ქიმია, რომელიც ფერებით გვესაუბრება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულმა შემეცნებით-გასართობმა ღონისძიებამ – „ფერადი და სახალისო ქიმია“ – სკოლის მოსწავლეებს მეცნიერების აღმოჩენის, ექსპერიმენტებში მონაწილეობისა და ყოველდღიური მოვლენების ქიმიური ახსნის შესაძლებლობა მისცა.
როგორ შეიძლება ქიმია ერთდროულად საინტერესო, ფერადი და სახალისო იყოს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 26 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდა 21 სკოლა თბილისიდან, ხაშურიდან, გარდაბნიდან და კასპიდან. სტუმრებს შორის იყვნენ ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების მსმენელები და 34-ე საჯარო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების ერთობლივი ღონისძიების მიზანი ქიმიის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში სამეცნიერო კვლევისადმი ინტერესის გაღვივება და იმის ჩვენება იყო, თუ რამდენად მჭიდროდ უკავშირდება ეს მეცნიერება ყოველდღიურ ცხოვრებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დედამიწის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ეკოსისტემის გაჯანსაღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.

ღონისძიების მონაწილეებს თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა. მან ახალგაზრდებისთვის მეცნიერების პოპულარიზაციის, შემეცნებითი აქტივობებისა და კვლევითი ინტერესის გაღვივების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გახდნენ აღმოჩენის პროცესის მონაწილეები, დასვან კითხვები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და დაინახონ, რამდენად საინტერესოა მეცნიერება და რამდენად მჭიდროდ უკავშირდება ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

ღონისძიებაზე თსუ-ის სტუდენტებმა და პროფესორებმა მოსწავლეებს საინტერესო ექსპერიმენტები, კვლევითი პროექტები და აღმოჩენები წარუდგინეს. მონაწილეებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა: შეავსეს ქიმიური რებუსები და კროსვორდები, ხოლო მათ მიერ ქიმიის თემატიკაზე შექმნილი ნახატები შესაფასებლად მხატვრებს გადაეცემათ.
ფერადმა ცდებმა და შემეცნებითმა აქტივობებმა მოსწავლეებს მეცნიერების პრაქტიკულად გაცნობის შესაძლებლობა მისცა. ისინი თავად ჩაერთნენ ექსპერიმენტებში, გაეცნენ მარტივ ქიმიურ რეაქციებს და საკუთარი გამოცდილებით აღმოაჩინეს, რომ მეცნიერების შესწავლა შეიძლება სახალისო და შთამბეჭდავი იყოს.

