თსუ-ს  სტუმარი  შალომ  დავიდი  თსუ-ს რექტორმა ოქროს მედლით დააჯილდოვა

თარიღი: 2025-09-19 14:41:53

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ცნობილი მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის, შალომ დავიდის მოღვაწეობას. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი, გადაიქცა იმ სიმბოლურ ხიდად, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

კონფერენციის გახსნაზე თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ შალომ დავიდი ქართულ-ებრაული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა: „უზომოა ის ღვაწლი, რომელიც შალომ დავიდს მიუძღვის ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობების გაძლიერებაში. მისი წვლილი ქართულ-ებრაული ურთიერთობების კვლევის მიმართულებით ძალიან დიდია. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამ საქმიანობას. სწორედ მისნაირ ადამიანებზე დგას ქართულ-ებრაული ურთიერთობები“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა შალომ დავიდის განვლილი გზა, მისი სამეცნიერო ღვაწლი და მემკვიდრეობა. ,,შალომ დავიდი არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ერთდროულად ორი სამყაროს – ქართული და ებრაული კულტურის ჰარმონიული დაკავშირება. იგი არის საზოგადო მოღვაწე, რომელმაც თავისი საქმიანობით დატოვა მნიშვნელოვანი კვალი არა მარტო ისრაელის, არამედ საქართველოს თანამედროვე ცხოვრებაში. მისი ნაღვაწი მხოლოდ წარსულს არ ეკუთვნის, არამედ ეკუთვნის მომავალსაც. იგი იკვლევდა ებრაულ ფილოსოფიას, ღრმად ჩასწვდა ბიბლიურ ტექსტებს და, ამავე დროს, დარჩა ქართველ ებრაელად, ფესვების ერთგულად. საკუთარი ამაგით, რაც ბატონმა შალომმა დასდო ქართული და ებრაული კულტურის დაახლოებას, დაამტკიცა, რომ სულიერება, მეცნიერება და კულტურა საზღვრებს მიღმაა“, – აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

დარეჯან თვალთვაძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს, რომ გარდა სხვადასხვა სამეცნიერო დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლების მოხსენებებისა, რომელსაც კონფერენციაზე მოუსმინეს, შალომ დავიდის მოღვაწეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სტუდენტებსაც მიეცათ მონაწილეობის შესაძლებლობა. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და განსაკუთრებით გამოკვეთა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის, ასოცირებული პროფესორის ეკატერინე ნავროზაშვილის წვლილი შალომ დავიდისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებების ორგანიზებაში.

მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელი თამარ დოლიძე, თბილისის საულიერო აკადემიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგი ცოტნე ჩხეიძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ სართანია, თსუ-ს პროფესორები – ალექსანდრე კარტოზია და დარეჯან გარდავაძე, ისრაელში საქართველოს საელჩოს მრჩეველი მანანა დუმბაძე,  თბილისის დიდი სინაგოგის გაბაი მერაბ ჩანჩალაშვილი, მწერალი გურამ ბათიაშვილი, თსუ-ს ოსური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნაირა ბეპიევი, პროფესორი მარინა ჯიქია და სხვები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმარი შალომ დავიდი გულწრფელი მადლიერებით გამოეხმაურა ღონისძიებას: „ქართველი და ებრაელი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობა ვერ ეტევა შაბლონურ, გაცვეთილ, ფსევდონაციონალურ ურთიერთობებში. ის არ ემორჩილება საზოგადოებრივი განვითარების კანონებსაც კი. დაასახელეთ ისეთი ქვეყანა, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ, სადაც ასეთი ურთიერთობები იყო. უნივერსიტეტის მიერ გადმოცემული ეს ჯილდო მხოლოდ ჩემი არ არის, ეს ებრაელი ხალხისადმი მიძღვნილი ჯილდოა“, – აღნიშნა მან.

