გამოვიდა პროფესორ სერგი ჯორბენაძის ახალი წიგნი „ხელოვნური ინტელექტი კერძო სამართალში“
სწრაფმა სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურმა გამოყენებამ დღის წესრიგში სრულიად ახალი სამართლებრივი გამოწვევები დააყენა. ამ აქტუალურ თემატიკას ეძღვნება თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, სერგი ჯორბენაძის ახალი წიგნი – „ხელოვნური ინტელექტი კერძო სამართალში“.
წიგნი, რომელიც ქართულ და საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება, მიზნად ისახავს უპასუხოს იმ პრაქტიკულ სამართლებრივ კითხვებს, რომლებიც ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად წარმოიშობა.
როგორც ავტორი წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რადგან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს, ეს პირობები ახლებური პრაქტიკის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ნაშრომზე მუშაობის იდეა 2025 წლის ივლისში გაჩნდა, როდესაც პროფესორი სერგი ჯორბენაძე „DAAD“-ის სტიპენდიით გერმანიაში იმყოფებოდა.
„მიუნსტერის უნივერსიტეტში, „ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და მედიასამართლის ინსტიტუტში“, პროფ. დოქტ. თომას ჰოერენთან არაერთი საინტერესო საუბარი, დისკუსია და მსჯელობა მქონდა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსაც შეეხებოდა. შედეგად, იდეა მოქმედებაში მოვიდა და პარალელურად წინამდებარე წიგნზე მუშაობა დავიწყე,“ – იხსენებს ავტორი. აღსანიშნავია, რომ წიგნის შექმნაზე ასევე დიდი გავლენა იქონია მის მამასთან, პროფესორ სანდრო ჯორბენაძესთან ერთად ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით განხორციელებულმა კვლევამ.
რას მოიცავს ახალი გამოცემა?
წიგნში დეტალურად არის გაანალიზებული ხელოვნური ინტელექტის გავლენა კერძო სამართლის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე. სარჩევის მიხედვით, ნაშრომი მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ თემებს, როგორებიცაა:
- AI-ის სამართლებრივი სტატუსი: განხილულია მისი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტად მიჩნევის პრობლემა, ადამიანთან მიმსგავსების საკითხები და სამომავლო „ელექტრონული პირის“ კონცეფცია.
- ინტელექტუალური საკუთრება: საავტორო უფლებები, პატენტები და სასაქონლო ნიშნები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ქმნილებებთან მიმართებით.
- გამოხატვის თავისუფლება და პიროვნული უფლებები: ცილისწამების გავრცელების არეალი, ფაქტისა თუ აზრის გამიჯვნა ტექნოლოგიების გამოყენებისას, ვიზუალსა და ხმაზე უფლების არსებობის საკითხი და მისით სარგებლობის ფარგლები.
- ვალდებულებითი და შრომის სამართალი: AI-ის დახმარებით დადებული ხელშეკრულებები, ზიანის ანაზღაურების (დელიქტური) მოთხოვნები, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა და დასაქმებულთა დისკრიმინაციის რისკები.
- ცალკეული პროფესიები: ხელოვნური ინტელექტის როლი და ეთიკური სტანდარტები ადვოკატის, მოსამართლის, არბიტრისა და ჟურნალისტის საქმიანობაში.
წიგნში ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ეხება ადვოკატის პასუხისმგებლობის ფარგლებს ხელოვნური ინტელექტით სარგებლობისას. ნაშრომში განხილულია აშშ-ში მომხდარი რეალური შემთხვევა, როდესაც ადვოკატმა სასამართლოს პრეცენდენტად წარუდგინა საქმეები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობდა.
ეს იყო ხელოვნური ინტელექტის ე.წ. „ჰალუცინაციის“ შედეგი, რომელიც იურისტმა სათანადოდ არ გადაამოწმა. ავტორი ხაზს უსვამს: ადვოკატის მხრიდან პასუხისმგებლობა ვერ იქნება ხელოვნურ ინტელექტზე გადაკისრებული. მართალია, საქართველოს კანონმდებლობა კონტინენტური სამართლის ოჯახს ეკუთვნის, თუმცა ეს მაგალითი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ იურისტი უპირობოდ არ უნდა ენდოს AI-ს და ვალდებულია, ყოველთვის გადაამოწმოს გენერირებული შედეგი („Output“). წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა, როგორიცაა სასამართლოსთან ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი. ქართული მიდგომებიც ანალოგიურ სტანდარტს განსაზღვრავს (იგულისხმება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2025 წლის რეკომენდაცია).
