დროს არ მისცეთ უფლება – გაგწვრთნათ, დრო თავად გაწვრთენით!

თარიღი: 2023-12-16 16:15:40

უნივერსიტეტმა ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არაერთი ღირსეული ადამიანი აღუზრდია და სწორედ მათ სიაშია პოეტი ტარიელ ხარხელაური, რომელიც არასდროს ივიწყებს მშობლიურ უნივერსიტეტთან კავშირს. ამ კედლებში, რომელსაც ის დღეს სალოცავს უწოდებს, ტარიელ ხარხელაურმა ცხოვრების რამდენიმე საინტერესო წელი გაატარა და ამიტომაც პირველივე დაძახებაზე მოდის, რომ კვლავ ,,ეახლოს“ სათაყვანებელ უნივერსიტეტს, დიდებულ მასწავლებელთა აჩრდილებს, ახალგაზრდობის წლებს…

ასე იყო 13 დეკემბერსაც – უნივერსიტეტის სტუდენტობის წინაშე წარსდგა პოეტი, რომლის სიტყვას დღეს დიდი ძალა აქვს და ერთნაირად უყვარს ყველა თაობას.

ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა მრავალფეროვანი აღმოჩნდა. სანამ მსმენელის და მისი მკითხველის წინაშე თავად პოეტი წარსდგებოდა, თსუ-ს თეატრალურმა დასმა – ,,სხვენი” – მაყურებელს ტარიელ ხარხელაურის ბიოგრაფიის მიხედვით დადგმული  სპექტაკლი წარუდგინა. ტარიელ ხარხელაური წარმომავლობით, ბუნებითა თუ პოეზიით მთასთან დაკავშირებული პოეტია. ამიტომაც სცენაზე მთის მოტივებზე შექმნილი ქართული ტრადიციული ცეკვა თსუ-ს მოცეკვავეთა ანსამბლმა შეასრულა. ტარიელ ხარხელაურის ლექსებზე არაერთი მუსიკაა შექმნილი და ერთ-ერთი მათგანი ,,მამაჩემო – თოვლის ფერო”, ხალხური საკრავების თანხლებით, თსუ-ს ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,უნივერსიტეტმა” იმღერა.

ტარიელ ხარხელაურის სიყვარული ახალგაზრდობის მიმართ დარბაზშიც იგრძნობოდა და ეს განწყობა ორმხრივი იყო – ახალგაზრდებს უყვართ, პატივს სცემენ და კარგად იცნობენ მის შემოქმედებას. ალბათ სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ თსუ -ს ბიბლიოთეკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის თანამშრომლობით მოეწყო შეხვედრა  საყვარელ პოეტთან.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ლუკა მამალაშვილის თქმით, ამ საღამოს ჩატარების მთავარი მიზეზი პოეტისადმი სიყვარულია ყველა თაობის წარმომადგენლებში. მისი თქმით, ტარიელ ხარხელაური ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა უნივერსიტეტისა და ახალგაზრდებისთვის. როგორც ლუკა ამბობს, პრიორიტეტული საკითხია ღირსეული უნივერსიტეტელები დააფასონ, მათთვის უნივერსიტეტის კედლებში შექმნან სასიამოვნო გარემო და აგრძნობინონ, რომ აქ ისინი დაფასებულნი და პატივსაცემნი არიან.

ხარხელაურთან შეხვედრის იდეასა და მიზანზე გვესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი. მისი თქმით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ერთ-ერთ მთავარ მისიას ჭეშმარიტი ლიტერატურის პოპულარიზება წარმოადგენს. ამ მიმართულებით იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ხორციელდება პროექტები.

საღამოს დასკვნით ნაწილში სცენა პოეტს დაეთმო.

,,მადლობა, რომ თქვენთან ერთად მგზავრობის ღირსი გამხადეთ”, – ასე გამოხატა მადლიერება პოეტმა შეკრებილი აუდიტორიის წინაშე, რომლის უმეტეს ნაწილსაც სტუდენტები, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები შეადგენდნენ. ჩვენთან საუბრისას ბატონი ტარიელი ამბობს: ,,თქვენი თაობა, ჩემი შვილიშვილების თაობა, ის თაობაა, რომელსაც შეიძლება სამშობლო ჩააბარო, იმ ღირებულებებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. სამყარომ ჩვენგან უნდა ისწავლოს სიყვარული. სიყვარული ქართველი კაცის კუთვნილებაა.”  ბატონმა ტარიელმა სტუდენტებსა და უნივერსიტეტს ასეთი სურვილი დაუტოვა  – ,,შეიცანით უნივერსიტეტი, დროს არ მისცეთ უფლება – გაგწვრთნათ, დრო თვითონ გაწვრთენით! უნივერსიტეტი ჩვენს გენეტიკაში სხვა დატვირთვაა – უნივერსიტეტი უნდა იყოს იმ სიმაღლეზე, როგორც ჩვენს რეალობაშია დამკვიდრებული, ამას თქვენს თაობას ანდერძად გიტოვებთ!”

ნინო ჯანჯალაშვილი

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn