სიმონ დალაქიშვილის გახსენება
2023 წლის 23 აგვისტოს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოფიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი სიმონ დალაქიშვილი.
სიმონ დალაქიშვილი 1935 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა ქ. თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და 1961 წელს გახდა ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1965 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – ,,ადამიანის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ზოგიერთი ველის სტრუქტურული ცვლილებები დაბერების პროცესში”. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ გააგრძელა თავისი კარიერული სვლა ამავე ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდგომ გერონტოლოგიის განყოფილების გამგედ (ეს განყოფილება პირველი ასეთი სტრუქტურული ერთეული იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში), დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2015-2017 წლებში გახლდათ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
სიმონ დალაქიშვილს გამოქვეყნებული აქვს 181 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა და დაცულ იქნა 13 დისერტაცია.
პროფესორ სიმონ დალაქიშვილს დიდი ღვაწლი აქვს საქართველოში გერონტოლოგიის დარგის განვითარების საქმეში. გერონტოლოგიისა და გერიატრიის საკითხებზე მან ჩაატარა ოთხი კონფერენცია (1975, 1982, 1999, 2001 წწ.), აშშ-სთან ორი ერთობლივი საერთაშორისო სიმპოზიუმი (1980 წელს – თბილისში, 1982 წელს – ნიუ-იორკში), ორი საერთაშორისო კონფერენცია დაბერების და დღეგრძელობის საკითხებზე (1986, 1991 წწ.), ერთი საერთაშორისო სიმპოზიუმი დაბერების ციტოგენეტიკის საკითხებზე (1997 წ.) და ხუთი კონფერენცია მოსახლეობის დაბერების სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე (1975, 2000, 2002, 2004, 2016 წწ). პროფესორი სიმონ დალაქიშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოში დღეგრძელობის ფენომენის კომპლექსური პოპულაციური კვლევის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომელიც განხორციელდა აშშ-ს (1977-1982 წწ.), უკრაინის, რუსეთის (1977-1986 წწ.), ჩეხოსლოვაკიის (1985-1987 წწ.), დიდი ბრიტანეთის (1984-1986 წწ.), იაპონიის (1983-1987 წწ.) წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან ერთად.
1983 წელს ბატონ სიმონ დალაქიშვილს მიენიჭა ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, ამავე წელს ის არჩეულ იქნა იაპონიის ნატურალური მედიცინის ასოციაციის საპატიო წევრად.
1985-1986 წლებში სიმონ დალაქიშვილი მონაწილეობდა მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამა „კარდიაკის“ მუშაობაში, რომელიც განხორციელდა მსოფლიოს 24 ქვეყანაში.
სიმონ დალაქიშვილი შეისწავლიდა საქართველოში დემოგრაფიული დაბერების საკითხს და თვლიდა, რომ ხანდაზმულებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ღირსეული სიბერე. მისი ხელმძღვანელობით ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიის განყოფილების მიერ შემუშავებულ იქნა საქართველოს ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის პროექტები, რომლებიც წარადგინა სამთავრობო სტრუქტურებში (2000-2004 წწ.)
გერონტოლოგიის დარგში გაწეული ღვაწლისა და თავდადებული შრომისათვის ბატონი სიმონ დალაქიშვილი 2013 წელს დაჯილდოებულ იქნა ღირსების ორდენით, ხოლო 2016 წელს – თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით. ბატონ სიმონ დალაქიშვილის გარდაცვალებით დიდი დანაკლისი განიცადა არა მარტო ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტმა, არამედ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებამაც.