თსუ-ში აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისთავი საერთაშორისო სიმპოზიუმით აღინიშნა

თარიღი: 2025-12-01 18:10:59

თსუ-ში აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო, ერთი მხრივ, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ღვაწლის გახსენება, მეორე მხრივ კი დარგის თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვა საერთაშორისო ჭრილში. სიმპოზიუმი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო.

სიმპოზიუმის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მიესალმა და ხაზი გაუსვა გიორგი ჩიტაიას როლს საქართველოში ეთნოლოგიის აკადემიური მიმართულების ჩამოყალიბებაში. „ეთნოლოგია არა მხოლოდ მეცნიერებაა, ეს არის ჩვენი ისტორიული მეხსიერების, იდენტობისა და ყოველდღიური ყოფის პულსაცია. ის გვახსენებს, ვინ ვიყავით, ვინ ვართ და როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურის სიღრმე სწრაფად ცვალებად თანამედროვეობაში. გიორგი ჩიტაიას ღვაწლი, დაუღალავი შრომა და კვლევითი ინტერესები დღემდე განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას ქართულ სინამდვილეზე. მისმა მოღვაწეობამ ჩამოაყალიბა ახალი თაობა – მკვლევრები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მის არქივებსა და მასალებზე მუშაობას“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისათვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა თსუ-ს პროფესორი, ეთნოლოგი იოსებ (სოსო) კვიციანი.

სიმპოზიუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ გიორგი ჩიტაიას იუბილე მნიშვნელოვანი თარიღია არა მხოლოდ ეთნოლოგებისთვის, არამედ, ზოგადად, ქართული საზოგადოებისთვის. ,,ქართული ეთნოლოგიის სკოლის მნიშვნელობა გლობალიზაციის, ტრანსფორმაციებისა და ცვლილებების პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ოთხდღიანი სიმპოზიუმი საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამით იყო დატვირთული – გავხსენით პლენარული სესია თსუ-ს პირველ კორპუსში, საღამოს კი ბატონი გიორგის ხსოვნას პატივი მივაგეთ დიდუბის პანთეონში. შემდეგ დღეს პარალელური სამეცნიერო სესიები გაგრძელდა პროფესორების მონაწილეობით. სიმპოზიუმის მესამე დღე კი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა – აქ მოხსენებები წარადგინეს, ძირითადად, დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა. გვიხარია, რომ ახალი თაობა ჩვენი დარგის საიმედო მომავალია“, – აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა.

გიორგი ჩიტაიას სამეცნიერო მემკვიდრეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა, რომელიც სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო და, ამავდროულად, მოხსენებითაც წარსდგა. მან ყურადღება გაამახვილა მეცნიერის როლზე ქართველთა ეთნოგენეზისა და ქართული ეთნიკური კულტურის ფორმირების შესწავლის საქმეში. „გიორგი ჩიტაიამ მაღალი მეცნიერული, აკადემიური კრიტიკით გააანალიზა უცხოელი მეცნიერების ნაშრომები და დაამტკიცა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფების – სვანების, მეგრელების, ლაზების ერთიანი ქართული ეთნიკური კუთვნილება. უმნიშვნელოვანესია მისი ნაშრომი „ლაზური ორნამენტის შესახებ“,  სადაც მან დაასკვნა, რომ უძველესი საერთო ქართული სიმბოლიკა ორნამენტში სწორედ ამ კუთხეებმა შემოგვინახეს“, – განაცხადა როზეტა გუჯეჯიანმა და დასძინა, რომ კონფერენციის მასალების საფუძველზე სამეცნიერო კრებული გამოიცემა.

საერთაშორისო სიმპოზიუმის სხდომებზე პროფესორებმა წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები: ,,გიორგი ჩიტაიას პედაგოგიური მოღვაწეობის რამდენიმე ასპექტის შესახებ” (ნინო მინდაძე),  ,,ლევან II დადიანის სამოსი და XVII საუკუნის ქართული მოდა” (გიორგი კალანდია) ,,ხალხური პედიატრია – სამცხე-ჯავახეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით” (ნინო ჩირგაძე), ,,მითიური მჭედლები ქართულ ფოლკლორში” (ხვთისო მამისიმედიშვილი), ,,აფხაზეთის კონფლიქტის ქართულ-აფხაზური შეფასებების შედარებითი ანალიზი” (ომარ არდაშელია), ,,ლაზური ზღაპრების კვლევის მოკლე ისტორია” (ქეთევან ლორთქიფანიძე), ,,სამონადირეო რიტუალების ფრაგმენტები უძველეს გამოსახულებებზე” (ქეთევან სიხარულიძე), ,,საქართველოს ეთნოკულტურული პეიზაჟის ტრანსფორმაცია: სოციოლოგიური და ეთნოლოგიური პერსპექტივები” (თამარ ვეფხვაძე) და სხვ.

ღონისძიების საერთაშორისო მასშტაბი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო დასკვნით დღეს გამართული ონლაინ სესიის დროს, სადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში ეთნოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიურ გამოწვევებზე იმსჯელეს. დისკუსიაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ პროფესორები გერმანიიდან (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი), ბულგარეთიდან (სოფიას უნივერსიტეტი), სომხეთიდან (ერევნის უნივერსიტეტი) და უზბეკეთიდან (სამარყანდის უნივერსიტეტი).

სიმპოზიუმის ფარგლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით ,,საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებლები და სასაზღვრო ურთიერთობები – ჯავახეთი”. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლე იყო, რომ მესხური ერდო-გვირგვინიანი საცხოვრებელი ნაგებობის სამშენებლო ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

Facebook
Twitter
LinkedIn