რა ნაშრომები გახდა გერმანიის შპაიერის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მოპოვების საფუძველი?
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა გვანცა ბესელიამ და ნინო ცუხიშვილმა გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მოიპოვეს.
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის დასაქმების მაჩვენებლის მიხედვით, კურსდამთავრებულთა თითქმის 98 % პროფესიით მუშაობს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროგრამის კურსდამთავრებულებმა გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მოიპოვეს.
გვანცა ბესელია და ნინო ცუხიშვილის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი შპაიერის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ პიტერ ზომერმანია. ნინო ცუხიშვილის დისერტაციის თემა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების შედარებითსამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ რეგულირებად პროფესიებში გამოხატვის თავისუფლების კვლევას ეხება; გვანცა ბესელიამ, საქართველოს საჯარო სამსახურის მაგალითზე, ეთიკის გავლენა კანონის უზენაესობის კულტურის განვითარებაზე გამოიკვლია. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი დაკავებულია როგორც პრაქტიკული საქმიანობით, ასევე, ლექციებს კითხულობენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე მოწვეული ლექტორის სტატუსით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში GIPA, როგორც აფილირებული ასისტენტ-პროფესორები, რაც მიუთითებს, რომ მათ მიერ მიღებული ახალი ცოდნა როგორც პრაქტიკაზე, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეზე დროის მოკლე ვადებში აისახება.
„აკადემიური საქმიანობის პარალელურად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადამიანის უფლებების პროგრამაში ანალიტიკოსის პოზიციაზე ვმუშაობ. ჩემი დისერტაციის ფარგლებში ჩამოყალიბებული რეკომენდაციები გამიზნულია სახელმწიფო სტრუქტურების, პროფესიული გაერთიანებების საქმიანობის გაუმჯობესებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ კვლევა უშუალოდ საქართველოს მაგალითზე არ განხორციელებულა, მისი შედეგების გაცნობა-გათვალისწინება ნაყოფიერი იქნება ქართული სახელმწიფო სტრუქტურებისა და პროფესიული კავშირებისთვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირების კუთხით. კვლევის პროცესი სრულად მიმდინარეობდა გერმანიის შპაიერის უნივერსიტეტისა და მაქს პლანკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში. განხილული მაქვს სამი პროფესია – იურისტების, ექიმებისა და საჯარო მოსამსახურეების გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
რაც შეეხება აკადემიურ საქმიანობას, ჩემი კვლევის შედეგები უკვე ასახული მაქვს ჩემს სალექციო კურსში, თუმცა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ სტუდენტებისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდების საშუალება მექნება. კვლევის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი მიმართულებები, რომელიც შესწავლას საჭიროებს, შესაბამისად, დაგეგმილი მაქვს სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებაც. პირველ ეტაპზე საქართველოში ევროსასამართლოს პრაქტიკის დანერგვის ანალიზის გაკეთებას ვაპირებ“, – აღნიშნა ნინო ცუხიშვილმა.
„ჩემი დისერტაციის ფარგლებში განხორციელებული კვლევა ეხება – თუ რა გავლენა აქვს ეთიკის კოდექსს საჯარო სამსახურში კანონის უზენაესობის კულტურის განვითარებაზე. ნაშრომზე შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ვიმუშავე, თუმცა საქართველოს მაგალითზეა დაწერილი. ვმუშაობ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და, ასევე, ვარ „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ერთ-ერთი თანაავტორი. ჩემი პრაქტიკული საქმიანობა ითვალისწინებს სწორედ ამ ღირებულებებისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტების დანერგვას საჯარო სამსახურში. კვლევის შედეგები საკმაოდ აქტუალური და საინტერესო იქნება მათთვის, ვინც განსაკუთრებით დაინტერესებულია ტრანზიტული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში ღირებულებითი ჩარჩოს ჩამოყალიბების პროცესით.
რეკომენდაციები უკავშირდება – თუ რა არის დამატებით საჭირო იმისათვის, რომ საჯარო სამსახურის სისტემაში ეთიკური გარემო შეიქმნას. გვაქვს სამართლებრივი ჩარჩო-დადგენილება, ვატარებთ ტრენინგებს ცნობიერების ამაღლების მიზნით, თუმცა ამ აქტივობებს სისტემური ხასიათი არ აქვს. ზოგადად, რეფორმის მიმდინარეობისას კი აუცილებელია, რომ ღირებულებითი კომპონენტი კარგად გამოიკვეთოს, ანუ რა ღირებულებებს ემსახურება საჯარო სამსახურის რეფორმა, რადგან ეს არ არის მხოლოდ კანონმდებლობა, საჯარო მოხელეებს ხშირად უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, რაზეც პირდაპირი პასუხი შეიძლება კანონში არ იყოს და დისკრეციის ფარგლებში რაღაც გადაწყვეტილება ღირებულებების ჭრილში უნდა მიიღონ. სწორედ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოფხვრას ეხება ჩემი დისერტაციის ფარგლებში გაწერილი რეკომენდაციები.
აკადემიური საქმიანობის გაგრძელების პარალელურად ვგეგმავ კვლევას. ეთიკის კოდექსის მიღებიდან 5 წელი გავიდა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საჯარო სამსახურზე მისი გავლენის მახასიათებლების ზუსტი იდენტიფიცირება“, – განაცხადა გვანცა ბესელიამ.
საჯარო მმართველობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას, რომელიც გვანცა ბესელიასა და ნინო ცუხიშვილისთვის შპაიერის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის საყრდენი გახდა, 2015 წლიდან მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია. პროგრამის მიზანია – „სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე საჯარო მმართველობის სფეროში განვითარების ტენდენციებზე, მის ხარვეზებსა და სრულყოფის გზებზე, ევროკავშირის გავლენაზე, ქართულ პრაქტიკაზე, საჯარო მმართველობის მიმართულებით თანამედროვე მეთოდოლოგიურ პრინციპებზე, კვლევის მეთოდებზე, აკადემიური პატიოსნების წესებსა და პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად პრინციპებზე“, რაც სასწავლო პროცესში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ერთობლივი ჩართულობით მიიღწევა.