რა იქნება პირველი ნაბიჯი საქართველოში შშმ პირების სოციალური ინკლუზიის გასაუმჯობესებლად
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თსუ-ს შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი პროექტს „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ინკლუზიურობის მხარდასაჭერად“ ახორციელებს. პროექტი ერაზმუს + პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის კონსორციუმი მრავალფეროვანია და უმაღლესი განათლების, არასამთავრობო სექტორისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს აერთიანებს; ასეთი შემადგენლობა პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.
პროექტის ამოცანები საქართველოში სსსმ მოსწავლეთა სწავლის პროცესში არსებული პრობლემატიკის იდენტიფიცირების შედეგად გაიწერა, რაც ითვალისწინებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებო პროგრამაში სპეციალური განათლების პროფილის საგნების დანერგვას. ასევე, პროექტი ითვალისწინებს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (სასერტიფიკატო პროგრამის) ამოქმედებას; ამ გზით კი ინკლუზიური განათლების მიმართულებით საგნისა და სპეციალური მასწავლებლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და სსსმ მოსწავლეთა სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
„ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა სოციალურ ინკლუზიას სკოლებში მათი განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.
ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც ვერ ახერხებენ შშმ პირები საზოგადოებაში ინკლუზიას, არის ის, რომ არიან აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები დასაქმებისა და პროფესიული წინსვლისთვის, რადგან სკოლებში სათანადო განათლებას ვერ იღებენ.
სკოლაში შშმ პირთა არასათანადო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციაა – ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი კვლევა ჩაგვიტარებია, რამაც აჩვენა, რომ მასწავლებლებს აქვთ ძალიან დაბალი კომპეტენცია ადეკვატურად იმუშაონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტრენინგი ჩატარებულა, ეს ცოდნა საკლასო ოთახებამდე მაინც ვერ მიდის, რადგან ასეთი ცოდნა-უნარების განვითარება ორ-სამ დღიან ტრენინგში შეუძლებელია. გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება მიეცათ აამოქმედონ სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები. ამ დროისთვის ჩვენი პროექტის ფარგლებში განვითარებული პროგრამა, რომელიც ერთწლიანია და 60 კრედიტს მოიცავს, აკრედიტაციისთვის მომზადების პროცესშია და აკრედიტაციის მიღების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგება. რაც შეეხება მასწავლებელთა მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის ფარგლებში სპეციალური განათლების პროფილის საგნების დანერგვას, არჩევითი საგნის სტატუსით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 8, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 6, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 4 და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 4 საგანი დაინერგა“, – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, შშმ საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაძე.
შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს როგორც საგნის მასწავლებლებისთვის აკადემიურ საგანმანათლებლო დონეზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სწავლებისთვის საჭირო ცოდნა-უნარების გამომუშავებას, ასევე, უშუალოდ სპეციალური მასწავლებლების მომზადებას. თამარ მახარაძის ინფორმაციით, აღნიშნული კომპლექსური მიდგომის გარეშე სსსმ პირთა სწავლების ხარისხი ვერ გაუმჯობესდება და მათ მიმართ არსებული სტიგმა არ შეიცვლება – კვლევები აჩვენებს, რომ სსსმ მოსწავლეთა არასათანადო ჩართვა სასწავლო პროცესში მათ მიმართ სტიგმას აძლიერებს. თამარ მახარაძის განმარტებით: „დღეს არსებული სიტუაცია ასეთია: სპეციალურ მასწავლებლებს აქვთ ძალიან ფრაგმენტული ცოდნა, საგნის მასწავლებლებსაც – ასევე. კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ როდესაც მასწავლებელი სსსმ მოსწავლეს, მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე მხოლოდ აფერადებინებს, ან მხოლოდ რესურს-ოთახში სვამს და არაფერს აკეთებინებს, ხელს უწყობს სსსმ პირების მიმართ არსებული სტიგმის გაძლიერებას. ჩვენი პროექტის ფარგლებში მომზადებული კურსების გავლა მომავალ მასწავლებლებს საშუალებას მისცემთ უფრო ეფექტურად იმუშაონ სსსმ მოსწავლეებთან, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის ეტაპობრივ ცვლილებას – როდესაც მომზადებული მასწავლებელი შევა საკლასო ოთახში, მას ზუსტად ეცოდინება, როგორ უნდა იყოს სასწავლო გარემო ორგანიზებული, რა უნდა მოითხოვს სკოლის ადმინისტრაციისგან ამ გარემოს მოსაწყობად და როგორ წარმართოს სწავლება ხარისხიანად“.
თამარ მახარაძე მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების სივრცეში შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალური მასწავლებლების მომზადება პირველი ნაბიჯია საქართველოში შშმ პირების სოციალური ინკლუზიის გასაუმჯობესებლად.
თსუ-ს შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის შედეგების მიხედვით, რომელიც საჯარო სექტორში შშმ პირების დასაქმების მაჩვენებლის კვლევას ითვალისწინებდა, აჩვენა, რომ შშმ პირები შრომის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანები არიან, რადგან ჯერ კიდევ საშუალო განათლების ეტაპზე ვერ იღებენ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო ცოდნას, საჯარო სექტორს კი ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვს და თითქმის ყველა ვაკანსიაზე აპლიკანტებისგან უმაღლეს განათლებას ითხოვს. რაც შეეხება უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ ვითარებას, ქართულ უნივერსიტეტებში შშმ და სსსმ პირთა საჭიროებას მორგებული გარემო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი. პრობლემის გადაჭრის მიზნით, გასულ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინკლუზიური სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისთვის, რექტორის ბრძანებით, სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა. ამ ეტაპზე კომისიას უნივერსიტეტში ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება აქვს დავალებული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით უნივერსიტეტებს შორისაც დაიწყოს თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩვენი პროექტის – „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ინკლუზიურობის მხარდასაჭერად“ – კონსორციუმის წევრია და მათთან უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ ვითარებაზეც დავიწყეთ მსჯელობა. ვგეგმავთ მემორანდუმის გაფორმებასა და პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით დიალოგის დაწყებას. აღნიშნული ნაბიჯები მნიშვნელოვანია შშმ პირთა პრობლემების მოგვარების კომპლექსური მიდგომისთვის. საჭიროა, პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა და საქმიანობის უკეთ კოორდინირება“, – ამბობს თამარ მახარაძე.
16 მაისს თსუ-ში პროექტის – „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ინკლუზიურობის მხარდასაჭერად“ – კონსორციუმის ქართველი პარტნიორები ხელს მოაწერენ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მხარეებს შორის პროექტის დასრულების შემდგომ თანამშრომლობას გულისხმობს უმაღლეს სასწავლებლებში ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.