ქეთი სარდლიშვილი ამსტერდამისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების ერთობლივ სადოქტორო კვლევით პროექტში ჩაერთვება
თანამედროვე მეცნიერებაში ადამიანის ემოციური და კოგნიტური განვითარების შესწავლა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური მიმართულებაა. შემოდგომიდან სწორედ ამ განხრით იწყებს ამსტერდამის უნივერსიტეტის (UvA) სადოქტორო პროგრამაზე სწავლას თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ქეთი სარდლიშვილი. მან მაღალკონკურენტულ გარემოში, სადაც პროგრამაზე მხოლოდ ერთი ადგილი იყო გამოყოფილი, ასობით კანდიდატს შორის შეძლო ამ პოზიციის მოპოვება და ევროპის კვლევითი საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
ახალგაზრდა მეცნიერმა მის სამომავლო პროექტზე, განვლილ აკადემიურ გზასა და თსუ-ში მიღებულ გამოცდილებაზე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” ისაუბრა.
კვლევა ადამიანის ემოციებზე და ოქსფორდთან თანამშრომლობა
ქეთი სარდლიშვილის სადოქტორო პროგრამა, სახელწოდებით „EMODEV – The Emergence of Distinct Emotions in Human Development“ (,,სხვადასხვა ემოციის წარმოქმნა ადამიანების განვითარებისას”), ოთხწლიანია და მიზნად ისახავს ემოციური განვითარების ფუნდამენტური საკითხების შესწავლას.
,,პროექტი იკვლევს დაახლოებით 9 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა ემოციის, მათ შორის აღტაცების, ინტერესის, შურის, წყენის, აღელვებისა და სხვა ემოციების წარმოქმნასა და განვითარებას. კვლევის მთავარი კითხვებია: როგორ გამოიხატება ეს ემოციები ადრეულ ასაკში, რა კოგნიტური უნარებია საჭირო მათი ჩამოყალიბებისთვის, რა გარემო და სოციალური ფაქტორები მოქმედებს მათ განვითარებაზე და რა როლი აქვთ მათ ბავშვის ქცევის ფორმირებაში,“ – აღნიშნავს ქეთი.
მისივე თქმით, კვლევა განხორციელდება ამსტერდამის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებთან თანამშრომლობით, რაც ოქსფორდში კვლევით ვიზიტებსაც გულისხმობს. პროექტი მულტიმოდალურ მონაცემებს დაეყრდნობა – ემოციების სრულყოფილად შესასწავლად მკვლევრები ერთდროულად დააკვირდებიან ბავშვების მიმიკებს, ხმას, სხეულის პოზებს, ქცევით რეაქციებსა და ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს.
საინტერესოა, რომ კვლევა მხოლოდ ტრადიციული ლაბორატორიის ბაზაზე არ ჩატარდება და შემუშავდება სპეციალური თამაშები და აქტივობები ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებული პირობებისთვის.
,,აქამდე ემოციების კვლევის დიდი ნაწილი ძირითადად ფოკუსირებული იყო ზრდასრულ ადამიანებზე ან ე.წ. საბაზისო ემოციებზე, როგორიცაა შიში, სიხარული, ბრაზი და სევდა. EMODEV სცდება ამ მიდგომას და ცდილობს გაიგოს, როგორ ჩნდება და დიფერენცირდება მრავალფეროვანი ემოციები ადამიანის განვითარების პირველ წლებში. მაგალითად, ერთ-ერთი საინტერესო კითხვაა – როდის სწავლობს ადამიანი ისეთი ემოციების ერთმანეთისგან გარჩევას, როგორიცაა ინტერესი, აღტაცება, სიხარული, შური, წყენა ან მორალური აღმავლობა,” – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
განვლილი გზა: თსუ–დან ერასმუსის უნივერსიტეტამდე
ქეთის აკადემიური გზა თსუ-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით დაიწყო. სწორედ აქ ,,გაუღვივდა სიყვარული და პატივისცემა” ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების მიმართ. შემდგომ სწავლა ერასმუსის როტერდამის უნივერსიტეტში, კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა, სადაც ერასმუსის ლაბორატორიაში მუშაობისას ფსიქოფიზიოლოგიური მეთოდები (EEG, ECG, EDA) და კომპლექსური მონაცემების სტატისტიკური ანალიზი შეისწავლა. ის ასევე შეირჩა ერასმუსის უნივერსიტეტის „Advanced Research Program“-ში, რომელმაც სტუდენტი სადოქტორო საქმიანობისთვის მოამზადა.
როგორც თავად იხსენებს, საბაკალავრო საფეხურზე თსუ-ში მიღებულმა ცოდნამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის პროფესიულ განვითარებაში: „სწორედ თსუ-ში სწავლის პერიოდში მივხვდი, რომ ფსიქოლოგია არ არის მხოლოდ ადამიანების ქცევისა და ემოციების ინტუიციური ახსნა – ეს არის მეცნიერება, რომელიც მოითხოვს მკაცრ მეთოდოლოგიას, კრიტიკულ აზროვნებასა და ობიექტურ მიდგომას. საკმაოდ მაღალ დონეზე ვისწავლეთ სტატისტიკური მეთოდები და სიღრმისეული კვლევისთვის საჭირო პროგრამები, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნებში ფსიქოლოგიის სფეროში წარმატების მისაღწევად“.
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში ქეთი სარდლიშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა თავისი საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელის, პროფესორ ხათუნა მარწყვიშვილის მიმართ, რომელმაც, ჩვენი რესპონდენტის თქმით, არა მხოლოდ კვლევის ტექნიკური მხარე ასწავლა, არამედ აჩვენა, რას ნიშნავს მეცნიერული კეთილსინდისიერება, აკადემიური პასუხისმგებლობა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.
,,პროფესორ ხათუნა მარწყვიშვილის მხარდაჭერითა და მენტორობით, ჩემი საბაკალავრო ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში იბეჭდება, რაც ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მკვლევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა საბაკალავრო ნაშრომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. დღესაც ერთად ვმუშაობთ კვლევით პროექტებზე, საერთაშორისო კონფერენციებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებზე, რაც ჩემთვის ძალიან ღირებული პროფესიული გამოცდილებაა”, – აღნიშნა ახალგაზრდა მკვლევარმა.
ქეთის ვკითხეთ, თუ რას ურჩევდა თსუ-ს ამჟამინდელ სტუდენტებს, რომლებსაც დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში სურთ სწავლის გაგრძელება. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია კვლევის მეთოდებისა და სტატისტიკური ანალიზის სიღრმისეული შესწავლა, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვისა და მონაცემთა ანალიზის უნარი ფასდება. გარდა ამისა, იგი ახალგაზრდებს ურჩევს, აქტიურად დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება საუნივერსიტეტო სივრცის მიღმა, იპოვონ საკუთარი რეალური ინტერესის სფერო და ითანამშრომლონ გამოცდილ მენტორებთან, რომლებიც მათ საერთაშორისო სტანდარტების ათვისებაში დაეხმარებიან.
ქეთი სარდლიშვილი უკვე ამ შემოდგომიდან შეუდგება თავის სადოქტორო კვლევას ამსტერდამისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მკვლევრების ხელმძღვანელობით. მისი განვლილი გზა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ დაუღალავი შრომის შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის მსოფლიო მეცნიერების სიმაღლეები აბსოლუტურად ხელმისაწვდომია.
