საუკუნე გზად – თსუ საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება 100 წლისაა!

თარიღი: 2025-10-10 18:59:39

2 ოქტომბერს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებამ 100 წლის იუბილე იზეიმა.

ღონისძიება, რომელიც თაობათა შორის შეხვედრად და მოგონებების საღამოდ გადაიქცა, გახსნა მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ დოლბაიამ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების საუკუნოვანი ისტორია და აღნიშნა, რომ ამ დარგის პროფესურა და სტუდენტობა მუდამ უწყობდა ფეხს თანადროულ მოთხოვნებს, იზიარებდა საკაცობრიო იდეალებს, ქმნიდა, ვითარდებოდა და მდიდრდებოდა ახალი ცოდნით. თამარ დოლბაიამ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებისა და თაობების აღზრდის საქმეს ემსახურა.

თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, მისასალმებელ სიტყვაში საზოგადოებრივი გეოგრაფიის, როგორც დისციპლინის, მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის, რაც ამ საუნივერსიტეტო სკოლამ შექმნა,  უნიკალურია: „ამ მიმართულებამ აღზარდა მსოფლიო დონის მეცნიერები და მკვლევრები. ის დღესაც არის ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რომელიც კვლავაც აგრძელებს ტრადიციას და აყალიბებს პროფესიონალებს“, – განაცხადა მან.

საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებას საუკუნოვანი იუბილე მიულოცეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ, თსუს პროფესორებმა რევაზ გაჩეჩილაძემ, ვაჟა ლორთქიფანიძემ, ზურაბ დავითაშვილმა,სოსო სალუქვაძემ, თენგიზ გორდეზიანმა, გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ელენე სალუქვაძემ, კურსდამთავრებულმა თამარ ბაგრატიამ და სხვებმა. ყველა გამომსვლელი აღნიშნავდა, რომ  საკუთარი ბიოგრაფიის ერთ მნიშვნელოვან ეტაპს სწორედ საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრასთან აკავშირებს.

საიუბილეო საღამოზე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა მიმართულების ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ბროშურას (შემდგენელი მაია ტორაძე) და ეხილა ფილმი, რომელიც ამ თარიღს მიეძღვნა  (რეჟისორი ეკა ტალახაძე).

ეკონომიკური გეოგრაფიიდან საზოგადოებრივ გეოგრაფიამდე

საზოგადოებრივი გეოგრაფიის ისტორია იწყება 1922 წელს, როცა პროფესორ გიორგი გეხტმანის ხელმძღვანელობით თსუ-ში  ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრა შეიქმნა. ეს იყო პირველი ასეთი კათედრა მთელ საბჭოთა სივრცეში. მაშინ ეკონომიკური გეოგრაფია სასარგებლო დისციპლინად ითვლებოდა – იგი სწავლობდა მეურნეობის განლაგებასა და ეკონომიკის განვითარებას.

გეხტმანის შემდეგ კათედრას ხელმძღვანელობდნენ ჯერ პროფესორი ლუარსაბ კარბელაშვილი, მოგვიანებით კი პროფესორი გრიგოლ ზარდალიშვილი. 1963 წლიდან მას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ნოდარ ნაჭყებია, რომელმაც დარგს ახალი ენერგია შესძინა. დარგის პრესტიჟის ასამაღლებლად მან გამოიყენა თავისი ძირითადი სპეციალობა – აღმოსავლეთმცოდნეობა და 1965 წლის მისაღებ გამოცდებზე პირველად გამოცხადდა მიღება „საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის“ სპეციალობით. მომავალ აბიტურიენტებს შორის მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ამ სპეციალობაზე აუცილებელი გახდებოდა ერთი ევროპული და ერთი აღმოსავლური ენის შესწავლა. ამან კარგი მომზადების მქონე ბევრ აბიტურიენტს აარჩევინა ეს სპეციალობა, მისაღებ გამოცდებზე კონკურსი მკვეთრად გაიზარდა და გეოგრაფიის მიმართულებაზე ჩარიცხულთა შორის უმაღლესი შეფასების მქონენი სწორედ  ზემოაღნიშნულ სპეციალობაზე ირიცხებოდნენ.

ნოდარ ნაჭყებია 1963-1974 წლებში ხელმძღვანელობდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრას, 1965-1977 წლებში კი ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო. მისი ენერგიული საქმიანობის შედეგად ფაკულტეტი უნივერსიტეტში ერთ-ერთ საუკეთესო, პრესტიჟულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

ნოდარ ნაჭყებიას შემდეგ კათედრას სათავეში ჩაუდგა გამორჩეული მეცნიერი, დოცენტი ვაჟა გუჯაბიძე (1938-2008), რომლის თაოსნობითაც გაძლიერდა ურთიერთობები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან. 1988-1992 წლებში კათედრას სათავეში ედგა დოცენტი გიორგი ცაგარელი, რომლის ხელმძღვანელობითაც  ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

2005-2022 წლებში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებას მონაცვლეობით ხელმძღვანელობდნენ პროფესორები იოსებ სალუქვაძე და გიორგი გოგსაძე.

