რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი?

თარიღი: 2023-10-03 16:11:58

გიორგი ღაღანიძეეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანი:

2023/2024 სასწავლო წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს, ისევე, როგორც 2022/2023 სასწავლო წელს, სტუდენტთა მიღების ძალიან მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა – ბაკალავრიატის პირველ კურსზე 1500 სტუდენტი ჩაირიცხა. პროგრამების მიხედვით სტუდენტთა რაოდენობა ასე გადანაწილდა: 500 სტუდენტი ეკონომიკის პროგრამაზე, 700 სტუდენტი – ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე, ხოლო 300 სტუდენტი  ტურიზმის პროგრამაზე მივიღეთ.

თსუ-ს მე-10 (მაღლივი) კორპუსში განხორციელდა გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და მთლიანად გამოიცვალა შენობის გადახურვა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა გადავიდა ახალგარემონტებულ, უფრო დიდ სივრცეში და 207-ე აუდიტორიაში დაიწყო ფუნქციონირება, სადაც სტუდენტებს უფრო კომფორტულად შეეძლებათ ლიტერატურით სარგებლობა და მეცადინეობა. ფაკულტეტის დღეს, 31 ივლისს, გაიხსნა აკადემიკოს ირაკლი მიქელაძის სახელობის აუდიტორია. ტექნიკურად განახლდა ბლუმბერგის ლაბორატორიაც, სადაც ათი ახალი კომპიუტერი დამონტაჟდა.

ახალი სასწავლო წლიდან, პირველი სტუდენტები მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ. ერთწლიანი სწავლების შემდეგ პროგრამის კურსდამთავრებულს ბიზნეს ადმინისტრირების საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური კვალიფიკაცია (EMBA in Public Administration) მიენიჭება.

ახალი სასწავლო წლიდან ფაკულტეტი გააგრძელებს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებულ ფინანსურ მხარდაჭერას SCOPUS ბაზებში სტატიების გამოქვეყნებისათვის.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატის სახელით ვულოცავ ყველა სტუდენტს და განსაკუთრებით ყველა პირველკურსელს სწორ პროფესიულ არჩევანს, ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ მათ.

Facebook
Twitter
LinkedIn