სერგი ჯიქიას დაბადებიდან 125 წლისთავს მოგონებების წიგნი მიუძღვნეს

თარიღი: 2023-11-17 13:38:19

საქართველოში თურქოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის დამფუძნებლის, თურქული ფილოლოგიისა და სამეცნიერო დიპლომატიკა-პალეოგრაფიის პრობლემური და კერძო საკითხების,  ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ხალხების ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობათა საქვეყნოდ აღიარებული მკვლევრის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის სერგი ჯიქიას დაბადებიდან 125 წლისთავს  მოგონებების წიგნი მიუძღვნეს. კრებულის შექმნის ინიციატორი  და რედაქტორი მეცნიერის ქალიშვილი, პროფესორი მარიკა ჯიქიაა. წიგნში შეკრებილია საინტერესო და მნიშვნელოვანი მოგონებები მეცნიერის ცხოვრებიდან. 

მარიკა ჯიქიასთვის კრებულის შექმნისას მაგალითი აღმოჩნდა ისეთ დიდ ქართველ მეცნიერებზე შედგენილი კრებულები, როგორებიც იყვნენ ილია აბულაძე და გიორგი მელიქიშვილი. სწორედ დასახელებულ მეცნიერთა შესახებ გამოცემული კრებულების მიხედვით შეიქმნა სერგი ჯიქიაზე მოგონებების წიგნი.

,,მამაჩემის მრგვალ თარიღთან დაკავშირებით მინდოდა შემექმნა ამ სახის კრებული. სულ  59 მოგონება შევკრიბე.  მინდა გითხრათ, რომ სხვა მეცნიერებზეც გამოვიდა ამგვარი კრებულები. ასე რომ, მაგალითი მქონდა, რომელთა მიხედვითაც შევაგროვე მოგონებები  და შევქმენი ეს წიგნი“, – აღნიშნავს მეცნიერის ქალიშვილი.

კრებულში მოცემული  მოგონებები ღვაწლმოსილ ქართველ მეცნიერზე ეკუთვნით მის  მასწავლებლებს, კოლეგებს, მოწაფეებსა და მოწაფეთა მოწაფეებს.

როგორც თავად წიგნის რედაქტორი აღნიშნავს, კრებულზე მუშაობა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მარიკა ჯიქია ამბობს, რომ დღეს მეცნიერზე შეგროვებული მოგონებების კრებული უკვე  დასრულებულია და მის გამოცემას ელოდება. დაინტერესებულ მკითხველს  მალე ექნება შესაძლებლობა გაეცნოს კრებულში თავმოყრილ საინტერესო  მასალას დიდ ქართველ მეცნიერზე სერგი ჯიქიაზე.

                                                                        . . .

სერგი ჯიქია უდიდესი ქართველი მეცნიერი გახლდათ. მან  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1927 წელს, აკაკი შანიძის თაოსნობით, სატმბოლის უნივერსიტეტში გაგზავნეს თურქული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. თურქეთიდან დაბრუნებისთანავე იგი გაიგზავნა ლენინგრადში და ასპირანტურაში ჩაირიცხა.  1936 წელს სამშობლოში დაბრუნებული სერგი ჯიქია აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. 1945 წლიდან ის ინიშნება მის მიერვე დაარსებული თურქოლოგიის კათედრის პირველ გამგედ. სერგი ჯიქია, ასევე, არის აღმოსავლეთმცოდენობის ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, რომლის პირველი დეკანიც გახლდათ. 1969 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 2018 წელს მეცნიერის დაბადებიდან 120 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მნიშვნელოვანი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი ფოტოები, დოკუმენტები თუ მემორიალური ნივთები აღწერდნენ დიდი მეცნიერის მიერ განვლილ გზას.

მარიამ ბალხამიშვილი

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn