თსუ-ში სტრასბურგის უნივერსიტეტის მონაწილეობით საზაფხულო სკოლა გაიმართა
2026 წლის 15-26 ივნისს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საზაფხულო სკოლა – „ვიზუალური თხრობა ტელემედიაში“ – გაიმართა. ათდღიანი სასწავლო პროგრამა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ორგანიზებით Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და სტუდენტებს სატელევიზიო თხრობის პრაქტიკული უნარების განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
საზაფხულო სკოლას უძღვებოდა სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (CUEJ) ტელემედიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი კრისტოფ ბუშე, რომელმაც ქართველ სტუდენტებთან ინტენსიური პრაქტიკული ვორქშოპები ჩაატარა.
პროექტში მონაწილეობდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების 20 სტუდენტი, ასევე მიმართულების ასოცირებული პროფესორები: ნათია სვანიძე და თინათინ მაჭარაშვილი.
საზაფხულო სკოლის მთავარი თემა იყო „სოლიდარობა“. მონაწილეებმა ამ თემაზე შექმნეს სატელევიზიო რეპორტაჟები და ტელეპორტრეტები, რომლებშიც, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების ისტორიების საშუალებით, სოლიდარობის მრავალფეროვანი ფორმები წარმოაჩინეს. საუკეთესო ნამუშევრები ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა:
სოფი ჩითინაშვილისა და ელენე შავგულიძის რეპორტაჟი „თხილის გული“, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა მოხალისეზე, საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრზე, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ბენეფიციარებისთვის საკვების მომზადებასა და დარიგებაზე.
ანა ბილანიშვილის, ნუკა მახათაძისა და მარიამ პეტრიაშვილის ნამუშევარი „ნათელი გზა ბნელ სამყაროში“ მაყურებელს აცნობს უსინათლო პოეტის, რომან ზუკაკიშვილის ისტორიას და მის ყოველდღიურ ცხოვრებას.
თათა სულავას რეპორტაჟი „დიღმის ჭალები“ ეკოაქტივისტ ანა ტრაპაიძეს ეძღვნება და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ნია ნიჟარაძემ შექმნა ტელეპორტრეტი ანა ხიჩაკაძეზე, რომელიც ხაშურის დღის ცენტრ „მერსმისის“ მოხალისეა. ცენტრი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ეხმარება, ხოლო ნამუშევარი სწორედ მოხალისეობისა და თანადგომის მნიშვნელობას წარმოაჩენს.
მარიტა გიორგაძემ და ნიტა ჭყოიძემ კი აუდიტორიას წარუდგინეს ქართული გვარდიის ერთ-ერთი ქალი რეზერვისტის პორტრეტი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ქალთა როლსა და პასუხისმგებლობაზე ქვეყნის თავდაცვის სისტემაში.
. . .
როგორც პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, საზაფხულო სკოლა თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული მუშაობის წარმატებული შერწყმა იყო. სტუდენტებმა არა მხოლოდ თანამედროვე სატელევიზიო პროდუქტის შექმნის ეტაპები გაიარეს, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ მიდგომებსაც გაეცნენ.
თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თინათინ მაჭარაშვილის შეფასებით, საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის: „ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორებს, ჩვენს კოლეგებს ჟურნალისტიკის სკოლიდან გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ასევე გავეცნოთ მათი სწავლების მეთოდებს და ახალი მიდგომებით გავამდიდროთ ჩვენი სწავლა-სწავლების პროცესი“, – ამბობს თინათინ მაჭარაშვილი.
საზაფხულო სკოლის მონაწილე ნია ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ პროექტი მისთვის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა: „საზაფხულო სკოლის ფარგლებში ვიმუშავეთ ტრენერ კრისტოფ ბუშესთან ერთად. მუშაობის პირველ დღეს მან გაგვაცნო მნიშვნელოვანი თეორიული მასალა, რომელიც შემდგომ პრაქტიკულ ნაწილში უნდა გამოგვეყენებინა. ასევე გვაჩვენა კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რა არის დასაშვები გადაღებისას და რა – არა. პირველი დავალება ერთწუთიანი ინტერვიუ იყო. უნდა გვეპოვა ჩვენთვის საინტერესო პროფესიის ადამიანები, ჩაგვეწერა ინტერვიუები და გადაგვეღო მათი მუშაობის პროცესი. დამონტაჟებული მასალა კრისტოფმა და ჩვენმა ლექტორმა თინათინ მაჭარაშვილმა შეაფასეს და მოგვცეს რეკომენდაციები, როგორ გაგვეუმჯობესებინა ნამუშევრები. მეორე და მთავარი დავალების თემა „სოლიდარობა“ იყო. მონაწილეებმა შევარჩიეთ რესპონდენტები და ხელმძღვანელებთან ერთად დავიწყეთ რეპორტაჟების დაგეგმვა – განვსაზღვრეთ მთავარი სათქმელი, საჭირო კადრები და საუკეთესო ვიზუალური გადაწყვეტები. გადაღების დასრულების შემდეგ ტრენერი აქტიურად იყო ჩართული მონტაჟის პროცესშიც. მიუხედავად იმისა, რომ მასალას დამოუკიდებლად ვამონტაჟებდით, კრისტოფი მუდმივად გვაძლევდა რჩევებს და გვეხმარებოდა თითოეული დეტალის დახვეწაში. მუშაობის პროცესი ერთდროულად სასიამოვნო და შრომატევადი იყო. გავეცანით გადაღების ისეთ ტექნიკებს, რომლებიც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო. განვიხილეთ ქართულ ტელევიზიაში ხშირად დაშვებული შეცდომები და ის სტანდარტები, რომელსაც ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს. ეს გამოცდილება დიდი პრაქტიკული ცოდნის წყარო გახდა. სწორედ ამიტომ არის მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანი – სტუდენტებს გვეძლევა შესაძლებლობა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განვამტკიცოთ და პროფესიულად კიდევ უფრო განვვითარდეთ“, – ამბობს ნია ნიჟარაძე.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრთან თანამშრომლობა კვლავ გრძელდება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შემოდგომაზე თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის ახალი ვორქშოპი გაიმართება, რომელიც ამჯერად პოდკასტინგს დაეთმობა.

