ახალი ნაშრომი – „საქართველოს თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“

თარიღი: 2025-04-16 18:57:09

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის  შოთა ვეშაპიძის ხელმძღვანელობით (საერთო რედაქციით) მომზადდა და გამოიცა კომპლექსური მონოგრაფიული კვლევა – „საქართველოს თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები” (მონოგრაფია – შ. ვეშაპიძე, ლ. ბახტაძე, რ. ფუტკარაძე, ჯ. ხარიტონაშვილი, ი. დანელია, მ. ლომინაშვილი, ნ. ჩანტლაძე (2024).

მონოგრაფიული ნაშრომი „საქართველოს თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“ ეძღვნება საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილეობის შედეგებისა და პერსპექტივების გამოკვლევას გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე.

ეროვნული ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკასთან მიერთება, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება და სამეურნეო კავშირების განმტკიცება კანონზომიერ მოვლენად იქცა. რა თქმა უნდა, ამ პროცესების გაღრმავებას და გაფართოებას ხელი შეუწყო მსოფლიოში უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა პოლიტიკურმა ძვრებმა, ეროვნული სამეურნეო ურთიერთობების ლიბერალიზაციამ. ამდენად, საქართველო, რომელმაც სულ ახლო წარსულში მოიპოვა პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ბუნებრივია, ამ გლობალური მოვლენებიდან იზოლირებული არ უნდა დარჩეს.

„საქართველო წარმატებითაა ჩართული მსოფლიო ეკონომიკურ თანამეგობრობაში, ზრდის საექსპორტო პოტენციალს, აფართოებს ეკონომიკურ თანამშრომლობას მსოფლიოს ქვეყნებთან, ამყარებს ურთიერთხელსაყრელ ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებთან, თურქეთთან, ახლო აღმოსავლეთის, ყაზახეთის და შუა აზიის სხვა რესპუბლიკებთან, ჩრდილოელ და სამხრეთელ მეზობლებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, ევროპის ქვეყნებთან, იაპონიასთან, სრულიად მსოფლიო თანამეგობრობასთან. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სისტემური გააზრება აუცილებელია საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვარკვიოთ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური სივრცის გლობალური პროცესების თანმდევი ტენდენციები და მათი გავლენა ჩვენს ქვეყანაზე. მნიშვნელოვანია შეფასდეს – საით მიემართება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს სამომავლო განვითარება, რა გზებით შეიძლება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რა არის მისი პრიორიტეტები, როგორია ქვეყნის განვითარების საგარეო ორიენტირები“, – ვკითხულობთ  მონოგრაფიის შესავალში.

როგორც მონოგრაფიის ერთ-ერთი ავტორი შოთა ვეშაპიძე აღნიშნავს: „ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად, საკუთარ ეროვნულ საზღვრებში ჩაკეტილი ვერ განვითარდება. თუ გვინდა, რომ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა გავხდეთ, მაშინ თანამედროვე მსოფლიო მეურნეობაში უნდა ჩავერთოთ. უნდა ჩავერთოთ არა ფორმალურად, არამედ ჩვენთვის მისაღები ეკონომიკური ურთიერთობებით. ყველა ქვეყანა თავისი პოლიტიკური წყობით, ეკონომიკური განვითარების დონით, კულტურითა და სხვა მრავალი ფაქტორით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირების გაღრმავება-გაფართოება უნდა იქცეს ცივილიზებული სამყაროს განვითრაების განმსაზღვრელ პირობად“, – აცხადებს ასოცირებული პროფესორი  შოთა ვეშაპიძე.

მონოგრაფიული კვლევის მიზნის მისაღწევად ჩამოყალიბებულია და გადაჭრილია შემდეგი ამოცანები: გლობალიზაციის თანამედროვე პროცესებსა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს შორის ურთიერთგანმაპირობებელი კავშირების ანალიზი; საქონლით საერთაშორისო ვაჭრობაში საქართველოს მონაწილეობის ანალიზი; საქართველოს საგარეო ვაჭრობის რეგულირების თავისებურებების გამოვლენა და სხვა.  აღნიშნულ კოლექტიურ მონოგრაფიაში განზოგადებული, გაანალიზებული და გამოკვლეულია საქართველოს თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გამოწვევები და იდენტიფიცირებულია მისი განვითარების ახალი შესაძლებლობები.

წიგნი სათანადო დახმარებას გაუწევს აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკვლევრებს, მეცნიერებს, სტუდენტებს.

Facebook
Twitter
LinkedIn