„Journal of Seismology“ ენგურის ჰესზე DAMAST-ის ფარგლებში ჩატარებული სეისმოლოგიური კვლევის პირველ შედეგებს აქვეყნებს

თარიღი: 2023-11-13 16:33:52

გამომცემლობა Springer-ის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Journal of Seismology“ გერმანულ-ქართული პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევების პირველი შედეგები გამოქვეყნდა. სამეცნიერო სტატიაში – „სეისმოლოგიური კვლევა ენგურის კაშხლის წყალსაცავის ირგვლივ (საქართველო) ძველი კატალოგებისა და მიმდინარე მონიტორინგის საფუძველზე“  შეტანილია კვლევის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა არა მარტო ტექტონიკური დაძაბულობით  გამოწვეულ  სეისმურობის შესწავლას, არამედ ინგრიშის რღვევის სეისმური აქტივობის დადგენას, რომელიც ენგურის კაშხლის ფუძეში გადის და, ასევე, ე.წ. აღძრული სეისმურობის ინდენტიფიცირებას, რასაც კაშხლის წყალსაცავში წყლის დონის ცვალებადობით გამოწვეული დამატებითი დაძაბულობა იწვევს.

სამეცნიერო სტატია თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევრების ნინო წერეთლის,  ნაზი ტუღუშის, თამარ შუბლაძის, ოთარ ვარაზანაშვილისა და გერმანიის კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრების ნაზიმ კარამზადეჰის, ემანუელ გაუჩერისა და  ანდრეას რიეტბროკის ავტორობით გამოქვეყნდა.

კვლევის შედეგებით უკვე დაინტერესდნენ იმ კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა სპეციალიზაციაც დიდი ჰესების მშნებელობაა.

დეტალურად, თუ რა ვითარებაა ენგურის კაშხალზე, გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო წერეთელი გვესაუბრება.

განგვიმარტეთ, კვლევის რა შედეგები აისახა სტატიაში?

ნინო წერეთელი: „2019-2020 წლებში გერმანულ-ქართული პროექტის DAMAST-ის ფარგლებში (https://www.damast-caucasus.de/) კაშხლის ირგვლივ 10 კმ-ის რადიუსში ახალი სეისმური ქსელი აშენდა,  რომელიც წარმოდგენილია 8 სეისმური სადგურით, აქედან ერთი გალის რეზერვუართან მდებარეობს. გარემოს ფონური ხმაურის  შემცირებისთვის და მიკრომიწისძვრების უკეთესად დედექტირებისთვის   3 სადგური განლაგებულია 20 მეტრის  ჭაბურღილებში, ხოლო ერთი სადგური  – 250 მეტრის ჭაბურღილში, კაშხლთან, მის მარჯვენა სანაპიროზე. ქსელი უნიკალურია, რადგან მან საშუალება მოგვცა  მიკრო მიწისძვრები უარყოფითი მაგნიტუდითაც დაგვეფიქსირებინა. ენგურჰესის არსებობის მანძილზე ასეთი მგრძობიარე ქსელი საქართველოში პირველად აშენდა, ასევე, პირველად განთავსდა ჭაბურღილებში განლაგებული სეისმომეტრებიც.

ამ ნაშრომში განხილულია სეისმური მოვლენები, რომელიც ახალმა ქსელმა დააფიქსირა 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივლისამდე. მიკრო მიწისძვრების დედექტირების  ახალი მეთოდების დანერგვამ  საშუალება მოგვცა დაგვეფიქსირებინა ისეთი მცირე მიწისძვრები, რომელთა მინიმალური მაგნიტუდა Ml = -1.9.  სეიმური აქტივობის უკეთესი ისტორიული სურათის შესაქმნელად გადაიხედა ძველი ბიულეტენები და  მოხდა ძველი სეისმური მონაცემების ხელახლა დამუშავება  თანამედროვე მეთოდებით. საბოლოოდ მივიღეთ ერთგვაროვანი კატალოგი ენგურის რაიონისთვის და შევისწავლეთ მისი შესაძლო კავშირი კაშხლის წყალსაცავის ექსპლუატაციასთან.

მიმიდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ საკვლევი ტერიტორია სეისმურად აქტიურია. გამოვლინდა, რომ ინგრიშის რღვევა,  რომელსაც დღემდე განიხილავდნენ როგორც სეისმურად არააქტიურ რღვევას, ასევე სეისმურად აქტიურია (Caputoet al. (2000) and Adamia et al. (2008, 2017).

ჩვენ სეისმური აქტივობა, ასევე, დავაფიქსირეთ   ინგრიშის რღვევის გაგრძელებაზე სამხრეთ-დასავლეთით (აფხაზეთის რეგიონის ტერიტორიაზე), რომელიც, კონფლიქტური ვითარების გამო, კარგად არ არის შესწავლილი. დავაფიქსირეთ საკმარისად მაღალი სეისმური აქტივობა უშუალოდ გალის წყალსაცავთან. აქ 2021 წლის ივნისში ადგილი ჰქონდა მიწისძვრების გუნდებს. ჩატარებული კვლევის შედეგებმა გვიჩვენა მკვეთრი კორელაცია სეისმურ აქტივობასა და წყლასაცავში წყლის დონის ცვლილებასთან. კერძოდ, სეისმური აქტივობა მკვეთრად იცვლება, როდესაც წყალსაცავში დონე არის მინიმალური ან მაქსიმალური, სხვა სიტყვებით, როდესაც დამატებითი მოქმედი დაძაბულობა მკვეთრად იზრდება ან მცირდება“.

როგორ აფასებთ აღნიშნული კვლევის მნიშვნელობას საერთაშორისო კონტექსტში?

ნინო წერეთელი: „წარმოდგენილი კვლევა უაღრესად მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან სეისმური მონიტორინგი, სეისმური აქტოვობის ლოკალური წყაროების დადგენა და მათი განაწილება დროსა და სივრცეში უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მაღალი კაშხლების ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის. დღესდღეობით მსოფლიოში განვითარებულ ქვეყნებში არ არსებობს არცერთი კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგური სეისმური მონიტორინგის გარეშე. ეს მოთხოვნა პრაქტიულად გაწერილია ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გაიდლაინებში. საქართველოში კი მაღალი კაშხლის მსგავსი დეტალური მონიტორინგი პირველად ხდება და ისიც გრანტის ფარგლებში.

რა სახის გამოხმაურება მოჰყვა სტატიაში ასახულ შედეგებს?

ნინო წერეთელი: „სამეცნიერო გამოხმაურება ჯერ არ გვაქვს, რადგან სტატია ახლახანს დაიბეჭდა. თუმცა, კვლევების შედეგებითა და ჩვენი მონაცემებით დაინტერესდნენ კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დიდი ჰესების მშენებლობასთან არიან დაკავშირებულები.“

რა ეტაპზეამჟამად მიმდინარე კვლევები

ნინო წერეთელი: „მონიტორინგი გრძელდება, დაგეგმილია გალის წალსაცავის ირგვლივ დამატებით ორი სეისმური სადგურის დადგმა იქ არსებული ლოკალური სეისმურობის უკეთესად შესწვლისათვის. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა მაგნიტუდის ნაციონალური საკალიბრო მრუდების გამოყვანა (გარკვეული სტატისტიკის დაგვროვების შემდეგ), მიწისძვრის მექანიზმების განსაზღვრა მაღალი სიზუსტით (სხვადასხვა მეთოდებით), ლოკალური ტომოგრაფიის შესწავლა და სიჩქარული ჭრილის დადგენა, სეიმური ტენზორის და მომენტისეული მაგნიტუდის გამოთვლა  შესაბამისი ლოკალური სეისმური პარამეტრების დადგენის საფუძველზე, არსებული რღვევების დახასიათება სეისმური პარამეტრებით, აღძრული სეისმურობის შესწავლა სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებით, რეკომენდაციების გაცემა წყლის დონის სიჩქარის ცვალებადობასთან დაკავშირებით, კაშხლის უსაფრთხოების მიზნით და მრავალპარამტერიანი კორელაციის დადგენა სეისმურობასა და სხვა მონაცემებს შორის (გეოდეზიური, მეტეოროლოგიური  და სხვა).“

Facebook
Twitter
LinkedIn