რა სიახლეებით შეხვდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს?

თარიღი: 2022-09-29 17:47:53

გვესაუბრება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

თამარ დოლბაია

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული  ფაკულტეტია, რასაც ადასტურებს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მიღწევები, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩართულობა და ის მაჩვენებლები, რაც ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად გვაქვს – აქ მოდიან წარმატებული და საზოგადოებრივად აქტიური ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ სწავლა განაგრძონ პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, სოციოლოგიის და საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. ფაკულტეტი  სტუდენტებს სთავაზობს 7 საბაკალავრო, 16 სამაგისტრო და 13 სადოქტორო პროგრამას. ფაკულტეტის მრავალფეროვანი და ხარისხიანი აკადემიური პროგრამები განაპირობებს სტუდენტების კრიტიკულ აზროვნებასა და მათ კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

ფაკულტეტი წელსაც, ტრადიციულად, მზად დახვდა პირველკურსელებს. მოვამზადეთ „გზამკვლევი“, რომელშიც მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ გაუადვილებს მიმართულების არჩევას და, ზოგადად, სასწავლო პროცესში ჩართვას. 

სტუდენტური თვითმმართველობა ყოველ წელს გვეხმარება პირველსემესტრელებთან ურთიერთობასა და კომუნიკაციაში. წელსაც ისინი შეხვდნენ პირველსემესტრელებს და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს საგნების არჩევასთან თუ სხვა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ამისთვის, ცხადია, სპეციალისტებიც გვყავს, თუმცა თანატოლისგან მიღებული ინფორმაცია მათთვის უფრო მნიშვნელოვანია.

ოქტომბრის დასაწყისში შედგება საუკეთესო პირველსემესტრელთა დაჯილდოება. ასევე იგეგმება შეხვედრები  პირველკურსელებთან მიმართულებების მიხედვით.

სიახლეები პირველ რიგში ეხება ინფრასტრუქტურას.  იმის გამო, რომ ჩვენს განკარგულებაში არსებული მეოთხე კორპუსი უკვე გამოუსადეგარი გახდა სასწავლო პროცესისთვის, შევარჩიეთ თსუ-ის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის შენობის ერთი ფლიგელი და სტუდენტთა ნაწილი – ძირითადად პირველსემესტრელები და მაგისტრატურის  სტუდენტები გადავიყვანეთ. იქ ძალიან კარგი სასწავლო გარემო და ეზოა და სამომავლოდ, ვფიქრობ, საფაკულტეტო ღონისძიებების გასამართადაც გამოვიყენოთ.

რაც შეეხება აკადემიურ პროგრამებს – მოგეხსენებათ, რომ გასული წელი მთლიანად დაეთმო აკრედიტაციის სამზადისს. 2021 წლის სექტემბრიდან ივნისამდე პერიოდში ჩვენი ფაკულტეტის 19-მა პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია. ამდენად, გასული წელი მთლიანად დავუთმეთ პროგრამების დახვეწასა და მათ სტანდარტებთან  მეტად მიახლოების საკითხებზე მუშაობას. ფაკულტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ძალისხმევა არ დაიშურა და შედეგად მივიღეთ ყველა პროგრამის აკრედიტაცია 7 წლით.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ფაკულტეტზე სამივე საფეხურის სტუდენტებს აქვთ ხელშეწყობა როგორც თეორიული და სამკვლევრო, ასევე, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. გვაქვს სტაჟირების და სტუდენტური პრაქტიკის პროგრამები, ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო კონფერენციები, მჭიდრო კავშირები გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან. მაგალითისთვის მოვიყვან გის (გეოინფორმაციური სისტემების) ლაბორატორიას, რომელიც ჩვენს ფაკულტეტზე  გაიხსნა და დღესაც ტრენდულია. ამ ლაბორატორიას აქტიური კავშირები აქვს უცხოურ კვლევით ორგანიზაციებთან. ისინი ხშირად ჩამოდიან და ერთობლივად ვატარებთ ღონისძიებებს. მაგალითად, ახლახან, ივლისის თვეში ჩამოსულნი იყვნენ ავსტრიიდან ანალოგიური პროფილის ორგანიზაციის წარმომადგენლები… გეოინფორმაციული სისტემები, როგორც კვლევის მეთოდი, შემოვიტანეთ სასწავლო პროგრამაშიც და დოქტორანტები  დაინტერესებულნი არიან.  მომავალში მინდა უფრო შორს წავიდე და ეს საგანი საფაკულტეტო საგნადაც შემოვიტანოთ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ფაკულტეტის ადმინისტრაცია ცდილობს ხელი შეუწყოს პროფესურას სამკვლევრო საქმიანობაშიც. ამისთვის წინა წლებში საკმაოდ ბევრი აქტივობა განვახორციელეთ. ამის მაგალითია  მიზნობრივი პროექტები, რომელშიც პირდაპირ ჩანს პროფესორის და სტუდენტის თანამშრომლობის შედეგი. ასევე ჩანს, თუ როგორ სწავლობს ოსტატისგან შეგირდი. ამით ჩვენ  სტუდენტს კურიკულუმის ფარგლებში განსავითარებელი საკითხების შესწავლის საშუალებას ვაძლევთ – ანუ მიმდინარეობს კვლევა და ამ კვლევის შედეგად სასწავლო პროცესის განახლება-განვითარება. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ეს პროექტი დავტოვეთ პრაქტიკაში. უკვე წლებია, ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში არაერთი საინტერესო კვლევა ტარდება, რომლებშიც სამივე საფეხურის სტუდენტები არიან ჩართულნი. ეს პროექტი ჩვენს პროფესურას მინიმალური სახელფასო სტანდარტის შესრულებაშიც ეხმარება და ის 50 ქულით ფასდება.

რამდენიმე წლის წინ, ასევე ჩვენი ინიციატივით, დაარსდა და შეიქმნა სტუდენტთა და პროფესორთა სამეცნიერო ჟურნალები. ამ ჟურნალებში გამოქვეყნებაც 50 ქულის შესაძლებლობას იძლევა.  ამას ემატება საფაკულტეტო კონფერენცია, რომელიც ათი წლის წინ ჩემი ინიციატივით დაარსდა და მასში მონაწილეობაც 30 ქულით ფასდება. ამდენად, ფაკულტეტი 130 ქულას გარანტირებულად აძლევს პროფესორს და  თუ ამას დავუმატებთ შესაძლებლობას, რომ ასევე ვაფინანსებთ იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ჩვენგან აკადემიურ პერსონლს ხელშეწყობა ნამდვილად აქვს.

ბოლოს მინდა მივულოცო პირველსემესტრელებს, რომ ისინი რეგიონში პირველი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. მინდა ვუსურვო წარმატებები და ქვეყნის განვითარებისთვის სასიკეთო პროცესებში ჩართვა. მომავალი ხომ მათია!

Facebook
Twitter
LinkedIn