რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი?

თარიღი: 2023-10-03 15:46:37

ნანა გაფრინდაშვილი,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც თავის სფეროში ნამდვილად ლიდერია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით, არც  წელს უღალატებს  თავის ტრადიციებს, შეინარჩუნებს ძირითად მიზნებსა და ამოცანებს; ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული ცოდნის შექმნას, დაგროვებასა და გადაცემას; დასავლური გამოცდილების ათვისებასა და ჩვენი სამეცნიერო  და აკადემიური ტრადიციების შენარჩუნებას; კვლავ  განავითარებს ქართველოლოგიას, რომლის დარგები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ჰუმანიტარული აზროვნების ისტორიაში და რომელთაც  წმინდა მეცნიერულთან ერთად დიდი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს; იზრუნებს ჰუმანიტარული მეცნიერებების  ინტერნაციონალიზაციასა და  პოპულარიზებაზე;  სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ხარისხის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე;  ყველა სტუდენტზე,  ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელზე, ყველა პროფესორზე,  მათი შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ცენტრალურ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მათი ანაზღაურების გაზრდაზე.

ახალმა სასწავლო  წელმა ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ  ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი ინტერესი საქართველოში კვლავ იზრდება და ამაში განუზომლად დიდია ჩვენი ფაკულტეტის დამსახურება, რომლის  სპეციფიკას, მიმზიდველობას, სიძლიერესა და უნიკალურობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს (გამოცდილი და სახელმოხვეჭილი პროფესურა, ცნობილი და წარმატებული კურსდამთავრებულები, საუკუნოვანი ისტორია, ისტორიული პირველი კორპუსი…). მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისი პროგრამების მრავალფეროვნებაცაა. ფაკულტეტი სტუდენტებს სამივე საფეხურის 72 საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.  იგი პროგრამებისა  და სტუდენტთა  რაოდენობის მიხედვითაც ლიდერია ჩვენი ქვეყნის მასშტაბით.   წელს 31 საბაკალავრო პროგრამაზე 1213  სტუდენტი მივიღეთ, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – 568 სტუდენტი. იმედი მაქვს, მრავალი ახალი სტუდენტი შემოგვიერთდება ჩვენს 32 სამაგისტრო და 9 სადოქტორო პროგრამაზეც.

ფაკულტეტმა 2022-2023 სასწავლო წელს დაიწყო თავისი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია, რაც სერიოზული გამოწვევა იყო და რამაც ძალიან დიდი რესურსის მობილიზება მოითხოვა ყველა თანამშრომლისა და პროფესორის მხრიდან. ყველას სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ 8 კლასტერში შემავალმა 54 პროგრამამ უკვე მიიღო აკრედიტაცია, ხოლო 1 კლასტერი 5 პროგრამით აკრედიტაციის რეჟიმშია. ფაკულტეტზე მომზადდა და აკრედიტაცია მიიღო ორმა  ახალმა საბაკალავრო პროგრამამ: სინოლოგიამ და იაპონისტიკამ, რომელთაც ასოცირებული  პროფესორი ნანა გელაშვილი ხელმძღვანელობს.

ჩვენი ფაკულტეტის   სტუდენტებისა და პროფესორების ერთმა ნაწილმა, ტრადიციისამებრ, ზაფხული სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციაში გაატარა. ასეთ ღონისძიებებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც სასწავლო, ასევე, სამეცნიერო მიზნებიდან გამომდინარე და  ყოველთვის ხელს ვუწყობთ.

ვფიქრობ, ფაკულტეტის ადმინისტრაცია კარგად მოემზადა, რათა მომავალი წელი წარმატებული იყოს და ყველა დასახული მიზანი განვახორციელოთ.

ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით ყველა უნივერსიტეტელს, სტუდენტს, პროფესორს, ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ყველას, ყველას, ყველას  ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დადგომას.

საგანგებოდ მივესალმები   პირველკურსელებსა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებს, რომელთაც  ვუსურვებ, ბევრი იშრომონ, კარგად ისწავლონ, მაქსიმალურად გამოიყენონ დედაუნივერსიტეტის მდიდარი რესურსები თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ცოდნის მისაღებად და პიროვნული სრულყოფისათვის.

იმედს ვიტოვებ, რომ მშვიდი და წარმატებული  წელი გვექნება.  

Facebook
Twitter
LinkedIn