სწავლა-სწავლების  2024  წლის თემატური ჯგუფის შეხვედრა კარდიფში

თარიღი: 2024-10-04 19:07:27

11-12 სექტემბერს კარდიფში, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სწავლა-სწავლების  2024 წლის თემატური ჯგუფის  ,,სწავლა და სწავლება სტუდენტების გაძლიერების მიზნით” მეორე შეხვედრა. ამ თემატურ ჯგუფში გაერთიანებულია  ევროპის 10 უნივერსიტეტი გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და თურქეთიდან. ჯგუფს ხელმძღვანელობს პროფესორი სტივენ რაზერფორდი კარდიფის უნივერსიტეტიდან და კოორდინაციას უწევს ჰელენ პეტერბაუერი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მზია წერეთელი, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი და ენების ცენტრის მასწავლებელი, დოქტორი ინა ბარათაშვილი.

შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს  სტუდენტთა სწავლა-სწავლების გაძლიერების  პრაქტიკები და ხედვები ინსტიტუციურ დონეზე სწავლა-სწავლების ორგანიზებასა და იმპლემენტაციაზე.

თსუ-ს ჯგუფმა ინტენსიურად იმუშავა სტუდენტების გაძლიერების რეკომენდაციებზე და ჩარჩო-დოკუმენტზე, რომელიც დაფუძნებულია ეკოლოგიურ მიდგომაზე. თსუ-ს მხრიდან მოხსენებით გამოვიდა ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი.

,,მე წარმოვადგინე  პრეზენტაცია თემაზე: ,,სტუდენტთა სწავლა-სწავლების გაძლიერების სტრატეგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“.თავდაპირველად დამსწრე საზოგადოებას გავაცანი ინფორმაცია ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო პროექტების, კვლევითი და აკადემიური აქტივობების შესახებ. ვისაუბრე სტუდენტების მხარდაჭერის ღონისძიებებზე თსუ-ში, კერძოდ:სტუდენტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის, კარიერული მხარდაჭერის სერვისების, სხვადასხვა საუნივერსიტეტო (ადგილობრივ და საერთაშორისო) პროექტებსა და ღონისძიებებში სტუდენტთა ინფორმირებისა და ჩართულობის, სტუდენტური ინიციატივების, სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების მხარდაჭერის, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ;ამასთანავე, ვახსენე თსუ-ში მოქმედი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო ერთწლიანი პროგრამა, რომელიც ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს აძლევს საშუალებას  – შეისწავლონ ქართული ენა, რომლის შემდეგაც ისინი განაგრძობენ თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლას.

აღვნიშნე, აგრეთვე, რომ 2024 წლიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, რომელიც 6-8 საათიან ფსიქოლოგიურ  კონსულტაციას სთავაზობს თსუ-ს ყველა სტუდენტს უფასოდ.

ფაკულტეტზე გვაქვს სტუდენტური ელექტრონული ჟურნალი ,,ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები”, რომელშიც გამოიცემა სტუდენტური ნაშრომები და სადაც  დასაქმებულია 2-3 სტუდენტი.

ამ შეხვედრაში მონაწილეობამ საშუალება მოგვცა სამომავლოდ დავგეგმოთ ერთობლივი პროექტები და კვლევები, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს  ჩვენი უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას“, – აღნიშნა იზაბელა პეტრიაშვილმა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბრისას.

ზემოთ აღნიშნული თემატური ჯგუფის მესამე შეხვედრა ჩატარდება ნოემბერში, შვედეთში. შეხვედრაზე შეჯამდება ჯგუფის მუშაობა,  მომზადდება ანგარიში EUA-ს ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებლად და წარმოდგენილი იქნება 2025 წლის თებერვალში EUA-ს  ყოველწლიურ ფორუმზე კორკში (ირლანდია).

Facebook
Twitter
LinkedIn