თსუ 2024 წელს რეავტორიზაციისთვის ემზადება

თარიღი: 2023-09-27 21:30:14

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს პირველსემესტრელთა რეკორდული რაოდენობა მიიღო. როგორ შეხვდა უნივერსიტეტი სტუდენტებსა და პროფესორებს და რა სიახლეები იგეგმება სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მხრივ, გვესაუბრება თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შოთა ფოთოლაშვილი:

– ბატონო შოთა, სტუდენტების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, რა სიახლეებით შეხვდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახალ სასწავლო წელს?

– მიმდინარე სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით  6250-მდე პირველსემესტრელი სტუდენტი ჩაირიცხა. პირველსემესტრელთა მიღება დასრულდა მაგისტრატურასა  და დოქტორანტურაშიც.

უნივერსიტეტი კვლავ გამოირჩევა და მოწინავეა, როგორც მის მიერ შეთავაზებული პროგრამების მრავალფეროვანი სპექტრით, ასევე, ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობით და, რაც მთავარია, მათი მაღალი აკადემიური შედეგებით. ამ მონაცემებით, თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის  ძირითად პროგრამებზე მაღალი კონკურსი გვაქვს, რადგან მოთხოვნა დიდია. მაღალი მისაღები კონკურსით გამოირჩა უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტი და მათი წამყვანი პროგრამები (მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტის სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამები  და ა.შ.).

– საქართველოს პრემიერმინისტრის  ინიციატივით, სტუდენტებს სასწავლო  საფასურის დავალიანება გაუნულდათ. დღევანდელი მონაცემებით, რამდენი სტუდენტი შეიძლება დაბრუნდეს თსუ-ში?

– თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი სწავლის საფასურის გადაუხდელობა იყო, დავალიანება განულდება. ამას მხარს უჭერს თსუ-ს ადმინისტრაციაც. სტუდენტები მიმდინარე სემესტრში რეგისტრაციის საფუძველზე (რომლის ვადებიც არსებული მოცემულობის გათვალისწინებით გახანგრძლივდა) შეძლებენ  სწავლის გაგრძელებას. ეს ინიციატივა ეხება თსუ-ს 3300-მდე სტუდენტს, რომელთაც სტატუსი ჰქონდათ შეჩერებული და ერიცხებოდათ სწავლის საფასურის დავალიანება.

– რა სიახლეებია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მუშაობაში და რაზე კეთდება აქცენტი ამ ეტაპზე?

– თსუ 2024 წელს ავტორიზაციისთვის ემზადება. ამისთვის საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა – ზაფხულში სასწავლო კურსები, პედაგოგების დატვირთვები და საგნობრივი ჯგუფები გაანალიზდა და არსებული მდგომარეობა შეფასდა. შემდგომ ეტაპზე აკადემიურ საბჭოსთან ერთად განვიხილავთ ავტორიზაციასთან დაკავშირებულ  საკითხებს  და ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის ამაღლებას და უნივერსიტეტის ეფექტურობას სხვადასხვა მიმართულებით.

თსუ მუშაობს ახალ სტრატეგიულ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც დაწყებულია შეხვედრები  სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ეს იქნება აკადემიური თუ სამეცნიერო  პერსონალი.  ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტების გამოკითხვა სხვადასხვა თემაზე. ეს კითხვარები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად  გვაჩვენებს –  სად ვართ  და რისკენ ვისწრაფით.

– გამოკითხვის შედეგები ღია და გამჭვირვალე იქნება თუ ეს შიდა სამუშაო პროცესია?

ეს იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი. ამ ეტაპზე უკვე ჩატარებული გვაქვს პირველსემესტრელთა გამოკითხვა. ახლა მიმდინარეობს კურსდამთავრებულთა გამოკითხვა, რომელიც სხვადასხვა მექანიზმით წარმოებს. ზოგადად, სტუდენტთა კმაყოფილების გამოკითხვებს  ყოველთვის ვატარებთ, მაგრამ ამჯერად გამოკითხვის  მეთოდოლოგია და მასშტაბები  უფრო დიდია და სამიზნე ჯგუფებიც  – უფრო ფართო.

ჩვენ ვიკვლევთ სტუდენტთა საჭიროებებს და  ყველაზე მეტად მიმართული ვართ იმისკენ, რომ გამოვასწოროთ ხარვეზები, რომლებიც სტუდენტებს ხელს უშლით სწავლასა და სტუდენტურ ცხოვრებაში. ეს კი ანალიზისა და კომპლექსური კვლევის მეთოდოლოგიის საფუძველზე კეთდება.

Facebook
Twitter
LinkedIn