1990-იან წლებში კათედრის დოცენტის, ალექსანდრე რონდელის ინიციატივითა და უშუალო ძალისხმევით, საქართველოში პირველად, თსუ-ში შეიქმნა „საერთაშორისო ურთიერთობების“ სპეციალობა, რომელიც დამოუკიდებელ სპეციალობად ჩამოყალიბდა 2005 წლიდან. ამ სპეციალობის განვითარებაში ასევე დიდი როლი შეასრულა საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ზურაბ დავითაშვილმა.

საზოგადოებრივი გეოგრაფიის კურსდამთავრებულებმა დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მათი წარმატებები ქართულ დიპლომატიურ სამსახურებში.

ამ კათედრის აღზრდილები არიან საქართველოს უახლეს ისტორიაში კარგად ცნობილი პოლიტიკოსები, დიპლომატები და მეცნიერები: რევაზ გაჩეჩილაძე, დავით რონდელი, ლევან ასათიანი, არჩილ გეგეშიძე, დავით დონდუა, მალხაზ კაკაბაძე, დავით კერესელიძე, ტარიელ ლებანიძე, ლევან მიქელაძე, ალექსი პეტრიაშვილი, ნიკოლოზ რთველიაშვილი, იოსებ ჩახვაშვილი, გიორგი ჯანჯღავა, ვახტანგ ჯაოშვილი, ლადო გურგენიძე, ვაჟა ლორთქიფანიძე, ბესარიონ გუგუშვილი, თამაზ გუგუშვილი, კახა საკანდელიძე, დავით ონოფრიშვილი, ირაკლი მანაგაძე, ანა ახალკაცი, ეკა ვაშაყმაძე, ზურაბ დავითაშვილი და სხვები.

დღევანდელობა

დღეისათვის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთანაა გაერთიანებული და მას ხელმძღვანელობს პროფესორი თამარ დოლბაია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო სტრანსპორტო დერეფნებისა და საქართველოსა და შავი ზღვის აუზის საპორტო სისტემების შესწავლას. მისი თაოსნობით დამყარდა სამეცნიერო კავშირები ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტთან (პეკინი) და მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის, როგორც ახლა უწოდებენ – „შუა დერეფნის“ – მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე (პროექტის – „ჩინური ინიციატივა: „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ – ფარგლებში).

ამჟამად საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე მოღვაწეობს 5 პროფესორი (მათ შორის, ორი აკადემიკოსი – რევაზ გაჩეჩილაძე და ვაჟა ლორთქიფანიძე; პროფესორები იოსებ სალუქვაძე, გიორგი გოგსაძე და თამარ დოლბაია), 5 ასოცირებული პროფესორი (ვალერიან მელიქიძე, ნინო პავლიაშვილი, ია იაშვილი, გიორგი კვინიკაძე, ანზორ სახვაძე) და 1 ასისტენტ-პროფესორი (ვლადიმერ ჩხაიძე). მიმართულების მეცნიერ-პედაგოგები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობებში, პროფესორები და სტუდენტები ყოველწლიურად მონაწილეობენ პრესტიჟულ სამეცნიერო კონფერენციებში, სტაჟირებას გადიან ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.

საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებას გააჩნია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ყოველწლიურად სპეციალობას ამთავრებს დაახლოებით 50 ბაკალავრი და 15-მდე მაგისტრი. ბოლო წლებში სადოქტორო პროგრამა წარმატებით დაასრულა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა ათზე მეტ დოქტორანტს: ნათია გავარდაშვილს, დავით მაისურაძეს, დავით სიჭინავას, თამარ დოლბაიას, მედეა ბადაშვილს, გიორგი ლეკვეიშვილს, გვანცა სალუქვაძეს, ლევან ალფაიძეს, ტატიანა სიჭინავას და სხვებს. მიმართულების სადოქტორო პროგრამას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს გეოგრაფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი  ნინო პავლიაშვილი.

დღეს, როცა თსუ-ს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება მეორე საუკუნის ზღურბლზე დგას, მისი ისტორია მხოლოდ წარსული არ არის – ესაა ცოდნის, პასუხისმგებლობისა და თავისუფალი აზრის ტრადიცია.

Facebook
Twitter
LinkedIn