ასეთი შეხვედრები ქიმიას, როგირც მეცნიერებას, სასკოლო სახელმძღვანელოების ფარგლებს მიღმა წარმოაჩენს. როდესაც მოსწავლე საკუთარი თვალით ხედავს ნივთიერების ცვლილებას, მონაწილეობს ცდაში და ცდილობს, ახსნას მიღებული შედეგი, თეორიული ცოდნა მისთვის უფრო გასაგები ხდება. ყოველდღიური მოვლენების მეცნიერული ახსნა კი დაკვირვების, კითხვების დასმისა და კვლევითი აზროვნების უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ღონისძიების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ქიმიის დოქტორი ელიზა მარქარაშვილი მიიჩნევს, რომ ქიმიისადმი ინტერესის გაღვივებისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებმა მეცნიერება ადრეული ასაკიდან აღმოაჩინონ არა მხოლოდ როგორც სასწავლო საგანი, არამედ როგორც გარემომცველი სამყაროს შეცნობის საშუალება. მისი თქმით, ფერადი და სახალისო ექსპერიმენტები ამ პროცესს უფრო მიმზიდველს ხდის და მოსწავლეებს კვლევისკენ უბიძგებს: „ქიმია საკმაოდ მრავალმხრივი მეცნიერებაა. ის შეიძლება იყოს გასართობი და საინტერესო განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებსაც, როგორც წესი, აქვთ ცოცხალი მკითხველის გონება და რომელთაც სურთ შეისწავლონ ყველაფერი მსოფლიოში. საბუნებიმეტყველო მეცნიერებების და განსაკუთრებით ქიმიისადმი სიყვარულის ჩანერგვის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ყველაფერი ნათლად და ფერად წარმოვაჩინოთ, რადგან მხოლოდ ამ გზით შეეცდება ბავშვების გონება – გაიგოს ამ თუ იმ ექსპერიმენტის მიღმა დამალული საიდუმლოებები. ქიმია საინტერესოა იმით, რომ ის საშუალებას გვაძლევს, ვასწავლოთ ბავშვს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაერთები და ნივთიერებები, რომლებიც მას ძალიან მცირე ასაკიდან ყოველდღიურად აკრავს გარს. ამრიგად, შემოთავაზებული მარტივი ექსპერიმენტების ჩატარება საშუალებას მისცემს ბავშვს არა მხოლოდ ისწავლოს ბევრი რამ ამ ნივთიერებების და ნაერთების შესახებ, არამედ ისწავლოს – როგორ დაიცვას თავი გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში. უმჯობესია გადავხედოთ იმ ექსპერიმენტებს, რომლებიც არ საჭიროებს დამატებით მომზადებას და რომლებიც არ საჭიროებენ კომპლექსური რეაგენტების გამოყენებას. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ქიმიის შესწავლისადმი ასეთი ყოვლისმომცველი და საინტერესო მიდგომა ერთგვარი აღმოჩენა ხდება, რადგან ის საშუალებას აძლევს არა მხოლოდ პროგრამის თეორიული ნაწილის შესწავლას, არამედ მოქმედებაში ნახოს მრავალფეროვანი საინტერესო ქიმიური პროცესები და ფენომენები, რომლებიც არც თუ ისე იშვიათია. ქიმიის შესწავლაში დიდ როლს ასრულებს ქიმიური ექსპერიმენტი, თუმცა მხოლოდ სასკოლო ექსპერიმენტები არ იძლევა სასურველ შედეგს, მიზანშეწონილია სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებაც. ეს ექსპერიმენტები განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის უკეთ გააზრებას, განმტკიცებას და ექსპერიმენტული უნარების განვითარებას. სახალისო ექსპერიმენტის გზით მოსწავლე ითავისებს ქიმიური რეაქციის ცნებას, სწავლობს ნივთიერებათა თვისებებსა და ყოფა-ცხოვრებაში მათ გამოყენებას. საექსპერიმენტო თემის შერჩევისას კი გასათვალისწინებელია მისი თვალსაჩინოებითი მხარე, რადგან ინფორმაციას ადამიანი თვალით აღიქვამს. როცა ქიმიურ ექსპერიმენტს თან ახლავს ვიზუალური ეფექტები, ის უფრო ადვილად ამახსოვრდება ბავშვს. ამასთან, ასეთი ეფექტები ცდის ჩატარების სისწორის ინდიკატორიცაა“, – აღნიშნა ელზა მარქარაშვილმა.

ღონისძიებაზე „ფერადი და სახალისო ქიმიის“ მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ აკადემიკოსებს: რამაზ გახოკიძესა და ბეჟან ჭანკვეტაძეს; ფიზიკა-მათემატიკის დოქტორს, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორ თეიმურაზ ნადარეიშვილს; ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელ ია გოდერძიშვილს; ბავშვთა მუსიკალურ-შემოქმედებითი სტუდია „ბომბორას“ სამხატვრო ხელმძღვანელ ლია ხორბალაძეს; მომღერალ გია ღარიშვილს; პედაგოგსა და მომღერალ ნინო ბერიანიძეს; ბაქსვუდის სკოლის პედაგოგ ხათუნა ნოზაძეს; შალვა ბედოიძის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო სამხარაულს; კასპის სკოლა-გიმნაზიის დამფუძნებელსა და დირექტორ ბესიკ ნიპარიშვილს., სტუდენტებს: მიხეილ ბედოშვილს, მიხეილ სამხარაძეს, გიორგი ტატიშვილს, ნინო ბენდელიანს, ანა გაბედავასა და თიკა ფიფიას.

ღონისძიებას სპონსორობა გაუწიეს და მონაწილეებისთვის საჩუქრები გამოგზავნეს კომპანია „ავერსი-რაციონალმა“, წილკნის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანიის ჯგუფმა და კომპანია „არომატეკა ჯეორჯიამ“ (დირექტორია ქეთევან კერესელიძე). ორგანიზატორებმა მადლობას გადაუხადეს ყველა მხარდამჭერს ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ფერადი და სახალისო ქიმია“ მოსწავლეებისთვის მეცნიერების აღმოჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო. შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ქიმიისადმი ინტერესი შეიძლება ერთი ფერადი ექსპერიმენტით, ახალი კითხვითა და სამყაროს შეცნობის სურვილით დაიწყოს.
