„შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ –  აფხაზურენოვანი თარგმანი უკვე ხელმისაწვდომია

თარიღი: 2022-07-16 15:06:17

12 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამენოვანი პუბლიკაციის  – „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ – პრეზენტაცია გაიმართა. პუბლიკაცია  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი გამოცემაა.  გასული წლის ოქტომბრის თვეში მისი ორენოვანი ვერსია იქნა წარმოდგენილი, ამ დროისთვის კი მას აფხაზურენოვანი თარგმანიც დაემატა.

პუბლიკაცია იძლევა ევროკავშირის შესახებ ცოდნას, რომელიც საჭიროა ამ უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის, მისი ინსტიტუციური მოწყობის, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის და ევროპაში გაწევრიანების ტრაექტორიის გასააზრებლად. როგორც ავტორები ნაშრომის შესავალ ნაწილში მიანიშნებენ, ისინი ევროკავშირს განიხილავენ „პირადი პროფესიული და კვლევითი გამოცდილების პრიზმაში და მიზნად ისახავენ მკითხველისთვის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის იმ ფორმით მიწოდებას, რომელიც მათ მიღებული ცოდნის შემდგომი გაღრმავებისკენ უბიძგებს“.

შვიდი ნაბიჯი, რომელსაც პუბლიკაცია გვთავაზობს, გადმოსცემს დეტალურ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ და დაინტერესებულ პირებს ამ ინსტიტუციის გლობალურ ჩარჩოში გააზრების შესაძლებლობას აძლევს.

ქვეთავში – „ევროკავშირი – მსოფლიო პოლიტიკური არქიტექტურის უნიკალური მოთამაშე“  – საუბარია  ევროკავშირის გავლენებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ სამეზობლოსთან. ავტორები სვამენ კითხვებს: მზად ვართ თუ არა ევროკავშირთან სასაუბროდ? რა ხდის ევროკავშირს საერთაშორისო პოლიტიკური არქიტექტურის უნიკალურ მოთამაშედ? რას ნიშნავს ევროკავშირის სუპრანაციონალური ბუნება და როგორ ვლინდება იგი? ნაშრომი თითოეულ კითხვაზე გვთავაზობს საინტერესო პასუხებს, რომელთა გააზრებამ, შესაძლოა, ჯანსაღი დისკუსიაც კი გამოიწვიოს. მაგალითად, ავტორები წერენ, რომ ქართულ საზოგადოებაში იზრდება ევროკავშირისადმი ინტერესი, თუმცა დასძენენ, რომ მის შესახებ ცოდნის ნაკლებობა შეიმჩნევა საზოგადოების ყველა ფენაში, მათ შორის, სტუდენტებში, მეწარმეებში, სახელმწიფო მოხელეებში, ჟურნალისტებში, არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკოსებშიც კი. „ამ ფონზე კიდევ უფრო რთულდება ევროკავშირის ფუნქციონირების სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტის იმგვარი გააზრება, რომელიც საჯარო დისკუსიებში მონაწილეებს ამ დისკუსიაში კვალიფიციური წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს“, – ამბობენ ავტორები და ცდილობენ სხვა თავებში სწორედ ეს ცოდნა მიაწოდონ საზოგადოებას სასარგებლო დასკვნების გამოტანის მიზნით.

აქვე წარმოდგენილია ყველა ის ძირითადი პროცედურა, რომელიც უნდა ვიცოდეთ ამ ინსტიტუციის შესახებ, მაგალითად „ევროკავშირის გადაწყვეტილებები და მათი დამტკიცების პროცედურები“, „როგორ იღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ინსტიტუტები“, როგორ ხდება ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავება და მისი აღსრულება; ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის საკანონმდებლო უფლებამოსილების  გამიჯვნის საკითხები; რას ნიშნავს ევროკავშირის გაფართოება;  რა ურთიერთობები აქვს ამ ინსტიტუციას თავის ევროპულ სამეზობლოსთან  და რას აკეთებს იგი საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.

ნაშრომის პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი და მოწვეული სტუმრები.

ნაშრომის აფხაზურ ენაზე გამოცემის ერთ-ერთმა ინიციატორმა, თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ „აუცილებელია, ჩვენმა აფხაზმა თანამოქალაქეებმა მიიღონ სწორი შეფასება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე, მაშინ, როცა უამრავი  ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ევროკავშირის შესახებ.“ მან აქვე დაუჭირა მხარი მოსაზრებას, რომ ნაშრომი ოსურ ენაზეც უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.

პუბლიკაციის აფხაზურ ენაზე გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ. მან აღნიშნა, რომ ნაშრომი ფართოდ უნდა გავრცელდეს ყველა ბენეფიციარსა და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნანა გაბელიას თქმით, უწყება ეცდება მაქსიმალურად გაავრცელოს პუბლიკაცია აფხაზურენოვან მოსახლეობაში. „ცნობადობის ამაღლების კუთხით ჩვენი საჯარო მოხელეები, აფხაზეთის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები გადავამზადეთ და მათ ცნობიერება ავუმაღლეთ ევროკავშირისა და ევროპის ინსტიტუტების შესახებ, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია“, – თქვა მან.

პუბლიკაციის შინაარსობრივ მხარეზე ისაუბრა EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა  იოსებ ნანობაშვილმა. მან მიმოიხილა გზამკვლევზე მუშაობის ეტაპები და აღნიშნა, რომ ის კარგი სახელმძღვანელოა დაინტერესებული პირებისთვის და აუცილებელია რაც შეიძლება ფართოდ ხელმისაწვდომი იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის. „ამისთვის გამოყენებული იქნება წიგნის როგორც დაბეჭდილი, ასევე ელეტრონული ვერსია“, – აღნიშნა მან.

წიგნის შექმნაზე მუშაობდნენ EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი იოსებ ნანობაშვილი, კანადის მანიტობას უნივერსიტეტის მაგისტრი აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის საკითხებში ჯეფრი მორსკი და ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დოქტორი საერთაშორისო საკითხებში გიორგი ლემონჯავა. ტექსტი აფხაზურად თარგმნა ირმა კინწურაშვილმა, ხოლო პუბლიკაცია გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაციის შემდგომ დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ის თანამშრომლები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობისა და EPLO-ს უნივერსიტეტის – ევროპის სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ცნობიერების ამაღლების პროგრამა: „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა; ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში“.

Facebook
Twitter
LinkedIn