2025 წლის მთავარი მიღწევები თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში

თარიღი: 2025-11-19 14:17:39

თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას და იმ შედეგებს წარმოადგენს, რომელიც 2025 წლის მანძილზე მის წიაღში განხორციელდა.

ძველი ტრადიციიდან მოყოლებული, ხუთშაბათობით, ინსტიტუტში ეწყობა სამეცნიერო კოლოკვიუმი – მიძღვნილი აქტუალური იურიდიული პრობლემებისადმი. ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები (ხანდახან გარედან მოწვეული მომხსენებლებიც) წარმოადგენენ სადისკუსიო თემას, რის შემდეგაც იმართება საინტერესო პოლემიკა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. დამსწრე საზოგადოებას, მოხსენებების სახით, წარედგინა ისეთი მრავალფეროვანი სპექტრი თემებისა, როგორებიცაა: ჰეგელის სამართლის ფილოსოფია, დიალექტიკის ჰერაკლიტესეული მოძღვრება, მინორიტარი აქციონერების ინტერესთა დაცვის სამართლებრივი ფარგლები, იურიდიული პროფესიისა და განათლების რეფორმის პრობლემები, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, პროფესორის საქმიანობის ზნეობრივი და სამართლებრივი სტანდარტები და სხვ.

ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტთან. გარდა იმისა, რომ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ნაწილი იმავდროულად იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზეც იღვწის, უკვე ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა სამართლის მეთოდების მიმართულების სტუდენტური კონფერენციის ჩატარება ინსტიტუტის ბაზაზე. მიმდინარე წელსაც სწორედ ინსტიტუტმა უმასპინძლა სამართლის მეთოდების მიმართულების ახალგაზრდა მომხსენებლებს, რომლებმაც განსახილველად გამოიტანეს აქტუალური იურიდიული პრობლემებისადმი მიძღვნილი მოხსენებები, რამაც დიდი ინტერესი და პროდუქტიული დისკუსია გამოიწვია. კონფერენციაზე გამოვლინდნენ საპრიზო ადგილის მფლობელი სტუდენტები.

მიმდინარე წლის განმავლობაში გამოქვეყნდა ან გამოქვეყნების პროცესშია (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები – შესრულებული ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მიერ. ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტ-პროფესორი თემურ ცქიტიშვილი ნაყოფიერად აგრძელებს კვლევით საქმიანობას. წელს, მის მრავალ სტატიასთან ერთად, დაიბეჭდა მონოგრაფია „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში“. სისხლის სამართლის სფეროში მნიშვნელოვანი ნაშრომები გამოაქვეყნა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (იაპონიაში, სერბეთში, თურქეთში) ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფესორმა ედიშერ ფუტკარაძემ.  

ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის ორი წარმომადგენელი მონაწილეობს თსუ-ს მიერ ორგანიზებულ სახელმძღვანელოთა საგრანტო კონკურსში. ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროფესორი ბესარიონ ზოიძე არის სამოქალაქო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორი, პროფესორ ლაშა ბრეგვაძის ავტორობით კი მზადდება სამართლისმცოდნეობის შესავლის სახელმძღვანელო. წელს პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ ასევე მიიღო მაქს პლანკის კერძო სამართლის ინსტიტუტის პრესტიჟული სტიპენდია და ორი თვის მანძილზე კვლევითი საქმიანობისთვის ის ეწვევა მსოფლიოს მასშტაბით ამ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო კერას. პროფესორ ბესარიონ ზოიძის ავტორობით წელსვე გამოიცემა სამეცნიერო ესეების ორტომეული – მიძღვნილი სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების პრობლემისადმი, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდება მკითხველი საზოგადოება. მისივე რედაქტორობით გამოიცა ჟურნალ „კერძო სამართლის მიმოხილვის“ ახალი ნომერი, რომელშიც წარმოდგენილია როგორც ცნობილ ცივილისტთა, ასევე ახალგაზრდა მკვლევართა საინტერესო ნაშრომები. პროფესორ ბესარიონ ზოიძის ავტორობით დაიბეჭდა მრავალი აქტუალური ნაშრომი – მიძღვნილი კერძო სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის საჭირბოროტო საკითხებისადმი.  

ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები აგრძელებენ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში ნაყოფიერ მუშაობას. მიმდინარე წლის მანძილზე თანამშრომლები სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდნენ და მოხსენებებით წარსდგნენ სამხრეთ კორეაში, გერმანიაში, სერბეთში, იტალიაში, თურქეთში. მოხსენებების ნაწილი დაიბეჭდა საგანგებოდ შედგენილ კრებულებში და პერიოდულ გამოცემებში.

2026 წელს სამართლისა და სოციალური ფილოსოფიის მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისათვის ქართველი მკვლევრების (ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი) მონაწილეობით დაკომპლექტდება ერთი კონკრეტული სექცია (სამართლის თეორიის მიმართულება), რაც აქამდე ჯერ არ მომხდარა. სამართლისა და სოციალური ფილოსოფიის კონგრესი ინტერდისციპლინური ფორუმია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და თავს უყრის სამართლის დარგთაშორისი შემეცნებით დაინტერესებულ მკვლევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წინა კონგრესი სეულში გაიმართა, მომდევნო კონგრესს კი სტამბოლი უმასპინძლებს.

ახალი ცოდნის შექმნისა და გადაცემის ამოცანის უზრუნველსაყოფად, აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტში სამეცნიერო მუშაობას აგრძელებს მკვლევართა ახალგაზრდა თაობა. ინსტიტუტის სამი მეცნიერ-თანამშრომელი არის დოქტორანტი. ამათგან ერთმა უკვე დასაცავად წარადგინა დისერტაცია (გულიკო ფერაძე), ორი კი სწორედ ამჟამად ასრულებს მუშაობას დისერტაციაზე (დავით მაისურაძე და ჟირონ ხუჯაძე).

ინსტიტუტის ბაზაზე მომზადდა მასშტაბური ინტერდისციპლინური საგრანტო პროექტი და წარდგენილ იქნა რუსთაველის სამეცნიერო ფონდში ფუნდამენტური კვლევისთვის გრანტის მოსაპოვებლად. პროექტში გაერთიანებულია სამართლისმცოდნეობისა და ლიტერატურისმცოდნეობის პერსპექტივები (ცნობილი მიმდინარეობის – „სამართალი და ლიტერატურა“ – კანონიკის დაცვით) და მიზნად ისახავს ოთხ კლასიკურ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებში ჩამოყალიბებული სოციალურ-პოლიტიკური და იურიდიული პრობლემატიკის ანალიზს, მართლშეგნებისა და სამართლებრივი ცნობიერების ტრანსფორმაციის შესწავლას მხატვრული ლიტერატურის წყაროებზე დაყრდნობით.

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, ინსტიტუტში მომზადდა და წელს დაიბეჭდება მისი დამფუძნებლის, თინათინ წერეთლის სამეცნიერო ბიბლიოგრაფია.

Facebook
Twitter
LinkedIn