპრეზენტაციო თემები, აგრეთვე – სოციოლოგიის ცალკეულ კლასიკურ და თანამედროვე  ტერმინთა განმარტებანი და ა.შ. 

წიგნი განკუთვნილია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და სოციოლოგიის შესწავლის მსურველთათვის. დაინტერესებული მკითხველი  გაეცნობა სოციოლოგიის კლასიკურ და თანამედროვე მიდგომებს, სოციოლოგიის ძირითად ცნებებსა და პრობლემებს,  სოციოლოგიური მეცნიერების თავისებურებებს და მრავალ სხვა მსგავს საკითხს.

ავტორს მიაჩნია, რომ სოციოლოგია ცოცხალი მეცნიერებაა. მისმა შესავალმა კურსმა  მკითხველი მარადიულ საჭირბოროტო სოციალურ პრობლემებსა და კითხვებზე უნდა დააფიქროს და სოციალურ მოვლენათა კვლევის ლაბორატორიაში შეიყვანოს. „წიგნი მკითხველს ეუბნება, რომ  სოციოლოგია მას და მის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას ეხება; ის ადამიანს გარემომცველ სოციალურ მოვლენათა სამყაროში ორიენტირებაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში მთავარია არა სოციოლოგიური თეორიების ზედმიწევნით ცოდნა, არამედ ის, რომ სახელმძღვანელომ მკითხველს თვალი აუხილოს და იმ რეალობის კანონზომიერება დაანახოს, რომელიც, ნაწილობრივ, მისი შექმნილია და რომელიც მასზე მძლავრად ზემოქმედებს“, – ამბობს ავტორი.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოს ერთ-ერთი მიზანი საქართველოში სოციოლოგიური ცოდნის გავრცელება და პოპულარიზაციაა. მართალია, სამეცნიერო სიახლე სახელმძღვანელოს ნაკლებად მოეთხოვება, მაგრამ „სოციოლოგიის შესავალი“ მნიშვნელოვან სიახლესაც მოიცავს. კერძოდ, წლების განმავლობაში გავრცელებული იყო მოსაზრება რომ, თითქოს, სოციოლოგია ფილოსოფიური დისციპლინაა. სახელმძღვანელო, ამ ვითარების საპირისპიროდ, იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სოციოლოგია ფილოსოფიური დისციპლინა კი არა, საზოგადოების შემსწავლელი დამოუკიდებელი, სუვერენული მეცნიერებაა, ყოველგვარი ,,ფილოსოფიური მინარევების“ გარეშე. ქართულ სამეცნიერო სფეროში აქამდე არსებულ „სოციოლოგიის შესავლებს“ მეტ-ნაკლებად ფილოსოფიური ხასიათი აქვთ. წარმოდგენილი სახელმძღვანელო მათგან პრინციპულად განსხვავებულია და, ამდენად, სიახლეს წარმოადგენს.

სახელმძღვანელოს განახლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „სახელმძღვანელოების კონკურსის“ ფარგლებში მოხდა, ხოლო მისი ბეჭდური ვერსია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გამოიცა. სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორია თსუ-ს პროფესორი ამირან ბერძენიშვილი, ხოლო რეცენზენტი – თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი შორენა თურქიაშვილი.   

Facebook
Twitter
LinkedIn