ღონისძიებაზე შალომ დავიდმა წაიკითხა საჯარო ლექცია – „ბიბლიისა და თანამედროვე მეცნიერების შეხების წერტილები“.

სამეცნიერო სესიების პარალელურად, თსუ-ს მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო შალომ დავიდის ცხოვრების ამსახველი არქივები, მისი პირადი ნივთები, სამეცნიერო მემკვიდრეობა. ექსპოზიციას ამშვენებდა ქართველი მხატვრის გია გუგუშვილის ნამუშევრები, რომლებიც ძველი აღქმის ერთ-ერთი წიგნის „ქებათა-ქების“ მოტივებზე იყო შექმნილი.

სამეცნიერო კონფერენციის შემდეგ, შალომ დავიდისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა სტუდენტთა XII სამეცნიერო კონფერენცია – „თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები“, რომლის ორგანიზატორიც იყო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი, ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრი და ისრაელის ცენტრი.

  • შალომ დავიდის ცხოვრების გზა – საქართველოდან ისრაელამდე

შალომ დავიდი დაიბადა ქართველ ებრაელთა სულიერი წინამძღოლის, რაბი ყიმანუელის ოჯახში. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა სწავლისადმი ინტერესით. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა 1972 წელს საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა და ბარ-ილანის უნივერსიტეტში ფილოსოფიას დაეუფლა იუდაიზმის სპეციალობით. აქედან დაიწყო მისი ინტელექტუალური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გზა.

შალომ დავიდის პირველი ნაბიჯი ქართული დიასპორის ერთიანობისთვის იყო გამოცემა ჟურნალისა „იუდაიზმის ხმა“ (1972-1985), რომელსაც ათასობით მკითხველი ჰყავდა. მოგვიანებით, მისი რედაქტორობით ქართულ ენაზე გამოდიოდა გაზეთი „მოამბე“ (1988–1996). სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოდან გამოსულ მწერალთა კავშირი, რომლის პირველ თავმჯდომარედაც თავად აირჩიეს.

შალომ დავიდმა წლები მიუძღვნა საზოგადოებრივ საქმიანობასაც: ის იყო „ქოლ ისრაელის“ რადიოს რედაქტორი და დიქტორი (1977-1982), ისრაელის რელიგიის მინისტრის და შემდგომ კულტურისა და განათლების მინისტრის მრჩეველი (1987-1995), ხულონის მუნიციპალიტეტის კაბინეტის წევრი (1995 წლიდან), 1982-1984 წლებში ლექციებს კითხულობდა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. წლების განმავლობაში იგი ხშირად სტუმრობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და კითხულობდა ლექციებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

შალომ დავიდის უნიკალური თარგმანით ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა ძველი ფილოსოფოსების ნაშრომები, შუა საუკუნეების ებრაული პოეზია, კანონიკური ლოცვები და ბიბლიის ტექსტები.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1966 წელს საქართველოს ებრაული კულტურის ცენტრის მიერ „თორის“ ილუსტრირებულ ქართულ გამოცემას, რომელიც შალომ დავიდის თარგმანითა და რედაქციით დაისტამბა. სამეცნიერო საზოგადოებაში აღინიშნებოდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ თარგმანი – ეს იყო კულტურული მოვლენა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ქართულ ენაზე გაახმიანა.

შალომ დავიდის საქმიანობა წარსულს არ ეკუთვნის – იგი დღევანდელობასაც ამდიდრებს და მომავალსაც უკარნახებს გზას. 2003 წელს ის არჩეულ იქნა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარის მოადგილედ და განათლებისა და ისტორიული მემკვიდრეობის კომისიის ხელმძღვანელად. დღეს იგი საქართველოს საპატიო მოქალაქეა, ხოლო მისი მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება როგორც ისრაელის, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ისტორიაში, როგორც სიმბოლო მეგობრობისა, რომელიც საუკუნეებს სცილდება.

ბიოგრაფიული მონაცემების წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org

Facebook
Twitter
LinkedIn