ახალგამოცემული წიგნის რედაქტორი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას ჰოერენია. იგი წინასიტყვაობაში ხაზს უსვამს იმ ტრანსფორმაციას, რომელიც AI-მ საზოგადოებასა და ეკონომიკაში მოიტანა. გადაწყვეტილების მიმღები ალგორითმული სისტემები გამოწვევის წინაშე აყენებს კერძო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ კონცეფციებს, როგორებიცაა სახელშეკრულებო ავტონომია და ტრადიციული პასუხისმგებლობის საკითხი.
„ხელოვნური ინტელექტი ურთიერთქმედებს ისეთ ძირითად უფლებებთან და სამართლებრივ ღირებულებებთან, როგორებიცაა პიროვნული ავტონომია, სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება. შედეგად, სამართალმა უნდა გამონახოს გზები ახალი ტექნოლოგიური რეალობის ინტეგრირებისთვის ისე, რომ შეინარჩუნოს კერძო სამართლის ნორმატიული საფუძვლები,“ − აღნიშნავს თომას ჰოერენი.
პროფესორის შეფასებით, წიგნი იკვლევს კერძო სამართლის ძირითადი ინსტიტუტებისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთქმედებას. იგი უნიკალურია იმითაც, რომ საერთაშორისო დისკუსიაში ქართული პერსპექტივა შემოაქვს და აანალიზებს, თუ როგორ პასუხობს ტექნოლოგიურ ინოვაციებს კონტინენტური ევროპის გავლენის ქვეშ მყოფი ქართული სამართალი.
საყურადღებოა, რომ წიგნში ფართოდ არის გაანალიზებული სხვადასხვა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების გამოცდილება. როგორც სერგი ჯორბენაძე განმარტავს, კვლევა არ შემოიფარგლება მხოლოდ ადგილობრივი პრაქტიკით და არაერთი ქვეყნის მაგალითს აერთიანებს:
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას. ნაშრომში გამოყენებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზოგადი მიდგომები, ასევე შვეიცარიის, ავსტრიისა და იტალიის პრაქტიკა. მკითხველი წიგნში შეხვდება მნიშვნელოვან სასამართლო საქმეებსა და მიდგომებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, კანადა და კოლუმბია.
რაც შეეხება უშუალოდ ქართულ სამართლებრივ სივრცეში არსებულ გამოწვევებს, ავტორის შეფასებით, ყველაზე მწვავედ პასუხისმგებლობის საკითხი დგას: „პირველ რიგში, გადასაჭრელია საკითხი თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამა თუ იმ შემთხვევაში, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი ფიგურირებს. თუმცა, მკაცრ საკანონმდებლო რეგულირებაზე მეტად, ახლა მთავარია, სახელმწიფომ სწორი მიდგომა და ხედვა განსაზღვროს. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სხვა დანარჩენი საკითხების მოწესრიგება.“
ავტორის სამეცნიერო საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ამ წიგნით არ სრულდება. გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” სერგი ჯორბენაძემ ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ქართული იურიდიული სივრცისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„შემოდგომაზე იგეგმება ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის ქართული თარგმანის გამოცემა თანდართული კომენტარებით. აღნიშნულ პროექტზე, ჩემი რედაქტორობით, თსუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად ვმუშაობთ. ტექსტი უკვე ნათარგმნია და ამჟამად შესწორების პროცესი მიმდინარეობს,“ – აცხადებს პროფესორი.
ცნობისთვის, წიგნის „ხელოვნური ინტელექტი კერძო სამართალში“ პრეზენტაცია თსუ-ში 2026 წლის 1-ელ ივნისს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესორები, პრაქტიკოსები და სფეროთი დაინტერესებული პირები. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ წიგნის რედაქტორი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციებისა და მედიასამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი თომას ჰოერენი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის („DAAD“) თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი სილვია შმიდი.
პრეზენტაციაზე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა, პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ, აკაკი გაწერელიამ და უშანგი ბახტაძემ. ახალი გამოცემა მნიშვნელოვანი შენაძენია მკვლევრებისთვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც სამართლისა და უახლესი ტექნოლოგიების გადაკვეთის შესწავლით არიან დაინტერესებულნი.
