სესილი გოგინავა გაცვლითი პროგრამით იენას საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა
სესილი გოგინავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია. იგი უცხოეთში სასწავლებლად გაემგზავრა გაცვლითი პროგრამით, რომლის შესახებაც მეგობრისგან შეიტყო.
სესილი გაცვლითი პროგრამით იენას საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა – ახლოს გაცნობოდა გერმანულ სამედიცინო პრაქტიკას. მისი თქმით, ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროფესიული განვითარებისთვის: „პროგრამამ საშუალება მომცა შემესწავლა ახალი მიდგომები და მეთოდები რადიოლოგიაში, გამეცნო თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა და მენახა, როგორ მუშაობს მაღალი დონის კლინიკური სისტემა ევროპაში“, — ამბობს სესილი.
გერმანული სასწავლო მეთოდი მისთვის საინტერესო იყო, რადგან იენას უნივერსიტეტში სტუდენტები ერთთვიან როტაციას გადიან კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტში, რაც მათ ეხმარება პრაქტიკული ცოდნის გაფართოებასა და პროფესიული ინტერესების უკეთ განსაზღვრაში. „ეს მიდგომა საშუალებას აძლევს სტუდენტს, საკუთარი გამოცდილებით შეაფასოს, რომელი სფერო უფრო მოსწონს და სწორედ იქ განავითაროს თავი“, — აღნიშნავს სესილი გოგინავა.
მისი აზრით, საქართველოში სამედიცინო განათლების პროცესში სასურველია უფრო აქტიურად დაინერგოს მსგავსი კლინიკური როტაციები, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს რეალურ გარემოში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. გარდა ამისა, იგი ხაზს უსვამს თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას ქართულ ენაზე: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ თანამედროვე მასალებზე წვდომა – ეს ცოდნის განახლების და პროფესიული ზრდის წინაპირობაა“, – ამბობს იგი.
სესილი გოგინავას გამოცდილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდა მედიკოსების პროფესიულ ჩამოყალიბებასა და თანამედროვე მედიცინის სტანდარტებთან დაახლოებას.
