ახალი სახელმძღვანელოები სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული საზოგადოებისა და სტუდენტებისათვის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე რამდენიმე ახალი სახელმძღვანელო და ნაშრომი გამოიცა. მათ შორის საინტერესოა პროფესორების კახა ქეცბაიას და ამირან ბერძენიშვილის მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რომელიც სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის კარგი შენაძენია.
2022 წელს გამომცემლობა „უნივერსალში“ გამოიცა პროფესორ ამირან ბერძენიშვილისა და ასოცირებული პროფესორის კახა ქეცბაიას სქელტანიანი მონოგრაფია (676 გვერდი) „თანამედროვე სოციოლოგიური დისკურსი“.
წიგნის ავტორების აზრით, თუ გვინდა ჩავწვდეთ ადამიანისა და ისეთი რთული ფენომენის, როგორიც საზოგადოებაა, საიდუმლოებას, თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები კრიტიკულად უნდა გავიაზროთ. ასეთია ის პირობა, რომლის წინაშეც თანამედროვე სოციალური თეორეტიკოსები: პ. სოროკინი, ტ. პარსონსი, რ. მერტონი, ჩარლზ ჰორტონ კული, ჯორჯ ჰერბერტ მიდი, ჰერბერტ ბლუმერი (სიმბოლური ინტერაქციონიზმი), ირვინ გოფმანი (სოციალური დრამატურგია), ჰაროლდ გარფინკელი (ეთნომეთოდოლოგია), ჯორჯ ჰომანსი და პიტერ ბლაუ (სოციალური გაცვლის თეორია), მ. ფუკო. ჟ. ბოდრიარი, ზ. ბაუმანი, ჯ. რიტცერი და სხვები გვაყენებენ.
წიგნში უმთავრესად სოციალური შემეცნების სპეციფიკური პრობლემები, თეორიები და მათი გამოყენების გზებია განხილული. ავტორთა ვარაუდით, წიგნი გზამკვლევად გამოადგება არა მხოლოდ სოციოლოგიისა და სხვა სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებს, არამედ, საერთოდ, სოციოლოგიური პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
* * *
2020 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორის კახა ქეცბაიას სახელმძღვანელო „რელიგიის სოციოლოგია“ (ელექტრონული სახელმძღვანელო. 402 გვერდი. თსუ, „უნივერსიტეტის გამომცემლობა“). წიგნი შეიცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტთათვის რელიგიის სოციოლოგიაში წაკითხულ ლექციებს. სალექციო თემატიკას ერთვის შესაბამისი საკითხავი მასალა, თეორიული და პრაქტიკული ხასიათის კითხვები და დავალებები, საპრეზენტაციო თემები, აგრეთვე – რელიგიის სოციოლოგიის ცალკეულ კლასიკურ და თანამედროვე ტერმინთა განმარტებანი და ა. შ.
წიგნი განკუთვნილია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და, საერთოდ, რელიგიის სოციოლოგიის შესწავლის მსურველთათვის.
დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა რელიგიის სოციოლოგიის კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს, რელიგიის სოციოლოგიის ძირითად ცნებებსა და პრობლემებს, რელიგიისადმი სოციოლოგიური მიდგომის თავისებურებას, რელიგიისა და თანამედროვე საზოგადოების ურთიერთმიმართების არსსა და მრავალ სხვა მსგავს საკითხს.
სახელმძღვანელო მომზადდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელებული პროექტის („სახელმძღვანელოების კონკურსის“) ფარგლებში.
სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: